MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

დავით ბერძენიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ბაიდენი პრეზიდენტია, გილოცავთ!
რეიგანის და ბუშის მეხოტბე ქართველი რესპი თუ ასე გავიხარებდი ჯერ დემოკრატი ბაიდენის არჩევით (და თუ ასე დავმწუხრდებოდი 4 წლის წინ დამთხვეული ტრამპის – რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვებით) და ამ საშობაო ღამით ჩემი პერსონალური გურული ღვეზელის მირთმევის თავიც არ მექნებოდა, აბა საიდან უნდა მცოდნოდა.

დემოკრატი კარტერის პრეზიდენტობისას არალეგალურ ჯგუფს ვარქმევდით რესპუბლიკურ პარტიას ლინკოლნის და სხვა ამერიკელი რესპუბლიკელების გამო და არა ათენის დემოკრატიაზე რომის რესპუბლიკის პრიორიტეტის ხაზგასასმელად:))
ბევრი – დიდი თუ მცირერიცხოვანი ერი აყოლია ლიბერალური დემოკრატიის დამარცხების ცდუნებას. მსოფლიო ომებს შორის პერიოდი ლიბერალურ დემოკრატიაზე ნაციონალ-სოციალისტებისა და ინტერნაციონალ-სოციალისტების ერთობლივი შეტევის ოცწლეულია. ნაცისტების შემდეგ მეორე ადგილზე კომუნისტები გადიოდნენ გერმანიაში ჰიტლერის გახელისუფლებამდე.

ომის დროს და ომისშემდგომი საფრანგეთის და იტალიის კომპარტიები წინააღმდეგობის მოძრაობის და პოლიტიკის მძლავრი შემადგენელი იყო. ისინი მრავალრიცხოვან ამომრჩეველს ეყრდნობოდნენ.

1917 წ. ოქტომბრის გადატრიალებამდე პეტერბურგსა და მოსკოვში ბოლშევიკები მთავარი პოლიტიკური ძალა იყო უკვე პოპულარობითაც, არა მხოლოდ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების ხელმძღვანელთა რანგში.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მთელს რუსეთში ჩატარებული დამფუძნებელი კრების არჩევნებში ესერებმა გაიმარჯვეს. ბოლშევიკებმა ხმების მეოთხედი აიღეს. ამასთანავე, პეტერბურგსა და მოსკოვში ბოლშევიკებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს ხმების ნახევრით. ხელისუფლებაც მათი იყო, შეიარაღებული რაზმებიც დედაქალაქებში და ამიტომაც გარეკეს ასე ადვილად დამფუძნებელი კრება – მისი არჩეული თავმჯდომარე ესერი ჩერნოვი ისეთივე უდღეური არჩეული “ხელისუფალი ” გამოდგა იანვრის დასაწყისში, როგორც “პრედპარლამენტის” თავმჯდომარე ჩხეიძე გასული სექტემბრის ბოლოს.

პირველი მსოფლიო ომის მერე ბავარიაში და განსაკუთრებით უნგრეთში გახელისუფლების კომუნისტური მცდელობები მხოლოდ მოსკოვის ხელით, “მსოფლიო რევოლუციის” ტროცკისტული აკვიატებით ვერ აიხსნება. მეორე მსოფლიო ომის მერე კი ნახევარ ევროპაში გახელისუფლება სტალინის პოლიტიკასთან, საბჭოთა ჯართან ერთად ადგილობრივი კომუნისტების სიძლიერემაც განაპირობა…

დავუბრუნდეთ კაპიტოლიუმს და 2021 წ. 6 იანვარს.

აშშ “ცოტა სისხლით” გადაურჩა ლიბერალურ დემოკრატიაზე შეტევას. კონტრშეტევა იქნება მძლავრი. ევროატლანტიკურ სივრცეში, ოკეანის გაღმა-გამოღმა, ძველ და ახალ სამყაროში, ევროპა/ამერიკაში ფრანგი ლეპენი, ავსტრიელი, ჰოლანდიელი თუ სკანდინავიელი ულტრები, ახლა ტრამპიც აშშ-ში დაღმასვლას გააგრძელებენ. 21-ე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში ლიბერალურმა დემოკრატიამ ეს “ვესტერნიზებული” შემოტევაც მოიგერია.

კინზინგერის თაობა მომძლავრდება რესპუბლიკელებში. “ზოგი ჭირი მარგებელია” პრინციპი ამუშავდება. ვიცე-პრეზიდენტი პენსი, სახელმწიფო მდივანი პომპეო და ბევრი გავლენიანი, “ბებერი” რესპუბლიკელი დამთხვეულ და სამარცხვინო ტრამპს წიხლს მიაყოლებს. ორივე პალატაში დღევანდელმა კენჭისყრამ ეს ტენდენცია უკვე გამოაჩინა.

როგორ მოულოდნელადაც დაიპყრო 4 წლის წინ ჯერ რესპუბლიკური პარტია და მერე შტატებიდან პროვინციული (მეტწილად) ხმებიც, იმაზე უფრო სწრაფად გადაეშვა უფსკრულში გუშინ ტრამპი.
არც დემოკრატებში უწერია მოკომუნისტო სანდერსის ფლანგს დიდი დღე (იმ ხალხის აზრით, ვისაც ვენდობი).

მესამე ათასწლეულის მესამე ათეულში, იქნებ, ახალი სისხლი, ახალი ენერგია მიიღოს ლიბერალურმა დემოკრატიამ დასავლეთში. ჩვენც მივუერთდეთ, იქნებ, ამ პროცესს ევროატლანტიკურ სივრცეში.. და “წითელი ეშმაც” მიინგრეს ჩრდილოეთში, იქნებ.
შობას გილოცავთ!”- წერს დავით ბერძენიშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER