ერთი რამ ნათელი გახდა – სახელმწიფო თურქულ კომპანია “ენკას” თავისთვის წამგებიან პირობებს სთავაზობს – გოგა ჩანადირი

369
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მოსაზრება ნამახვანჰესის შესახებ:

“შეძლებისდაგვარად, გავეცანი ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო პირობებს.

ერთი რამ ნათელი გახდა – სახელმწიფო თურქულ კომპანია “ენკას” თავისთვის წამგებიან პირობებს სთავაზობს, იმის მიუხედავად, რომ მშენებლობაში დაახლოებით 800 მილიონის დოლარი დაიხარჯება.

ამასთანავე, ვერ მოვიძიე მყარი არგუმენტები, სეისმურად აქტიურ ზონაში, განსაკუთრებით კი რაჭაში, რამდენად უსაფრთხო იქნება დიდი ჰესები როგორც მოსახლეობისთვის, ისე გარემოსთვის.

ჯერ ერთი, გაუმართლებელი მგონია სიმბოლურ ფასად უზარმაზარი ტერიტორიების კერძო კომპანიისთვის გადაცემა, მეორეც, მთავრობა პირობას დებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დააზღვევს კერძო კომპანიის ყველა რისკს, რაც, შეიძლება, მილიონებზეც კი ავიდეს.

გაუმართლებელი მგონია 99-წლიანი იჯარაც. კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს ამ ერთ საუკუნეში. თან, მთავრობამ თურქულ კომპანიას მიწები ხელშეკრულების გაფორმებამდე გადასცა.

სახელმწიფო “ენკასგან” ელექტროენერგიას 15 წლის მანძილზე სავალდებულოდ შეიძენს და თან, ყოველწლიურად 1 კილოვატსაათში 3 პროცენტით მეტს გადაიხდის. თავდაპირველად კი 6.2 ცენტი ეღირება.

ეს ნიშნავს, რომ წლების შემდეგ დენის ფასი ავტომატურად გაგვეზრდება.
ხოლო 15 წლის შემდეგ თუ სხვა, მეტის გადამხდელი მყიდველი გამოჩნდა, ქვეყანა ჩალაგამოვლებული დარჩება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის იდეას ეჭქვეშ აყენებს.
ხელშეკრულებით სხვა ბევრ რამეს ივალდებულებს სახელმწიფო, რაც ისევ ბიუჯეტს მძიმედ დააწვება.

მოკლედ, მშენებელი და ოპერატორი კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებულია და თანაც, საქართველოს საზიანოდ.

პირადად მე, ვემხრობი ენერგოდამოუკიდებლობას, მაგრამ არა სხვა ინტერესების საზიანოდ, მათ შორის, ბიუჯეტისა და გარემოსი. ნამდვილად შეიძლება უფრო სასარგებლო, უსაფრთხო, ნაკლებპრობლემური ხელშეკრულების გაფორმება და ენერგოდამოუკიდებლობის გაღრმავება. ნამახვანჰესთან დაკავშირებული პირობები კი უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე – სარგებელს.“- წერს გოგა ჩანადირი.

თქვენი კომენტარი?