“ეს არის ხალხის მასხრად აგდება” – რა პროდუქტები დაურიგდათ სოციალურად დაუცველებს საახალწლოდ?

965
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

10 კვერცხი, 1 კილოგრამი ფქვილი, შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, ორი შეკვრა შოკოლადი, მაიონეზი, შესქელებული რძე, ბარდა და  ხორცის კონსერვი. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც სოციალურად დაუცველებს ისნის სასადილოში საახალწლოდ დაურიგდათ.

მოქალაქე, ვინც ფოტომასალა MULTIMEDIA.GE-ს გადასცა მიიჩნევს, რომ ეს არის მოსახლეობის დაცინვა, როდესაც საახალწლოდ ასეთ მიზერულ პროდუქტებს უგზავნიან სოციალურად დაუცველ პირებს.

მისი თქმით, ეს პროდუქტები კონკრეტულად ისნის რაიონის სასადილოს ბენეფიციარებს გადაეცათ, თუმცა უცნობია, სხვა რაიონებში რა სახის პროდუქტების განაწილება მოხდა.

“ეს არის ხალხის მასხრად აგდება და დაცინვა” – ამბობს ჩვენთან საუბარში სოციალურად დაუცველთა უფლებადამცველი გიორგი მარჯანიძე.

“როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე უნდა აიგდონ მასხრად ხალხი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა? ან მუნიციპალიტეტებმა?. მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებს ისნის რაიონის გამგებელი და რა პასუხს გასცემს ამ რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს”– ამბობს გიორგი მარჯანიძე.

MULTIMEDIA.GE-ს რედაქცია: 

ვინაიდან ინფორმაცია არასამუშაო საათებში მივიღეთ, ისნის რაიონის გამგეობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა მზადყოფნას გამოვთქვამთ მათი ოფიციალური პოზიციაც გავავრცელოთ.

 

თქვენი კომენტარი?