ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

100
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის  მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში  განსახილველ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის  რეჟიმში წარმართვისთვის.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID 19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაცია

თქვენი კომენტარი?