ჩემო მეგობრებო, მტრებო, მაქებრებო და მაკრიტიკებლებო – დავით ოქიტაშვილის მიმართვა

645
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილის მიმართვა:

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უამრავი სიკეთე მოეტანოს მას ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისათვის… რა ვქნათ, ბატონებო, სამშობლოს არავინ შეგვიცვლის (უფალმა არც ქნას) და მოდით შევცვალოთ მისდამი დამოკიდებულება. ვაჟა ფშაველამ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრძანა: „ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო”. ილიამ კი ღვთისმშობელს შესთხოვა: “მოჰმადლე ქართველს ქართველის სიყვარულიო,” ეს სურვილი დღესაც ძალაშია.

დღესაც, ასე რადიკალურად პოლარიზებულ საზოგადოებაში, შესაცვლელია ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. ცხონებულ გიზო ნიშნიანიძესაც დავესესხები ნათქვამს : „ ჩემი გამარჯვებით შენ არ დამარცხდები, შენი დამარცხებით მე ვერ გავიმარჯვებ”… მართლაც ასეა. ან ერთად გავკეთდებით ან ცალ-ცალკე დავიღუპებით.

ვხედავ, რომ ქვეყანა მტრობით, ურთიერთქიშპით მოიწამლა… ამ მოწამლულ, არაესთეტიკურ, ულამაზო ყოფაში კი ყველას ერთად გვიწუხს სული. ამგვარ ხანგრძლივ, ჯიუტ სიძულვილს ბოლო უნდა მოეღოს. რასაკვირველია, უნდა გვძულდეს ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს მტრები, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ამ გრძნობას უნდა მოვერიოთ…

ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ჩვენ, ყველანი, მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობთ და ისიც ისე სწრაფად გადის. საბედნიეროდ, არც ადამიანობას გასდის ვადა და არც ქართველობას… ჩვენს ამქვეყნიურ ყოფას კი, სამწუხაროდ, ეწურება ვადა. მიმოვიხედოთ ბატონებო, ეს ქვეყანა ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი წინაპრების ძვალთშესალაგია, ჩვენ ღვთითკურთხეული ტრადიციებიც ერთი გვაქვს…

ვიცი ისიც, რომ ერთნაირი ბაბუები ვართ, ერთნაირი მამები… დედიკოებზე და ბებიკოებზე არაფერს ვამბობ. ნუთუ ყალბი ავტორიტეტების, ვიღაცეების გაფეტიშების გამო ერთმანეთი აღარ უნდა გავიხაროთ ადამიანი იმითაცაა ადამიანი, რომ მას რაციოს გარდა აქვს გრძნობები ე.ი ცდომილებებიც, სისუსტეებიც. ძნელია, ადამიანურ ვნებებთან გამკლავებაც, მაგრამ, ალბათ, შესაძლებელი… თუკი მოვინდომებთ, თორემ ხომ ხედავთ ეს ტრაგიკომიკური კომფლიქტები ძალიან გაგვიგრძელდა. რა ვქნათ, რა გამოლევს დაუღლელ მოლაყბეებს, მაგრამ ვიღაცეები ხომ უნდა დადგნენ ამაზე მაღლა.

ცხოვრება ვითარდება, წინ მიდის, მტრობამ არ უნდა გადაუკეტოს გზა. არ შეიძლება ერი ორიენტირებული იყოს “მე გავიმარჯვე” და “შენ დამარცხდის” ურთიერთობის მოდელზე. ეს პრობლემაა და რადგან ნებისმიერ პრობლემას თვითზრდისკენ აქვს მიდრეკილება, თუ არ გადაიჭრა უნდა გადავჭრათ. ამიტომ, 2021 წელს ვუთხრათ “არა მტრობას”. ბეწვის ხიდზე იარა ჩემმა ქვეყანამ 2020 წელს, ბევრი გამოწვევა , ტრაგედია , შეცდომები და გადაცდომები მოგვივიდა. შეცდომაზე სწავლობენო ამბობენ, იქნებ ჩავფიქრდეთ, გავიაზროთ, გადავიმეოროთ წარსული, ავწონ-დავწონოთ და მივხვდეთ, რომ 2021-ში ერთად დგომის, ერთმანეთის მოფერებით, გატანით მივიდეთ იმ მთავარ კონსესუსამდე, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ჩემო მეგობრებო, მტრებო, მაქებრებო და მაკრიტიკებლებო, საქართველოს მოქალაქეებო ….. გილოცავთ, ჩემო პატრიარქო, ღმერთმა დიდი ხნის ჯანის სიმრთელე მოგცეთ, გილოცავ ქვეყნის მმართველნო, უკეთეს ქვეყანას გისურვებთ, გილოცავთ ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო, მონატრებულებო მიწიან – წყლიანად, 2021წელი ყოფილიყოს ჩვენი ტერიტორიული და სულიერი გაერთიანების, შერიგებისა და მორიგების ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად. ბოლოს, გილოცავ ჩემო ახალგაზრდობავ, თქვენზე დგას ჩვენი ქვეყანა , მეიმედებით და მიყვარხართ. იხარეთ”- წერს დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?