ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

411
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დაკავებულია პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ნაციონალური მოძრაობის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რა დროსაც დაზიანდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას ბანერი.

1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “ მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თქვენი კომენტარი?