MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ თვალი გადავავლე ე.წ. ოპოტელევიზიებში ატეხილ “ხბოს აღტაცებას” იმ “დიდი გამარჯვების” გამო, რაც მათ მელაშვილი-ილიჩოვას საპატიმროდან დროებით გამოშვებით მოიპოვეს.

არ შევალ იმ მოცემულობაში, რასაც ეს იურიდიული აქტი ითვალისწინებს.
არ ვისაუბრებ ამაზე, რადგანაც იურიდიული ბლა-ბლა გამოვა და ჩემის მხრიდან სწორი არ იქნება.

უბრალოდ მინდა ვისაუბრო იმ აღტაცებული ხალხის მორალზე, რომლებმაც აშკარა მოღალატეები გმირებად შერაცხეს და ოვაციების ფონზე უსმენდნენ ღალატის უკვე საჯაროდ აღიარებას.

“მეცნიერი” მელაშვილის “განცხადება”, რომელშიც მან უკვე აშკარად დაადასტურა თავისი ბუნება, ფაქტობრივად ყველამ მოისმინეთ და იმედი მაქვს, რომ იმ ტვინგამოცარიელებული სექტანტების გარდა, ყველამ ზუსტად ისე გაიგეთ, როგორც ითქვა.

ცხადია ტვ “პირველი”-ს ეთერში მოჟრიამულე ხალხის მენტალობა, მოღალატური ბუნება და მათი დამოკიდებულება ცნება “სამშობლოსთან” აქამდეც ვიცოდით, მაგრამ საოცარი იყო კაკო ბობოხიძის აღიარება.

გასაგებია, რომ ანა ნაცვლიშვილმა ეს სიტყვა არ იცის, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ ბობოხიძეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს სადღეგრძელო ერთხელაც არა აქვს დალეული?

არ დაგიმალავთ და არც ის ფრაზები მესმის, რომელშიც მავანნი ამბობენ, რომ ეს აქტი “ოცნების” ხელისუფლებამ იმიტომ გააკეთა, რომ მოღალატეებისთვის ნიღაბი ჩამოეხსნაო.

კარგით რა, რა ნიღაბი და რის მასკა. რა გუშინდლამდე არ ვიცოდით, თუ რა სულის მატარებლები არიან სტუდიებში მოტკრციალე და მელაშვილისთვის თაყვანისმცემელი ხალხი?

ან ვინ ჩაიფიქრა მოღალატის გამომჟღავნების ასეთი სქემა? ასეთ სისულელეებს ყველაზე მდარე კრიმინალურ ფილმებშიც აღარ იღებენ. ისიც უაზრობად მიმაჩნია, როცა ამბობენ, რომ ელისაშვილთან გარიგების გამო მოხდა ეს ყველაფერიო.

დამერწმუნეთ, რომ ელისაშვილს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ილიჩოვა და მეორეც – რომელი ტალეირანი ეგა მყავს, რომ მისი პარლამენტში წამოსკუპების გამო, ასეთი რამ გააკეთო. ყველაფერი ძალიან მარტივია და ხელის გულზე დევს.

თუ იმ დროებით გამოშვებულებმა რამე ისეთი ღირებული ჩვენება მისცეს, რაც არ ხმიანდება, ხომ კარგი და თუ არა, მაშინ ხელისუფლებამ თავის რეიტინგზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

უნდა იფიქროს, რადგანაც ჩვენს საარჩევნო ურნებთან არც ფასილიტატორები და არც უცხოელი პარტნიორები არ მიდიან. მელაშვილი, ილიჩოვა და მათი “გმირობით” აღფრთოვანებული ხალხი ვისაც მისცემენ ხმას, ყველა ვხვდებით”- წერს გია გაბრიჭიძე.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER