MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

დავით ზურაბიშვილის პოლიტიკური პოსტი ფეისბუქში:

“ეს ხელისუფლება რომ არ ვარგა, ამას დიდად მისი მომხრეებიც კი არ უარყოფენ, მაგრამ… აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი “მაგრამ”.

კერძოდ, მე რასაც ვუყურებ, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალა საქართველოში მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ და მისმა რვაწლიანმა მმართველობამ მოიტანა რეგრესი და დაცემა. აღარ გავშლი და განვავრცობ ამ თეზისს, არა მგონია ეს ეჭვს იწვევდეს. მთელი ოპოზიციური რიტორიკა პრაქტიკულად ამ დაშვებაზეა აგებული.

ასეთი დამოკიდებულება კი თავისთავად, იმპლიციტურად გულისხმობს იმას, რომ ის ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის მოსვლამდე იყო, ამას სჯობდა.

შესაბამისად არსებული ოპოზიციური სპექტრის ამომრჩეველი ძირითადად ის ხალხია, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, ამა თუ იმ ხარისხით, ამა თუ იმ დათქმით, თუ როგორც არ უნდა იყოს, ჯობდა ივანიშვილის ხელისუფლებას.

ყველა სხვა ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, მარტო ეს დამოკიდებულება უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი საპირწონე იყოს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რაც თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად დამაჯერებელს ხდის ნაცების რევანშის საფრთხეზე აპელირებასაც.

აქედან გამომდინარე, ის ამომრჩეველი, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არანაირად არ მიაჩნია წინა ხელისუფლება მასზე უკეთესად, პრაქტიკულად პოლიტიკური ორიენტირის გარეშეა დარჩენილი და საბოლოო ჯამში ან ნაკლები ბოროტების პრინციპით ისევ ოცნებას აძლევს ხმას, ან საერთოდ არ მონაწილეობს არჩევნებში.

არსებულ ვითარებაში არის ხელისუფლების შეცვლის ორი ვარიანტი:

ა) მოხდეს იმ საპროტესტო ელექტორატის “განაცება”, რომელიც დღემდე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება როგორც მინიმუმ არ იყო ამ ხელისუფლებაზე უკეთესი. ანუ ამ ხალხმა უნდა ჩათვალოს, რომ მთავარია ბიძინას მოცილება და მერე რა მოხდება მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამაზე უარესი ხელისუფლება არ მოვა. სხვანაირად რომ ვთქვა, არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ზემოაღნიშნული დამოკიდებულების საფუძველზე იმდენად უნდა გაზარდოს მხარდამჭერთა რაოდენობა, რომ მივიღოთ ხელისუფლების შეცვლისთვის კრიტიკული მასა. პრინციპში დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ ტალღაზეა, ალეკო ელისაშვილის გარდა.

ბ) გამოჩნდეს/გამოჩნდნენ პოლიტიკური ძალა/ძალები არსებითად სხვა დღის წესრიგით და რიტორიკით, რომელიც ნაცების მიმართ ნეგატიურად განწყობილ არაფაშისტი და არაბნელი ამომრჩევლის მობილიზებას მოახდენს და ეს კონტიგენტი დღეს არსებულ ოპოზიციურ კონტიგენტთან ერთად ჯამში შექმნის ხელისუფლების შეცვლისთვის კრიტიკულ მასას.

პირდაპირ ვიტყვი: არცერთი ვარიანტი ახლო პერსპექტივაში მე პირადად რეალისტურად არ მესახება. არსებულ ძალთა ბალანსში კი ხელისუფლებას ყოველთვის ეყოფა ადმინისტრაციული რესურსი და ამომრჩევლის იძულება-მოსყიდვა-მანიპულირების აპრობირებული მექანიზმები იმისთვის, რათა დარჩეს ქვეყნის სათავეში და მიიღოს ლეგიტიმაცია დასავლეთიდან.

ოდესმე სიტუაცია ან პირველი ან მეორე ვარიანტის მიმართულებით, ბოლო-ბოლო კი შეიცვლება, მაგრამ როდის, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში მალე და სწრაფად ეს ნამდვილად არ მოხდება.

აი, ასეთი ამბავი გვაქვს, ჩემი მოკრძალებული აზრით, არცთუ საამო და გულის გასახარი. რთული პოლიტიკური სიტუაციები აქამდეც ყოფილა და არაერთს შევსწრებივარ, მაგრამ ყველაზე მძიმე დროსაც კი ჩანდა რაღაც პერსპექტივა და საიმედო მომავლის კონტურები. ახლა კი რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს ჩემთვის ამის აღიარება, პირველად ვარ იმ სიტუაციაში, როდესაც გვირაბის ბოლოს “ვსტრეჩნის” ფარებიც კი არ ანათებს”– წერს დავით ზურაბიშვილი.

RADIO24-BANNER