მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს – პრემიერი (ვიდეო)

311
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს.”- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციისა და მისი შეხვედრის საკითხებზე კომენტარის დროს.

“აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, დავინახეთ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს.

ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს.

პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის განხილვის საგანი. პირველი საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გათავისუფლებას.

ჩემი პოზიცია იყო და მინდა საჯაროდ გავიმეორო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, ციხიდან გამოიყვანონ.

მეორე საკითხი შეეხებოდა მმართველი გუნდის სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, საითაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მათ შორის ეს ეხება როგორც ადგილობრივ არჩევნებს, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

პირადად მე და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი.

მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას.”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?