ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი – სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

132
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და მაშინაც ძალიან კარგი საუბარი გვქონდა.

დღეს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს თავისი ევროპული, დემოკრატიული გზა და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. 

როგორც არასოდეს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, რომ (ის რაც იყო და არის) საქართველო – როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ, ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. 

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე.

ჩვენ საუბრისას (და როგორც შეამჩნიეთ საუბარი გაგვიგრძელდა) ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას უნდა ეს და სხვა არაფერი. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერაა მოთხოვნილი.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ურთიერთობა მყარი და მუდმივია!”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თქვენი კომენტარი?