“დკეც”-ს თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

310
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კორონავირუსით, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე.

უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19 ით, დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, მეგობარი, კოლეგა, დედა, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე.

ლიანა შეყილაძე დაიბადა 1958 წლის 27 ივნისს, ქ. ქუთაისში. სკოლისა და მუსიკალური ათწლედის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენურ ფაკულტეტზე განაგრძო. ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, მუშაობა განაწილებით ბაღდათის სანეპიდსადგურში დაიწყო (1982-1987წ.). იგი ასევე მუშაობდა ბაღდათის რაიონში, კურორტ საირმის და ქ. ქუთაისში, ტურბაზის ექიმ თერაპევტად.

გამორჩეული და სანიმუშო მუშაობის გამო, 1987 წელს, იგი ქუთაისის სანეპიდსადგურში სამუშაოდ მიიწვიეს. ლია თავისი მაღალკვალიფიციური საქმიანობით ხშირად იმსახურებდა ქებას და მადლობას ამ დარგის კორიფეებიდან და სულ მოკლე დროში, მისი ცოდნის, შრომისმოყვარეობის და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო დაინიშნა ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგედ. სისტემის რეორგანიზაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგაც იგი წარმატებით განაგრძობდა ეპიდემილოგიურ განყოფილების ხელმძღვანელობას.

ლიანა შეყილაძემ თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით დიდი წვლილი შეიტანა ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებაში. მისი დამსახურება იყო ეპიდზედამხედველობის პილოტური პროგრამის პირველად იმერეთში და შემდეგ მთელ საქართველოში წარმატებით დანერგვა. ასევე დიდი როლი შეასრულა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული პროგრამის (EIDSS) შექმნის პროცესში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კვლევაში, ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში, რეკომენდაციების შემუშავებაში, საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მეთოდური მითითებების სახელმძვანელოს შექმნაში.

მას უყვარდა მისი პროფესია და არასდროს უღალტნია მისთვის. თუნადაც მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო მრავალი სისტემა განიცდიდა რღვევას და ჩამოშლას, იგი ჩვეული ენთუზიაზმით (უხელფასოდ და ყველასთვის მძიმე სოციალურ პირობებში) განაგრძობდა მუშაობას და დარგის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. კოვიდ -19-ის პანდემიის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაავადების პირველ დღეებშიც აგრძელებდა მისი მოვალეობის შესრულებას. იგი იყო პატრიოტი თავისი ქვეყნის.

ლია იყო მეგობრული, გულისხმიერი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, სხვისი ლხინისა და ვარამის გამზიარებელი, ყველას დამხმარე და ხელშემწყობი. ყოველთვის მის მოვალეობად მიაჩნდა მეგობრებზე, კოლეგებზე, ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა. მასთან მუშაობა იყო კომფორტული, ცოდნისა და გამოცდილების შემძენი. მისი პროფესიული საქმიანობიდან და პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე ყოველთვის პატივისცემას, სიყვარულს და მოწიწებას იმსახურებდა.

მან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად მარტომ, ორი საუკეთესო და სამაგალითო შვილი აღუზარდა ქვეყანას. უსაზღვროა მისი არ ყოფნით გამოწვეული სევდა. ჯერ ხომ კიდევ რამდენის გაკეთება შეეძლო” – წერია ტექსტში, რომელიც დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

თქვენი კომენტარი?