საღათას ძილით მძინარე ქართულ საზოგადოებას მინდა ვკითხო – გიორგი კალანდია

3068
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი გიორგი კალანდია, რომელიც ამჯერად ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ეხმიანება გიორგი გაბუნიას მონოლოგს დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე და საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იმის გამო, რომ ის სათანადოდ არ დააფასეს.

“გიორგი გაბუნია ნიჭიერი კაცია, ძალიან მტკივნეული და ამაღლევებელი ამბის თანაზიარი გაგვხადა, თუმცა საღათას ძილით მძინარე ქართულ საზოგადოებას მინდა ვკითხო – სად იყო მაშინ როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე ღვაწლმოსილი და ძვირფასი დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?

როგორ ფიქრობთ ის დაფასებული, დანახული და მოფერებული წავიდა ამ ქვეყნიდან!? როგორ ფიქრობთ დაფასებული ემშვიდობებიან ამ ქვეყანას ღვაწლმოსილი ექიმები, არქეოლოგები, რესტავრატორები? რა ქნან ამ ადამიანების შვილებმა და ოჯახის წევრებმა რომლებსაც არ აქვთ უნარი და სახსარი იმისა რომ ფართო საზოგადოებას თავიანთი გულისტკივილი უთხრან, თავიანთი დარდი გაუზიარონ?

რამდენიმე დღის წინ ერთი, აწგარდაცვლილი მხცოვანი არქივარიუსის ქალიშვილმა დამირეკა და დედამისის ანდერძი გამიზიარა- „თავისი ნაშრომი შენ და შენს ორგანიზაციას დაუტოვა გამოსაქვეყნებლად, თავისიანებისაგან აღმაშფოთებელი უყურადღებობის მსხვერპლი იყო და გულნატკენი წავიდაო ამ ქვეყნიდან“! – მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი რომ პროფესიული სოლიდარობის არარსებობა შიგნიდან ჭამს და ხრავს ჩვენს არ შემდგარ საზოგადოებას!

რადგან პროფესიული სოლიდარობა ითვალისწინებს სწორედ შენი წინამორბედის, ღვაწლმოსილის დაფასებას! ცოდვა გამხელილი სჯობს, ქართულ ჟურნალისტიკასაც თავისი წილი დანაშაული მიუძღვის ჯულიეტა ვაშაყმაძის დარი კორიფეების დაუფასებლობაში! რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბულინგსა და ჭორაობას გამოდევნებულ მასმედიას ძირითადი, ღირებული, მარადიული თემები და ადამიანები დაავიწყდა… რამდენიმე ჩემი კოლეგა და მათი მეცადნიეობა რომ არ ყოფილიყო ახსოვდა კი ვინმეს დავით სოკოლოვი!? რამდენიმე თვის წინ ჩემი ერთი კოლეგა და მეგობარი საჯაროდ მოთქვამდა დიდი რეზო თაბუკაშვილის ოპერატორის გაუსაძლის მდგომარეობაზე, მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს…

ქვეყანა სადაც 30-ზე მეტი ფესტივალი იმართება, რა გახდა ამ სათვალავს ერთი ორი რომ ჩამოვაკლოთ და წელიწადში ერთხელ პროფესიულმა ორგანიზაციებმა, უწყებებმა, სამინისტროებმა დარგის ყველაზე თვალსაჩინო, მხცოვანი ადამიანები საჯაროდ და სახალხოდ დააჯილდოვონ! რა გახდა ამ მადლიერების ტრადიციად ქცევა!? ამ მხრივ კატასტროფაა კანონმდებლობაში! რომ გინდოდეს შენს ყოფილ, ღვაწლმოსილ თანამშრომელს საახალწლო საჩუქარს ვერ გაუკეთებ, ვერ გაუგზავნი ამანათს, ერთჯერად თუ მრავალჯერად დახმარებას! ვიცი ეს, პირადად გამომიცდია, ათასი რამე უნდა მოიგონო იმისათვის რომ შენი ყოფილი, ასაკოვანი თანამშრომელი ფინანსურად თუნდაც წელიწადში ერთხელ დააჯილდოვო! ვიღაცა იტყვის კანონის გარეშეც უნდა ხდებოდეს ესეთი ამბებიო!

არა ბატონებო, კანონი საზოგადოების დეკლარირებული ნებაა, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს, ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად გვჭირდება, იქნებ ოდესმე გავთავისუფლდეთ იმპულსური ქმედებებისაგან, რომელიც დღეს უკვე მხოლოდ ფეისბუქ „ემოჯებით“ შემოიფარგლება”- წერს გიორგი კალანდია.

თქვენი კომენტარი?