ოპოზიციური მედიის მანიფესტი

1185
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა  ხელი მოაწერა მანიფესტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მედიაგარემო არის დამძიმებული, გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, ხოლო სახელმწიფო არ უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას.  მანიფესტის შედგენის გადაწყვეტილება კი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ იქნა მიღებული, რომლის ინიციატორიც არის ტელეკომპანია “ფორმულა”-ს გუნდი.

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს,

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება.

შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ

შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი

შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს”, – წერია მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერეს:

“ფორმულა”-ს, “მთავარი არხი”-ს, TV “პირველი”-ს და “კავკასიის” წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

თქვენი კომენტარი?