მე უარს ვამბობ ამ პირობებში ცხოვრებაზე – თეა წულუკიანი

3121
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მე, ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები „ფეიკნიუსებით“ ბულინგის მოწინააღმდეგე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ უცნაურ პირობებში. იქნება ეს ბატონი ნიკა გვარამია, თუ სხვები, ცდილობენ, საზოგადოებაც და ჩვენ გვაცხოვრონ რაღაც უცნაურ პირობებში. მე უარს ვამბობ ამ პირობებში ცხოვრებაზე.

მაგალითად, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შემოვიდა, არიან გვამები, მე თუ ვიტყვი, რომ არა, რომ ვინც არ შემოდის პარლამენტში, ისინი არიან გვამები, აწკავწკავდება ნიკა გვარამია, ამას სიუჟეტს მიუძღვნის. სალომე ზურაბიშვილზე ნიკა გვარამია თუ იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მას ამისთვის გავკიცხავ – ნიკა გვარამია მორიგჯერ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია.

თუ გალანძღავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, დასაშვებია, თუ ჩვენ მათ მეუღლეს შევაქებთ, ვიტყვით, რომ ის არის მზეთუნახავი, კვლავ აწკავწკავდება ნიკა გვარამია და იტყვის, რომ ეს არის დაუშვებელი. მე ასე არ მიმაჩნია.

თუ ისინი ამ რეჟიმში განაგრძობენ ცხოვრებას, ყოველთვის, ჩემს გუნდთან ერთად ვიქნები ამ „ფეიკნიუსებით“ ბულინგის მოწინააღმდეგე. მე მესმის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას რთულ პირობებში უწევს მუშაობა, მაგრამ ეს ტვირთი ჩვენ უნდა ავწიოთ და ვატაროთ, რათა როდესაც ამ შენობაში ახალი თაობა მოვა, მათი ცხოვრება იყოს გაცილებით უფრო მშვიდი და საინტერესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თქვენი კომენტარი?