ლევან ზურაბაშვილის აქტი – კი, ფორმით გასაკიცხი და არასწორი, მაგრამ მაინც აქტი იყო – სალომე ასათიანი

648
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ სალომე ასათიანის პოსტი სოციალურ ქსელში:

ლევან ზურაბაშვილის აქტი – კი, ფორმით გასაკიცხი და არასწორი, მაგრამ მაინც აქტი – იყო ქვეყნის საინფორმაციო ველში იმ რეალობის მორიგი შემოჭრა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის ყოველდღიური სასოწარკვეთის წყაროა, მაგრამ, პარადოქსულად, თითქმის არასოდეს ექცევა პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ დღის წესრიგში.

მავანმა რაც უნდა თქვას, ფაქტია, რომ ამ ამბით ეს დღის წესრიგი თუ არ გაირღვა, შეჯანჯღარდა მაინც, და ჩვენში კაზინოს ბიზნესების და ბანკების მტაცებლური ბუნება, თუ სახელმწიფოს მიერ განწირული, წამლების კატასტროფულ ფასებს შეტოვებული პენსიონერების მდგომარეობა ცოტა ხნით მაინც აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.

სიბრაზის და სასოწარკვეთის ამგვარი ამოფრქვევები – ზოგჯერ ვულგარული, დესტრუქციული, ან თვითდესტრუქციული ფორმით – აქამდეც გვინახავს. ასეთი იყო საპოლიციო სისასტიკით ბიძგმიცემული, სპონტანურად დაწყებული არეულობა და გამოსვლები რამდენიმე წლის წინ ბათუმში, ასეთი იყო ჭიათურელი გაფიცული მაღაროელების მიერ სასოწარკვეთისგან პირების გაკერვა, ასეთი იყო დემურ სტურუას „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“, ასეთი იყო ოცნების პირობებში ნაცმოს პერიოდის სადისტი გამომძიებლის ხელში აღმოჩენილი ლუკა სირაძის თვითმკვლელობა, 2010 წელს დევნილი ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის აქტი (“ბენზინი ხომ იშოვა?”..) და კიდევ ასეულობით მსგავსი სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. ამ პროტესტს არ აქვს და ვერც ექნება მწყობრი „ენა“, პროგრამა ან დახვეწილი ფორმა.

დახვეწილი (ნუ მეტნაკლებად) ენებით ვინც მეტყველებენ პოლიტიკური ასპარეზიდან თუ ტელევიზორებიდან, ისინი ამ პრობლემებს თითქმის არასოდეს ეხებიან – რადგან ძალაუფლების „ღერძებს“ არც კაზინოებით გამდიდრებულების კრიტიკა აწყობთ, არც ბანკების, არც წამლების ბიზნესების. წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებებისთვის და მათი დამქაშებისთვის სიტყვათშეხამება „სახელმწიფო შედგა“ დღესაც რეპრესიული და სადამსჯელო აპარატების ამოქმედებას ნიშნავს უწინარესად და არა სოციალურ სასოწარკვეთასთან ბრძოლას. (ამაზე გიორგი მაისურაძემ დაწერა ყველაზე კარგად თავის წიგნში „სხვა ენა“, რომლის წაკითხვასაც ყველას ძალიან გირჩევთ. ან „ასათიანის კუთხის“ ეპიზოდის მოსმენას მაინც ამ წიგნის შესახებ).

„ხიდჩატეხილობაც“ მგონი ზუსტად ამას ქვია. პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი ძალაუფლების მქონე ჯგუფები ერთ რეალობაში არიან – კიარადა ვართ, ალბათ მეც აქ ვარ და ჩემზეც არის ეს სტატუსი. მოქალაქეების უმრავლესობა კი უხმოდ და უუფლებოდ რჩება თავის სასოწარკვეთაში – რომელიც დროდადრო ასეთი ამოფრქვევებით შეგვახსენებს ხოლმე თავს და მერე ისევ ქრება ჩვენი ველიდან. და აქედან უნდა გავაღწიოთ როგორმე. სხვა გზა და გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს.”- წერს სალომე ასათიანი.

თქვენი კომენტარი?