თბილისში სამ ადგილზე მიუსაფარი ძაღლების კვების სპეციალური აპარატი დაიდგა

402
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში სამ ადგილზე მიუსაფარი ძაღლების კვების სპეციალური აპარატი დაიდგა, რომლის პრინციპიც ასეთია. მოქალაქე აპარატში აგდებს ძველ პლასტმასის ბოთლს და ამის სანაცვლოდ იყრება საკვები და წყალი. ეს არის ერთგვარი გამოწვევა და ამავდროულად ეკოლოგიაზე ზრუნვა.

“საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა – მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.

აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. მომავალ წელს, იანვარში, კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება. მომდევნო წლის განმავლობაში კი, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატის განთავსებას ვგეგმავთ.

აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.”– განაცხადა კახა კალაძემ.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს.


თქვენი კომენტარი?
IMG.GE