MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ქეთევან დუმბაძე, პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანს პასუხობს:

“ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე – როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.

ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება – ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის.

ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან.
თაკო, სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია !
მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს.

და რა გამოდის – ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.

შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია?

რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?! და მთავარი – ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!”- წერს ქეთევან დუმბაძე.

აქვე გთავაზობთ თაკო ჩარკვიანის მიმართვის ტექსტს:

“ცხოვრებაში არის „ღილაკი,“ რომელსაც თითი არ და ვერ უნდა დააჭირო!“

„ჩემი ნაცნობ-მეგობრები სხედან პარლამენტში – „ქართულ ოცნებაში“. განსაკუთრებით მინდა მივმართო ქეთი დუმბაძეს. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, რომ ქეთი დუმბაძე მივიდეს სხდომაზე და ნიკა მელიას დაჭერისთვის “ღილაკს” თითი დააჭიროს.

დააჭიროს ნიკა მელიას დასჯის „ღილაკს“ ისე, რომ არ გაანალიზოს, რომ ნიკა მელია ისჯება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო.

მთელი გულწრფელობით მინდა ვუთხრა ქეთის, – ვიტოვებ იმედს, რომ ქეთი იქნება მათ შორის გამორჩეული; ასე მინდა რომ იყოს. მგონია, რომ რაღაც მსოფლმხედველობით ქეთი დუმბაძემ ეს არ და ვერ უნდა გააკეთოს.

ცხოვრებაში არის „ღილაკი“, რომელსაც თითი არ და ვერ უნდა დააჭირო! მე ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ შენ იმ ღილაკს თითს არ და ვერ დააჭერ! თუ არა, მაშინ ჩავთვლი, რომ არც აღარაფერი არ არსებობს.“ – წერს თაკო ჩარკვიანი მიმართვაში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER