მაია ნიკოლეიშვილის ღია მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს

664
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, ექიმი მაია ნიკოლეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, დაიწყოს მთავრობამ რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ვი”-ს საქართველოში შემოტანა და მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევანი, ევროპულსა და რუსულ ვაქცინას შორის.

მაია ნიკოლეიშვილი ხაზს უსვამს რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და შენახვის გამარტივებულ პირობებს.

ჯანდაცვის მინისტრისადმი მიმართვის ტექსტს, ცვლილების გარეშე გთავაზობთ:

“საქართველოს შრომის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს,
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს,

ქალბატონო ეკა, გამოვხატავ პატივისცემას თქვენს მიმართ და მოგმართავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით. ვარ ექიმი, ძირითადი განათლებით თერაპევტი, სპეციალობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ანუ მორფოლოგი, სპეციალობაში 30 წელზე მეტი მუშაობის სტაჟით.

ჩემი სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად ვერკვევი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების პათოგენეზში და ვიცი, რა არის მათი მორფოლოგიური სუბსტრატი. სწორედ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, დავსვა თქვენს წინაშე საკითხი, რომელიც ბევრი ადამისნის სიცოცხლეს და არჩევანს ეხება, ჩემისაც, მათ შორის.

კარგად მესმის, რომ კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა ობიექტურ სირთულეებს უკავშირდება. ვაფასებ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ ბეწვის ხიდზე გაიარა და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის ხარჯზე, შეუძლებელი შეძლო!

ვაქცინაციის მოლოდინში, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რომელი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და იქნება თუ არა ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც, დამეთანხმებით, ჩვენი ფუნდამენტალური უფლებაა, როგორც სიცოცხლის უფლება. ექიმის და მკურნალობის არჩევის უფლება ხომ, ჩვენდა საამაყოდ, უზრუნველყოფილია საქართველოს კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

როგორც ექიმი, მუდმივად ვეცნობი ახალი ვაქცინებთან დაკავშირებულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურას.

კოვიდმა უახლოესი, ძვირფასი ადამიანები და ღირსეული კოლეგები წაგვართვა, და როგორც ექიმი, კარგად ვაცნობიერებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ, გაგებით ვეკიდები და პატივს ვცემ იმ ადამიანების ნებას და უფლებას, ვისაც არ სურთ ვაქცინაცია.

ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნებმა მაღალი შეფასება მისცეს ვაქცინას “სპუტნიკ ვი”, რომლის შექმნაშიც, როგორც რუსული და დასავლური პრესა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წერენ, 25-წლიანი შრომა შეუღლებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ვაქცინა ძვირი არ არის (10 $) და მისი შენახვის პირობებიც უმარტივესია და ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემებში ვაქცინის ნებართვის განხილვის პროცესი დაწყებულია.

ქალბატონო მინისტრო, პატივს ვცემ სახელმწიფოს მცდელობებს, რომ საქართველოში შემოიტანოს ცნობილი ვაქცინები, მაგრამ, ამის პარალელურად, გთხოვთ, მოიძებნოს რაიმე ტიპის მექანიზმი, რომ საქართველოში, მსურველთათვის, შემოვიდეს ვაქცინა “სპუტნიკ ვი”-ც. ვინაიდან გადაადგილება ქვეყნებს შორის შეზღუდულია, ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელში და მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით შეიძლება მისი შემოტანა, მოგმართავთ წინადადებით, იყოს ამ ვაქცინის შემოტანა ფასიანი, ხოლო ჩვენ, ვინც ამ ვაქცინაზე გავაკეთებთ არჩევანს, სოციალური სოლიდარობის სახით, ნებაყოფლობით, ერთი ვაქცინის თანხის გადახდისას, გადავიხდით მეორე ვაქცინის თანხას, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობ, სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეს გაუკეთდება.

გთხოვთ, ამქვეყნად უზენაესის, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და მკურნალობის არჩევანის დაცვის სახელით, დაიწყოთ ამ საკითხის განხილვა, რათა ვაქცინა “სპუტნიკ ვი” ხელმისაწვდომი გახდეს მსურველთათვის.

არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევ კონკრეტულ ვაქცინას, არც არავისი დარწმუნება არ მსურს-მხოლოდ არჩევანის უფლება. ვისაც გვჯერა, მოგვეცეს “Спутник V”-ით ვაქცინაციის საშუალება, ვისაც არ სურს, ეს მისი ნებაა და პატივს ვცემ.

მე, როგორც ექიმი, რომელსაც მჭიდრო შეხება მაქვს მეცნიერებასთან, ვაღიარებ და მჯერა, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მეცნიერებას, ხელოვნებას, კულტურას არ აქვს საზღვრები და ეს ღირებულებები ნებისმიერ პოლიტიკურ განწყობებზე, დამოკიდებულებებზე და კლიშეებზე მაღლა დგას, მტრობაზეც მაღლა დგას.”- ნათქვამია მაია ნიკოლეიშვილის ღია მიმართვის წერილში.

თქვენი კომენტარი?