“რესპუბლიკური პარტია” განცხადებას ავრცელებს

916
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, “ქართული ოცნების” მიერ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროეტს ეხმიანება:

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონის პროექტი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის გაუქმების მიზნით, არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელება.

ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და მას არ ექნება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ლეგიტიმაცია.

შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი “ქართული ოცნება” ნაცვლად კომპრომისების ძიებისა, აგრეძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, ამჯერად კანონმდებლობის ცვლილების გზით.

პოლიტიკური თვითნებობის, დევნის და უკანონობის მკაფიო დადასტურებაა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გაჟღერებული გეგმა, მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე (პოლიტიკური პარტიების თავისუფლება)  და მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლება). საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შექმნან და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც თვითონვე აფინანსებენ, როგორც შემოწირულობის, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების სახით, მათ მიერ მიცემული ხმების შესაბამისად (საქართველოს კანონი “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 30).

დემოკრატიული პროცესი არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მხოლოდ პარლამენტში საქმიანობას და აღნიშნული საკითხის ასე ვიწროდ განმარტება მიზნად ისახავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნას და არა რეალური დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ამომრჩეველთა მოთხოვის საფუძველზე, არჩევნების გაყალბების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის კანონიერ პროცესს.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, უარი თქვას წარმოდგენილ ინიციატივაზე, უარი თქვას არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრამავებაზე, რადგან მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ვალდებულებაა და ტვირთია მონახოს კომპრომისი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც არ არის მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, მაგრამ სურს საქართველოს წინსვლა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?