ხორცები რომ დამაგლიჯოთ, რანაირი შეურაცხყოფაც არ უნდა მომაყენოთ, ჩემი ხედვა ქართული პოლიტიკური კლასის შესახებ ასეთი იყო და ასეთად დარჩება – ლევან ლორთქიფანიძე

1109
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის პოსტი:

“დიახ! მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მართვის სადავეები მეტწილად ხელთ უპყრიათ ძალაუფლებაზე უზომოდ შეყვარებულ იდიოტებს, რომელთაც არანაირი მიზანი, იდეალი, ღირებულება, ხედვა არ გააჩნიათ და მხოლოდ საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნება სურთ.

დიახ! “ქართულ ოცნებას” არც არჩევნების გაყალბების დროს აუკანკალდებოდა ხელი და არაპროპორციული ძალის გამოყენების ცდუნებასაც ადვილად შეიძლება აჰყვეს ნებისმიერ დროს. დიახ! ბრბოს შეჩერება წყლის ჭავლის, გაზის გაშვების, ტყვიების სროლის გარეშეც არის შესაძლებელი (მაგალითად, მილიონნაირი, მრავალნაირი საპოლიციო ბარიკადის ნახვა შეგიძლიათ პროტესტის შესახებ გადაღებულ დოკ.ფილმებსა თუ რეპორტაჟებში).

დიახ! ყველა მღელვარების დროს ინტელექტის გიგანტ გომელაურს, კობახიძესა და ივანიშვილის სხვა დაქვემდებარებულ პირებს ამის შეხსენება სჭირდებათ, რათა დემონსტრანტთა პირველივე მოახლოებისას შიშით საშინელებები არ დაატრიალონ.

დიახ! ქართულ ოპოზიციას, მის დაქვემდებარებაში მყოფ, შვილობილ ორგანიზაცია “სირცხვილიას” სათავეში უდგანან პროვოკატორები. მოთავეთა მიზანი არ არის სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი სახელმწიფო. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – ხელისუფლებაში მოიყვანონ კოალიციური მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით.

მათ შეუძლიათ ადამიანების გაუბედურებას, მსხვერპლად შეწირვას მოაწერონ ხელი, რათა ამ მიზანს მიაღწიონ.
დიახ! ივანიშვილის სააკაშვილით ჩანაცვლება ცვლილებად, პროგრესად არ მიმაჩნია. ქუჩის ოპოზიციონერთა, უტიფარი და მატყუარა პოლიტიკოსების აღზევება ქვეყნისთვის შვებად არ მიმაჩნია, ტიმურ ალასანიას და გუბოზბაშის სცენარში არ ჩავეწერები!

დიახ! არასდროს აუდიტორია 115-ის აქციების დროს ჩვენი ქმედებებით დემონსტრანტების დასახიჩრების, მრავალწლიანი პატიმრობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების რისკი არ შეგვიქმნია. ჯარიმებიც ერთეულებს ეკისრებოდათ და ვცდილობდით ჩვენი კამპანიებით გადაგვეხადა.

ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენზე ზემოქმედებას ცდილობდა დანა-სისხლად მყავს გადაკიდებული იმ პერიოდიდან, აქტივისტები მძიმე ბრალდებებით აძევებდნენ ხოლმე მათ ხან კამერების წინ, ხან მოწოდებებით, ხან ისე და ხან ასე… ჩვენი პროტესტის დროს ქვეყანაში ყოველდღიურად 3000 ადამიანი არ ავადდებოდა აქამდე არნახული, ბოლომდე შეუსწავლელი ვირუსული ინფექციით.

დიახ! ვისაც ბოლო ერთ კვირაში რომელიმე მიყრუებული ევროპული ქალაქის ან სოფლის გაზეთის პირველი გვერდისთვის მაინც შეუხედავს, იცის რა რეგულაციები მოქმედებს დასავლეთში. მობილობის შეზღუდვა არის აპრობირებული მეთოდი გავრცელების მასშტაბების თუნდაც მინიმალური შემცირებისათვის (არავინ ამბობს რომ ამ მეთოდით ყველა პრობლემა მოგვარდება).

დიახ, ვემხრობი რეგულაციებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს აძლევს დღეს, ამ წუთას ის ხელს – იდიოტებს თუ პროვოკატორებს.

ჩემი ამ პოზიციების გამო, ბოლო ორი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებებით დამბომბეს. იდიოტების მხარდამჭერებმა მითხრეს, რომ ვარ უზრდელი, რომელსაც არასდროს არაფერი გამიკეთებია; ვსაუბრობ ოპოზიციური მედიის ფრაზებით, ვავრცელებ ყალბ ცნობებს (ფეიკ ნიუსს). პროვოკატორების მხარდამჭერებმა სუს-ის აგენტი ხარ და უნდა გრცხვენოდესო.

ხორცები რომ დამაგლიჯოთ, რანაირი შეურაცხყოფაც არ უნდა მომაყენოთ, ჩემი ხედვა ქართული პოლიტიკური კლასის შესახებ ასეთი იყო და ასეთად დარჩება!

ქვეყანა ალყაშია! გადაითვალეთ ყველაფერი, სადაც საჭიროა ჩაატარეთ განმეორებითი კენჭისყრა და შებრძანდით პარლამენტში! მალე თქვენი დემონსტრაციების მონაწილეებიც მიხვდებიან რა საზიზღრობებს აკეთებთ.”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?