“შიზოფრენიული, ანუ ორად გახლეჩილი პოლიტიკური რეალობა, ვფიქრობ ესაა ჩვენი დეფორმირებული დღევანდელობის არსი – მაია ნიკოლეიშვილი

384
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საზოგადოების ორად გაყოფასა და ორ სიმართლეზე.

“შიზოფრენიული, ანუ ორად გახლეჩილი პოლიტიკური რეალობა, ვფიქრობ ესაა ჩვენი დეფორმირებული დღევანდელობის არსი.

საზოგადოების ერთი ნაწილი უყურებს იგივეს, რასაც მეორე, ოღონდ, ერთი ხედავს თეთრს, მეორე-შავს. ერთისთვის ივერი მელაშვილი გმირია, სამშობლოს კლდეებია (!!!), მეორე ნაწილი ამ “შეფუთვით” გაოგნებულია.

ერთ ნაწილს ჰგონია, რომ საზოგადოების უმრავლესობა მისნაირად ფიქრობს, მეორე ნაწილს-პირიქით, მიაჩნია, რომ უმრავლესობაში თვითონაა!

ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანის თავზე ნაგვის დაყრა სწორია და “პოლიტიკური დასჯის” მეთოდია, მეორე კი ფიქრობს, რომ ამ საქციელს გამართლება არ აქვს!

ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გარეჯის ნაწილი უკვე აღარაა საქართველო და ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ გარეჯი საქართველოა და დიდ ღალატთან გვაქვს საქმე.

საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მტერია, მეორე თვლის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულობა და რევანშისტული ქცევები მავნებლობაა და არა ოპოზიციონერობა.

მოსახლეობის ერთი ნაწილი უყურებს მხოლოდ კონკრეტულ ტელეარხებს, რომლებიც ღია მემარცხენე რიტორიკაზეა აწყობილი და ქვეყანა იქცევა, მეორე ნაწილი უყურებს მხოლოდ სხვა ტელეარხებს, (რომლებიც პირველებზე უფრო “ზარმაცობენ”), სადაც ჩანს, რომ ხელისუფლება მოწოდების დონეზეა და ქვეყანა სწორად ვითარდება. ორივე მხარე დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

ერთი მხარე, ანუ უმცირესობა მეორე მხარის ამომრჩევლებს, უკლებლივ, ავადმყოფებს და მშიშრებს უწოდებს, უმრავლესობა უფრო დელიკატურია, ან მეტი კულტურის გამო, ან უბრალოდ, არ იცის, როგორ უპასუხოს.
შიზოფრენიული, ანუ გახლეჩილი რეალობა: ერთ-ერთ ტელეწამყვანს დავესესხები: სად ვართ? რა გვჭირს?!

და მთავარი (ის წამყვანი ამ კითხვას აღარ სვამს): სად არის გამოსავალი? არის, კი?
ამ ყველაფრის ფონია ის, რომ ერთი ნაწილი ღიად, დაუფარავად, “ლეგიტიმური რევოლუციით” იმუქრება; ამ დროს მეორე ნაწილმა იცის, რომ “ყოფილების” ნაწილი ემზადება ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით მისატაცებლად, იცის, უყურებს ამ ყველაფერს, და…

ალბათ, ბაბილონის გოდოლის მშენებლებსაც იგივე წყევლამ უწია: სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ და ერთმანეთის არა ესმოდათ რა. ესაა შიზოფრენიული, ანუ გახლეჩილი რეალობა.

ალბათ, ეს ყოველივე მაშინ დაიწყო, როცა დედამიწის ზურგზე ჩვენთვის ორად ორ, მონათესავე და მოყვარე ერთან, აფხაზებთან და ოსებთან, დიდი ხნით დავკარგეთ საუბრის უნარი. მერე გამოვიკეტეთ, მოვწყდით მეზობლებსაც, ჩავიხვიეთ აგრესია და ახლა უკვე შიგნითვე ვიხლიჩებით!

მოყვარეებთან და მეზობლებთან სახალხო დიპლომატია მკვდარია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკება-უკვე შეუძლებელი.
ზღაპრის გზაჯვარედინის პირობაც სანატრელია: მარცხივ წახვალ, ბედს ეწევი, მარჯვნივ წახვალ, გამდიდრდები, პირდაპირ წახვალ და ვეღარ დაბრუნდებიო, რომ წერია!

ნაცარქექიას პატარა “სიბრძნეც” სანატრელია. . . ასეთ შიზოფრენიულ რეალობაში წინსვლა, მარცხენა, მარჯვენა აღარ არსებობს, ვინაიდან მაქსიმალური უკანსვლა უკვე მიღწეულია! არსებობს ერთადერთი მარშრუტი: საით? არსაით?- ისე, როგორც ალიკა დარჩიაშვილის “აქართველო”-ში… ისე, როგორც ჯორჯ ორუელის “1984”-ში. ნუთუ ესაა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ფასი?!

ჩემო კარგო ქვეყანავ, ნუთუ ეს მხოლოდ შენი “მოწყენილობაა” და არა მძიმე ავადობა? მინდა მჯეროდეს, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ოღონდ, ვისთვის ვინაა კეთილი და ვისთვის ვინაა ბოროტი?! დღევანდელ, ასეთ გახლეჩილ და გაორებულ რეალობაში არსებობს კი, საერთოდ კეთილი და ბოროტი? ბოლო-ბოლო, მე მინდა, ჩემმა კეთილმა სძლიოს! – შენით, უფალო . . .”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?