MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილიშვილმა, ანდრო გოგიბედაშვილმა დაადასტურა.

თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი.

1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჰყავდა მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის გარდაცვალების გამო და სამძინარს უცხადებს თემურ წიკლაურის ოჯახს.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER