MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

“კონსერვატიული პარტიის”თავმჯდომარე  და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად ძიძიგური, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრს უმრავლესობიდან, ელისო ბოლქვაძეს პასუხობს:

“ქართულ პოლიტიკაში იშვიათია ოპონენტი შეურაცხმყოფელი თავდასხმის გარეშე კულტურულად გამოხატავდეს თავის აზრს, ამიტომ თავიდანვე მინდა გითხრათ მადლობა ასეთი სტილისა თუ ტონალობისათვის.

რაც შეეხება ძირითად საკითხებს – 30 წლის წინანდელი ღიმილისმომგვრელი აქციიდან დავიწყებ, ზვიად გამსახურდიამ და მისმა „მრგვალმა მაგიდამ“ სამტრედიის საპროტესტო აქცია მრავალპარტიული და პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოაწყეს – დიახ, პროპორციული და გამარჯვებაც მოიპოვეს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება იყო მაშინდელი მთავარი ოპოზიციური ძალის – „მრგვალი მაგიდის“ და აქტიური გამოხმაურება ჰქონდა დასავლეთის პრესაშიც, როგორც უპრეცედენტოდ გონივრული პოლიტიკური გეგმისა, რომელსაც საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოჰყვა.

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, გეტყოდით, რომ დღეს ქილიკით და ღიმილით სამტრედიის აქციაზე ძირითადად ისინი ლაპარაკობენ, რომლებიც მაშინ ზვიად გამსახურდიას კრიჭაში ედგნენ და საბოლოოდ ეს კრიჭაში დგომა სამხედრო გადატრიალებით დამთავრდა. თქვენი არც ახლანდელი და არც მაშინდელი პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის, უბრალოდ ცნობისთვის, სამტრედიის აქცია პროპორციული, მრავალპარტიული არჩევნების მოთხოვნით გაიმართა.

30 წლის შემდეგ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ზარ-ზეიმით გამოაცხადა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება, ამას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა არამარტო ჩემთვის, იმიტომ რომ პროპორიული არჩევნების ჩაგდებას ე.წ „დეპუტატების ამბოხების“ გამო 12 დეპუტატის მხრიდან უმრავლესობის დატოვება მოჰყვა. თქვენ გჯერათ ქალბატონო ელისო დეპუტატების ამბოხების? როგორც თქვენი წერილის პათოსიდან ვხვდები — გჯერათ, მე კი არა!

თქვენ მეუბნებით 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყავით და ასე ცუდად იყო ყველაფერიო? თქვენთვისაც და ყველა დაინტერესებული პირისთვისაც მინდა ვთქვა 2012-2016 წლების მმართველობა კარდინალურად სხვა იყო და 2016-2020 წლის მმართველობა სხვა. 2012-2016 წლის პარლამენტი პოლიტიკური ინსტიტუტი იყო, სადაც აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია თვითონ „ქართული ოცნების“ შიგნით ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების წესი იყო, 2016-2020 წლის პარლამენტის მმართველ უმრავლესობას ასეთი პოლიტიკური ცხოვრება ნაკლებად ჰქონდა. 2016-2020 წლების მმართველობის სტილი გაცილებით ვერტიკალური გახდა, ანუ ყველაფრის გადაწყობა ერთ კაცზე – ბიძინა ივანიშვილზე მოხდა და რა არის გასაკვირი იმაში, რომ ყველაფერზე ამ ქვეყანაში, პოზიტიურზეც და ნეგატიურზეც ბიძინა ივანიშვილისკენ გაიშვირონ ხელი.

თქვენ აცხადებთ, რომ მმართველობის ის სტილი მოგწონთ, რომელიც არის დღეს „ქართულ ოცნებაში“. მოგეწონათ, როცა მთავარი პროკურორის პოსტზე ისევ შოთაძე დაბრუნდა? ეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ? თქვენ შეიძლება გჯერათ, მე არა.

პოლიტიკურად, სამართლებრივად ან მორალურად გამართლებული იყო, როდესაც ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე შალვა თადუმაძემ გამოიტანა განაჩენი, რომელიც თავის დროზე, პროკურორმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა სასამართლოს? შეიძლება თქვენთვის ეს მოსაწონია, ჩემთვის არა! 2020 წლის არჩევნებზე და კონსერვატორების მიერ ნულოვანი ბიუჯეტით აღებულ 0.16 პროცენტზე ირონიულად საუბრობთ.

იცით, რამდენი თანხა დახარჯა ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე? თქვენი აზრით, ახდენდა თუ არა გავლენას „სუსი“ არჩევნების პროცესზე? კრიმინალური ავტორიტეტები თქვენი აზრით, მონაწილეობდნენ რაიმე ფორმით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში? გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების მოსაგებად? თქვენ, როგორც დეპუტატი დაინტერესდებით, რომ ისევე ინტენსიურად გაგრძელდეს დავით გარეჯის საქმის გამოძიება, როგორც ეს გაგანია საარჩევნო კამპანიის დროს მიდიოდა?

თქვენ კითხულობთ – 30 წლის განმავლობაში ნუთუ წინ არ წავედითო? ასეთი ტიპის კითხვები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე აქტუალური იყო ყველა წინა ხელისუფლების პირობებში, თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდიას დროინდელ ხანმოკლე მმართველობას.

წარმატებები ქალბატონო ელისო! გისურვებთ პოლიტიკაშიც ისეთივე წარმატება მიგეღწიოთ, როგორსაც ხელოვნებაში მიაღწიეთ…

P.S. –  ბოდიშს გიხდით ამ მოსაზრებისთვის, მაგრამ თქვენი „ფეისბუქ პოსტი“ არა მგონია მხოლოდ თქვენი ინიციატივა იყოს. ტელეკომპანია „იმედი“ სიუჟეტებს მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის არ აკეთებს. ესეც მმართველობის სტილია, რომელიც თქვენ შეიძლება მოგწონდეთ, მე კი არა.”- წერს ზვიად ძიძიგური საპასუხო წერილში.

ამ თემაზე:

შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა? – ელისო ბოლქვაძის პასუხი ზვიად ძიძიგურს

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER