სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უარს დროებითი ღონისძიებს აღსრულებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის თქმით, ცალკეულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ის კვდება, ბოდიში აქვთ მოსახდელი საქართველოს ხელისუფლებისადმი, თუმცა, კობახიძე დასძენს, რომ ნაკლებად აქვთ მათ ამის მოლოდინი.
„გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არამარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი.
მათ წააგეს უამრავი საქმე მათი ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, ეს საქმეები ეხებოდა ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. მათ ვერ მოიგეს ვერცერთი მათთვის სასარგებლო საქმე. აქედან გამომდინარე, მათი აგრესია სტრასბურგის სასამართლოს მიმართ ბუნებრივია, თუმცა ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოქმედებს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვერცერთ საქმეში ვერ იქნებოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები წარმატებული ამ სასამართლო ინსტანციაში.
მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასარჩელო მოთხოვნა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობდა, თუმცა, საქმე გრძელდება და ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს საბოლოო ვერდიქტს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს