MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

20 დეკემბერს ჩვენ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ორმა წევრმა, ნინო კაკულიამ და მანუჩარ პირველმა დატოვეს. თუმცა, როგორც კაკულიამ დღევანდელ განცხადებაში დააზუსტა, მას ქარტია არ დაუტოვებია და აპირებს დატოვოს სარევიზიო კომისიის წევრის თანამდებობა.

“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მე ჟურნალისტური ეთიკის საბჭო არ დამიტოვებია. მე ვაპირებ დავტოვო სარევიზიო კომისია. ქარტიის საერთო კრებაზე ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, ვინც დასვა საკითხი, რომ თუკი ნინო კაკულიას ჰყავს თანამოაზრეები, მოგვმართოს და განვიხილოთ საერთო კრებაზე მისი წინადადება სარევიზიო კომისიისთვის ახალი ფუნქციის შეძენის თვალსაზრისითო.

ამიტომ ვაპირებ მივმართო საბჭოს ჩემი რეკომენდაციით – მხოლოდ საფინანსო საქმიანობის რევიზიას რომ არ უნდა ახდენდეს სარევიზიო კომისია. თუკი ამ გზამაც არ გაამართლა, მაშინ უბრალო წევრად დავრჩები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

დიახ, შეურაცხყოფაზე და სიძულვილის ენის დამკვიდრებაზე პასუხი უნდა მოგეთხოვოს!”- წერს ნინო კაკულია დამაზუსტებელ პოსტში.

რაც ეხება მანუჩარ პირველს, მან ნამდვილად დატოვა ქარტია და მიზეზებზეც ისაუბრა:

ამ განცხადების საფუძველზე ვტოვებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას.
ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის.

განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩური არეულობისაკენ.

დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“. დაუძახო ქალ პრეზიდენტს “ყლე” – არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა – ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად.”- წერს მანუჩარ პირველი.

აქვე წარმოგიდგენთ ნინო კაკულიას პირველ ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან 19 დეკემბერს გამოაქვეყნა:

ნინო კაკულია:

” მე, როგორც ამ ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრმა მინდა დავწერო განცხადება პოსტიდან წამოსვლაზე, რადგან სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და მეორე წევრმა არ გაიზიარეს ჩემი რეკომენდაციები.

ჩემი რეკომენდაციები გახლდათ შემდეგი:

1) სარევიზიო კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობებში მომავალში უნდა შედიოდეს ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმიანობის რევიზიაც, ანუ სარევიზიო კომისიას უნდა ქონდეს საბჭოს საქმიანობის (საქმეების განხილვის) ანალიზის, შეფასებებისა და დასკვნების გაკეთების ფუნქციაც.

ამ ახალი ვალდებულების საჭიროება იკვეთება სწორედ რომ ქარტიის საბჭოს მოქმედების პოლიტიკიდან. ვეყრდნობი რა საზოგადოებრივი აზრის გამოვლინებებს, როგორც ქარტიის წევრს არასაკმარისად მიმაჩნია ქარტიის საბჭოს გამოხმაურებები ქართულ მედია-გარემოში განვითარებულ პროცესებსა და კერძოდ, ეგრეთ წოდებული პარტიული ტელევიზიების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ, ცილისმწამებლურ და უკიდურესად შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

მაშინ, როდესაც უცხოელი დამკვირვებლები თუ ექსპერტებიც კი მიუთითებენ ამ ქვეყანაში პარტიული ტელევიზიების არაეთიკურ საქმიანობაზე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია არ უნდა წაუყრუებდეს ქვეყანაში ამ უსერიოზულეს პრობლემას. როდესაც ქარტია საუბრობს მედიაში თვითრეგულირების შეზღუდვის პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებულ შიშებზე, პარალელურად მას აქვს ვალდებულება – საჯარო განცხადებებით დაგმოს მავნე ტენდენციების გამოვლინებანი მედიაში.

სწორედ ამ ფუნქციების, ქარტიაში შემოსული საქმეების განხილვის შედეგების ანალიზისა და შეფასებების პოლიტიკური (წმინდა გაგებით) უფლება უნდა მიეცეს სარევიზიო კომისიას. ამ უფლების მინიჭებით (ამ კუთხით კონტროლის შემთხვევაში) ქარტიის მოქმედების პრინციპები უფრო დაბალანსებული იქნება და გამორიცხავს, რიგ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს კომისიის წევრთა სუბიექტივიზმს (საქმეების განხილვისას, მედია-გარემოში არსებულ პრობლემებზე განცხადების გაკეთებისას და ა.შ.).

2) ქარტიის სხვა წევრთა შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინების რევიზიასაც უნდა ახდენდეს სარევიზიო კომისია, რადგან ქარტიის წევრთა შორის ბევრი ღირსეული წინადადება თუ შენიშვნა გამოითქმის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება საზოგადოებრივ აზრს – გავრცელებულს ქარტიის საქმიანობაზე/შეფასებებზე. (მაქვს ინფორმაცია, რომ ქარტიის რამდენიმე წევრმა იმ მიზეზით დატოვა ქარტია, რომ მათ განცხადებებსა თუ შენიშვნებს ყურად არ იღებდა ქარტიის ხელმძღვანელობა და მისი ქარტიაში წევრობის აზრი ვერ დაინახა.)
როდესაც ამირჩიეს ამ პოზიციაზე და ფეისბუქში დავწერე ამის შესახებ, მეგობრებმა და სხვა ადამიანებმა გამომიცხადეს ნდობა და გამოთქვეს იმედი, რომ ქარტიაში რაღაც სეიცვლებოდა.

დღეს ვისმენ განმარტებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა. ქარტია თვლის, რომ ფეისბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს. და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება და იმედია გამიგებთ, მეგობრებო.“- წერს ნინო კაკულია.


ამ თემაზე :

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER