ეს ამბავი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯს ეხება, ისიც ვიცი, არც ბიძინაა ამხელა ტექსტის წამკითხავი, მით უმეტეს ჩემ გვერდზე – ლუბა ელიაშვილი

5710
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის პოსტი:

ახალი საქართველოს წინააღმდეგობებით და დაპირისპირებებით სავსე ისტორიის ერთი ეპიზოდი გამახსენდა და მინდა გაგიზიაროთ.

“ვიცი ბიძინას და მის ქოცნებას მაინც ვერაფერს გავაგებინებ, მაგრამ ეს ამბავი მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯს ეხება, დიდსულოვან და ნამდვილად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის კეთილშობილ უკანდახევას და მივიჩნიე, რომ ვინც ამ ტექსტის წაკითხვას არ დაიზარებს, მიხვდება რად გადავწყვიტე. მისი ახლა გამოქვეყნება.

გამოცდილ ჟურნალისტებს არაერთი მაგალითი გვახსოვს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ოდიოზურ პიროვნებად ქცევის. მათ შორის ჩვენი მონაწილეობითაც. დღეს ბიძინავიზიები მიხეილ სააკაშვილის ბნელი მხარის წარმოჩენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაშინდელი ტელევიზიები კი ასე ასლან აბაშიძეს გვიხატავდნენ.

მე მაშინ ასლან აბაშიძეს ცუდად ვიცნობდი და მასთან ინტერვიუც ერთადერთხელ ჩავწერე, როდესაც ჯერ კიდევ პირველი არხის კორესპონდენტი პრეზიდენტ შევარდნაძისა და მისი დელეგაციის ვიზიტის გასაშუქებლად ჩავედი ბათუმში და უკან დაბრუნებისას, აჭარის ავტონომიის მაშინდელ პირველ პირს აეროპორტში ვკითხე, რას მიიჩნევდა იგი თავის ძირითად ფუნქციად და მისგან მაშინვა საყვედური მივიღე, რომ თბილისიდან ჩასული ჟურნალისტები, სულ ცდილობენ რამე უარყოფითი თქვან მასზე.

მერე, როდესაც იბერიის საინფორმაციოს უფროსი გავხდი, მაქსიმალურად ვერიდებოდი მისი ინტერვიუს ან რამე სხვა აქტივობის ჩვენს ეთერში გაშუქებას.

“იბერია”-ს იმ პერიოდში “ასლანის ტელევიზიის” იარლიყის მოკერებას გვიქადდნენ კონკურენტი ტელევიზიები და მეც, აბაშიძის ოდიოზურობის ფენომენით შეწუხებული. ყოველმხრივ ვცდილობდი არავის მოსჩვენებოდა, რომ იბერია, რომელიც ნამდვილად არასდროს კონტროლდებოდა აჭარის ხელმძღვანელის მიერ, ვინმეს მისად არ მიეჩნია.

ერთი კი იყო. მაშინდელი ვიზიტის დროს. ასლან აბაშიძემ დელეგაციის ყველა წევრს და ჟურნალისტებსაც მემედ აბაშიძის ღვაწლის შესახებ წიგნი გვაჩუქა. მე წიგნის ინფორმაცია სხვა წყაროებითაც გადავამოწმე და დავადგინე, რომ ილია ჭავჭავაძესთან ერთად ასლან აბაშიძის წინაპარს მართლაც დიდი ღვაწლი მიუძღვის სამშობლოს წიაღში დაბრუნებული აჭარის საქართველოს ნაწილად მენტალურად და სულიერად ქცევის საქმეში.

აჭარის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ერთ კვირა დღეს ტელეფონმა დარეკა ჩემთან გამარჯობა ასლან აბაშიძე ვარ მითხრა დამრეკავმა მეც მივესალმე

– სამშობლო ხომ გიყვარს მკითხა მან, რასაკვირველია,  ვუპასუხე.
– მაშინ იცოდე, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ავტონომიის ადმინისტრაციულ საზღვართან მოსული, თანმხლებ პირებთან ერთად, მე კი არა ვარ აჭარაში, მეუბნებიან, რომ ნასვამია პრეზიდენტი და ვშიშობ, რამე ინციდენტი არ მოხდეს ჩოლოქის ხიდზე, აჭარის მხრიდან შეიარაღებული ბიჭები დგანან ხიდზე, გადასცეთ იქნებ ტელევიზიით, რომ არ ვარ ბათუმში და ისეთი დროისთვის გადადოს ჩამოსვლა, ღირსეულად რომ დავხვდე საპატიო სტუმარსო.

ახლა კი ვერ გავაკონტროლებ სიტუაციას, რეგიონში ბევრია შეიარაღებული ხალხი და ძალიან ცუდი იქნება სისხლი რომ დაიღვაროსო. მისმა ხაზგასმით ზრდილობიანმა ტონმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რაც უჩვეული იყო და აღწერილმა სიტუაციამ ჩამაფიქრა და შემაშფოთა.

ყველაფერს გავაკეთებ რაც მე შემიძლია ძმათა შორის სისხლისღვრა რომ არ განმეორდეს საქართველოში მეთქი, ვუთხარი და არასამუშაო დღეს ისე გავვარდი ტელეკომპანიაში, დამფუძნებლები არც გამიფრთხილებია.

იმ დღეს გადაცემა “დიალოგი” მხოლოდ საღამოს უნდა გასულიყო. მაშინვე შევუთანხმდი იბერიის ჟურნალისტების გუნდს, რომ საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებდით და ჩვენს კოლეგებს აჭარის ტელევიზიიდან ჩავრთავდით იბერიის პირდაპირ ეთერში, ხიდის მეორე, აქეთა მხარეს კი ჩვენი კორესპონდენტი იმუშავებდა პირდაპირი ჩართვით.

“დიალოგში”,მთელი დღე მაშინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოდიოდნენ და განმარტავდნენ, რა მიზეზით იყო მიზანშეუწონელი ჩოლოქის ხიდზე მიხეილ სააკაშვილის სწორედ იმ დღეს გადასვლა. აჭარაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის წინ შეიარაღებული რუსი სამხედროების მიმოდიოდნენ.

იმ დროს რუსული ბაზები ჯერ არ იყო გაყვანილი საქართველოდან და რუსულმა სპეცსამსახურებმაც კარგად იცოდნენ, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბული იყო იმ ხანს.

ამდენად სურათი მართლაც შემაშფოთებელი სჩანდა. მახსოვს, როგორ ვიხვეწებოდი ეთერიდან, რომ ძლიერის დიდსულოვნება იქნებოდა და არა უკან დახევა, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ გადავიდოდა იმ დღეს ჩოლოქზე, გამოიჩენდა დიდსულოვნებას და ბათუმში ჩასვლას იმ დრომდე გადადებდა, ვიდრე აჭარის ლიდერი ბათუმში არ დაბრუნდებოდა.

იგივეს აკეთებდნენ ჟურნალისტებიც, ჩოლოქის ხიდის ორივე მხარეს და “დიალოგის” ეთერში მოსული პოლიტიკოსებიც. თუმცა მახსოვს ისეთებიც, რომლებიც ცეცხლზე ნავთის დასხმასა და მაშინვე შესვლის წაქეზებას არ ერიდებოდნენ. მიზეზი კი ნამდვილად იყო..

აჭარის ავტონომიის ლიდერი თავნებობდა და საკუთარი შეიარაღებული ფორმირებებიც ჰყავდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებელი.და პოლიტპატიმრებიც იყვნენ რეგიონში. უფრო მეტიც, ჩოლოქის და ქაქუთის ხიდებიც ააფეთქეს ასლან აბაშიძის ბათუმში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად მდინარეზე და ხიდის ნანგრევებზე თითო-თითოდ გადასული და ადგილობრივი აქტივისტების წყალობით აჭარის ვარდების რევოლუცია სრულიად უმსხვერპლოდ შედგა.

ამაში ვერც ასლან აბაშიძეს დავუკარგავ ღვაწლს, რადგან მან ვიდრე მოსკოვში გაფრინდებოდა, თავად მოუწოდა საკუთარი დაცვის წევრებსა და შეიარაღებული ფორმირების მებრძოლებს, ემოციები დაეცხროთ და სახლებში წასულიყვნენ.

ის ემოცია მაშინ ცაში სროლით დაიცხრეს სამხედროებმაც და მშვიდობიანად დასრულდა ის სიტუაცია, რომლის მშვიდობიან დასრულებაში სააკაშვილზე არანაკლები წვლილი აჭარის მაშინდელ ხელმძღვანელობასაც არ უნდა დავუკარგოთ, ჩემი აზრით.

ეს ამხელა ტექსტი იმიტომ დავწერე, რომ შემეხსენებინა, როგორი ბრძნული და დიდსულოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოს პირველი პირის, სტატუსით უფრო ძლიერის და მართლაც ყველა ქართველის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მზრიდან უკანდახევა ჩოლოქის ხიდიდან იმ ეტაპზე, როდესაც მან ეს მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოსთვის და სახელმწიფოებრივად გამართლებული დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის რევოლუცია ისეთი დროისთვის გადადო, როდესაც ასლან აბაშიძე ბათუმში იყო. იქ ჩასულ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლაც ძალიან ბევრ სამალავში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღურიცხავი და სავარაუდოდ ბათუმის რუსული სამხედრო ბაზიდან გამოჟონილი აურაცხელი იარაღი დახვდათ რეგიონში სხვადასხვა ადგილზე  დასაწყობებული და გადამალული.

ცნობილია, სადაც ბევრი აღურიცხავი იარაღია იქ სისხლიც იღვრება ხოლმე. როგორც მაშინ სანდო წყაროები იუწყებოდნენ, ასლან აბაშიძემ დახმარების შეთავაზება, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების საქმეში, სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მიიღო რუსული სამხედრო ბაზიდან.

ამ შეთავაზებაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. მე ვფიქრობ მემედ აბაშიძის ხსოვნა დაეხმარა მას, ამ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ სიმამაცე და წინდახედულება იყო ისეთ სიტუაციაში უკანდახევა და ერთი შეხედვით სისუსტის, ჩემი აზრით კი სიძლიერის, და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამოვლენა გახლდათ ისეთ დათმობაზე წასვლა, რომელიც აშკარა საფრთხეს ააცილებდა მის სამშობლოს.

დღეს “ქართული ოცნებაა” ძლიერის პოზიციაში. ფორმალურად ისაა ხელისუფლება. ვნახოთ, გამოიჩენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას და დაიხევს უკან, ანუ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი, თუ იმ მაფიოზური “გაგებების კლიშეების მძევლად დარჩება, რომლებიც რუსეთში შეითვისა 90-იანებში, როცა მილიარდები იშოვა და რომლის მიხედვითაც დიდსულოვნება მიუღებელია, ხოლო ნებისმიერი დათმობა მხოლოდ სისუსტის ნიშანია.

ამიტომ ოღონდ სისუსტედ არ ჩაგეთვალოს და წყალს წაუღია ყველაფერი. არ გეგონოთ იმის ილუზია მქონდეს, რომ ისეთ პატარა კენჭს,როგორიც მე ვარ დღეს, მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეეძლოს, ისიც ვიცი არც ბიძინაა ამხელა ტექსტის წამკითხავი, მით უმეტეს ჩემს გვერდზე, მაგრამ ის დრო მახსოვს, პატივს რომ ვცემდით და ანგარიშს ვუწევდით ერთმანეთს, ამიტომ არ მემეტება ფატალური შეცდომისთვის და ჩემი მოსაზრება გაგიზიარეთ!

ხომ ხედავთ, მიხეილ სააკაშვილსაც არ ვუვიწყებ სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და დიდსულოვან საქციელს. იმის მიუხედავად, რომ საქმეს ჩამომაშორა და 44 წლის აქტიური ჟურნალისტი უმუშევრად დამტოვა 9 წელიწადი. კ

რიტიკულ მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს გვერჩოდა და იმიტომ. მე არ მეშინია დღეს მის მიერ სახელმწიფოსთვის გაკეთებულ სიკეთეზეც ვილაპარაკო და დავუფასო სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მინდა ასეთი აზროვნების ერთი მაგალითი მაინც დაგვიტოვოს ოცნებამ და მისმა ლიდერმა, ვიდრე პოლიტიკიდან წაიშლებიან. ხელისუფლება მარადიული არ არის,
ეს კარგად ესმით დემოკრატ მმართველებს. დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერსა და დიქტატორს შორის პრინციპული განსხვავებაა, შუა უდევს დიდი ზღვარი.”– წერს ლუბა ელიაშვილი.

თქვენი კომენტარი?