MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

65 წლის ასაკში, მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “საქართველოს თეატრები და მსახიობები” ავრცელებს.

მამუკა ლორია დაიბადა 1955 წლის 1 მარტს, თბილისში.  კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი.

1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, „მერი პოპინსი“, რეჟისორი — ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეჟისორი — ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე „ბედნიერი ბილეთი“, რეჟისორი — გ. ანთაძე),

სტუმარი (ფ. გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“, რეჟისორები — მ. სვირავა, ლ. წულაძე), პეტრე (მ. ჯავახიშვილი „მუსუსი“, რეჟისორი — გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი „პალატა 16“, რეჟისორი — დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“, რეჟისორი — ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი „მაკბეტი“, რეჟისორი — რ. სტურუა), მოძღვარი (ხ. ლევინი „პირდაღებული“, რეჟისორი — დ. საყვარელიძე),

მუნჯი (გრ. რობაქიძე „ლამარა“, რეჟისორი — რ. სტურუა), ჯეონკა (კ. გოცი „ქალი-გველი“, რეჟისორები — რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), შალვა (ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი — რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორები — რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი — გ. ლორთქიფანიძე), პოლიციელი (ა. ნოტომი „მტრის ნიღაბი“, რეჟისორი — რ. სტურუა), კინა-ლოკო (ა. სულაკაური „სალამურა“, რეჟისორები — რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია)

მცველი (ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, დამდგმელი რეჟისორი — რ. სტურუა, რეჟისორი — დ. მღებრიშვილი), მისანი (უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“, რეჟისორი — რობერტ სტურუა), მონაწილეა სპექტაკლისა „იაკობის სახარება“. გადაღებულია ფილმებში: „თოვლის ბაბუა“ (მ. ანთაძე, 1986, ნაცარქექია), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (თ. ფალავანდიშვილი, 1990),

„თვინიერი“ (ს. ვარსიმაშვილი, 1991), „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ (მ. წურწუმია, 1992), „გარიგება“ (ზ. კოლელიშვილი, 1993), „დაბადების დღე“ (ვ. ვარაზი, 1994), „მორევი“ (რ. გიორგობიანი, 1996), „უნამუსო“ (გ. ხარებავა, 1977), „ძვირფასო მ.“ (ო. შამათავა, 2000), „ჯვართოსანი“ (ნ. გიუნაშვილი, 2008) და სხვ. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER