დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა – კახა კალაძე

211
წაკითხვა/ნახვა

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას. “– განაცხადა “ქართული ოცნების” მთავარმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ.
რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ.

ჩვენ, განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით და რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით და ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენს თანაგუნდელად მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს.

მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით მიენიჭა ნდობა.

საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც არაერთი სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს.

წინ უამრავი გამოწვევაა – საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია. თუმცა, დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ დ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.

პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების სწორ რელსებზე.

ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი – ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისათვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ.

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს – მას, რა თქმა უნდა, ამის ძალა შესწევს.”- განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?