ირაკლი კობახიძის განცხადება

351
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

“პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას.

ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე.

აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE