“ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანი საკითხია – დავით ზურაბიშვილი

1640
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ზურაბიშვილის პოსტი ფეისბუქში:

“ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანი საკითხია.

ე. წ. ნაგვის ინციდენტმა და განსაკუთრებით ამ ინციდენტზე რეაქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული პოლიტიკის ერთი ფუნდამენტური პრობლემა.

როდესაც ლაპარაკია ამა თუ იმ ხელისუფლების ავ-კარგზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რასაც კი ხელისუფლება შეიძლება აკეთებდეს, არის პოლიტიკური ოპონენტის ქვეყნის მტრად შერაცხვა და მის მიმართ სიძულვილის გაღვივება. საერთოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთი არსად არ უყვართ, მაგრამ უსიყვარულობასაც აქვს თავისი გრადაციები. ერთია როცა ოპონენტი გულზე არ გეხატება და მეორეა როცა მოსისხლე მტრად მიიჩნევ.

სააკაშვილის ხელისუფლება თავის დროზე სწორედ იმიტომ შეიძულა საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომ ის მოქალაქეებს ძალიან მკვეთრად ყოფდა თავისიანებად და მტრებად. მთელი ოპოზიცია გამოცხადებული იყო რუსეთის აგენტებად და კრემლის ინტერესების გამტარებლად.

რა დამავიწყებს 2007 წლის შვიდი ნოემბერის დარბევის დროს ტელევიზიიდან რომ გვექადნებოდა ხელისუფლება, არ იფრიალებს რუსეთის დროშები საქართველოში, არ მოგცემთ ამის უფლებასო. ბუნებრივია ამ გადმოსახედიდან ოპოზიციის მხარდამჭერიც მტრის, ანუ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს და ეს იყო პოლიტიკური რეპრესიების და ოპონენტთა მიმართ სისასტიკის მთავარი არგუმენტი: ომში ვართ ძმაო და აბა როგორ გინდა? თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის ომის მოგება!

ამგვარად მიზანმიმართულმა პოლიტიკამ სერიოზულად გაჰყო ლამის მოსისხლე ბანაკებად არა მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ მთელი ქართული საზოგადოება. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თითქოსდა გაჩნდა შანსი ამგვარი კონფრონტაციის დაძლევისა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმაც მტრის ხატი არჩია, ოღონდ ახლა მტერი რუსეთის მაგივრად გახდა ნაცი, როგორც ასეთი.

წინა ხელისუფლების და მისი მომხრეების დემონიზებისთვის გამოყენებულ იქნა სრულიად უკადრისი მეთოდები: ფაშისტოიდური ჯგუფების წახალისება და მათი მიქსევა კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და პარტიის ოფისებზე, ტროლების და ბოტების ფაბრიკა-ქარხნები, გაუპატიურების კადრების საჯარო კინოჩვენებები (ეს მართლაც უნიკალური ამაზრზენობა იყო) და ა. შ. შედეგად კონფრონტაცია საზოგადოებაში კიდევ უფრო გაღრმავდა და დღეს ნაცებს და ე. წ. ქოცებს შორის პრაქტიკულად ამოუვსები უფსკრულია. ეს ორი კონტინგენტი ერთმანეთს უბრალოდ ვერ იტანს. საშუალო სტატისტიკური ნაცისთვის პოლიტიკური ოპონენტი არის ბნელი და რუსეთუმე, ანუ ქოცი, ხოლო საშულო სტატისტიკური ქოცისთვის კი ვინც ხელისუფლებას ებრძვის, ყველა არის ნაცი, რომელიც თავის მხრივ არის მანიაკი და სადისტი.

ამგვარი ურთიერთსიძულვილითაა დღეს გაჟღენთილი ქართული პოლიტიკა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთმანეთის მოძულე ბანაკები ასი ათასებს ითვლიან თავიანთ რიგებში, ისიც ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა მარაზმშია მთელი ქვეყანა გადავარდნილი.

თუკი რაიმეს ვნანობ ჩემი პოლიტიკური წარსულიდან, უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად არასათანადო ყურადღება მივაქციეთ თავის დროზე და არ შევეწინააღმდეგეთ პოლიტიკური ოპონენტის დემონიზებისა და მათდამი სიძულვილის გაღვივების პოლიტიკას. კი, არ მომწონდა, კი, ვამბობდი კიდეც, მათ შორის საჯაროდაც, მაგრამ მეტი შეგვეძლო, ბევრად მეტი. ვფიქრობ ძალიან რადიკალურები უნდა ვყოფილიყავით ამ მიმართებით, მაგრამ აწი რაღას ვიზამთ? რაც იყო, იყო.

დღეს კი რა გვაქვს? ერთმანეთის სიძულვილით შეპყრობილი ორი საინფორმაციო-პოლიტიკური ბანაკი, ორი ალტერნატიული რეალობა, რომელთაგან არცერთი არ ასახავს ადეკვატურად რეალობას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ მდარე კონსპიროლოგიურ ფანტაზიებს.

და ჩავლეიშვილის შემთხვევაც არის სწორედ ამ სიძულვილის ატმოსფეროს ნაყოფი. აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი მოსაწონია თუ არა მის მიერ ბოიკოტის პირობის დარღვევა, მთავარი ისაა, რომ ბოიკოტის დამრღვევები იმთავითვე გამოცხადებულები არიან მოღალატეებად და ლამის კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენებად. ასეთია ოპოზიციის ლიდერების და ოპოზიციური ტელეარხების რიტორიკა არჩევნების შემდეგ და ეს რომ თავისთავად მარაზმი და სიძულვილის გაღვივებაა, რატომღაც არავის გვაწუხებს, რადგან მივეჩვიეთ ამ სიძულვილის ატმოსფეროს, გვემშობლიურება უკვე და გვებუნებრივება.

ხოლო თუ ადამიანი არის ქვეყნის მტერი და სამშობლოს გამყიდველი, მაშინ მის თავზე ნაგავის დაყრა სულაც არ არის დიდი დანაშაული, მეტიც საერთოდ არ არის დანაშაული! სერგო ორჯონიკიძისთვის რომ დაეყარა ვინმეს თავზე ნაგავი 1921 წლის 25 თებერვალს, ხომ იქნებოდა დღეს ეროვნული გმირი? ჰოდა, რა გინდათ აბა იმ ახალგაზრდისგან? თქვენ თვითონ ეუბნებით ვინც ბოიკოტს დაარღვევს ოკუპანტებთან შეკრული მოღალატე და ნაძირალააო და დაიჯერა იმ ბიჭმაც!

სწორედ ესაა ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა: მტრის ხატზე და ერთმანეთის აუტანლობაზე აგებული ურთიერთობები, სტრატეგიები და ტაქტიკები. ამ მხრივ ხელისუფლებაც ძალიან სცოდავს და ოპოზიციაც და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლასთან ერთად ავტომატურად დამთავრდება, ძალიან ცდება.

პრობლემა არის ღრმად წასული მეტასტაზებში, იმდენად ღრმად, რომ შესაძლოა ამ თაობის პოლიტიკოსებში ვეღარც მოხერხდეს რაიმეს შეცვლა. ერთადერთი გამოსავალი ამ უმძიმეს მარაზმში კი ვფიქრობ არის ამ მარაზმზე ლაპარაკი, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც ასე თუ ისე ჯერ კიდევ არ გადავარდნილა არცერთ ბანაკში ბოლომდე და არ უბრალოდ ლაპარაკი. არ უნდა მოხდეს არცერთი იმ ფაქტის გატარება და გალაითება, რომელიც სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს, ვისგანც არ უნდა მოდიოდეს ეს.

არა ეს ადვილი საქმე და გულახდილად რომ ვთქვა, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის დიდი იმედიც არა მაქვს, რადგან უკვე თითქმის ყველას ცალი ფეხი მაინც გვიდგას რომელიმე ბანაკში. საერთოდ არ ვარ ბუნებით პესიმისტი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დიდად არ მჯერა უკეთესობისკენ შემობრუნების და ძალიან გამიხარდება თუ შევცდები”- წერს დავით ზურაბიშვილი.

თქვენი კომენტარი?