ვიფიქროთ ყველამ ერთად, ავწონ–დავწონოთ ყველაფერი და მოვიგოთ! რომელი გზითაც არ უნდა იყოს, უნდა მოვიგოთ – ირინა სარიშვილი

922
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირინა სარიშვილის პოლიტიკური მიმოხილვა და მოვლენების შესაძლო განვითარება.

“ნებისმიერი პოლიტიკურ გადაწყვეტილება უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ნაწილი, უნდა ჰქონდეს მიზანი, რომელიც არ უნდა შეიცვალოს და მოქნილი ტაქტიკა, რომელმაც ახალი რეალობების წარმოქმნისას უნდა უზრუნველყოს ამ მიზნისკენ სვლა და არა ერთ ადგილზე გაყინვა ან გზიდან გადახვევა.

ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო 2020 წელს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის ბოიკოტი მთელი ოპოზიციური სპექტრის მიერ, რამაც ჩიხში მოაქცია ხელისუფლება და ამ ბოიკოტის უმთავრესი მოთხოვნა, ანუ მიზანი იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

დასავლეთის ჩარევით (ფასილიტაცია–მედიაცია), შეიქმნა ე.წ. “მიშელის შეთანხმება”, რომელიც უნდა ყოფილიყო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ქვეყნისთვის და არა ხელისუფლებისთვის.

დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ ოპოზიცის ნაწილმა დაუშვა უდიდესი შეცდომა (საუკეთესო შემთხვევაში), როდესაც ამ შეთანხმებას მოაწერა ხელი და შევიდა პარლამენტში, რითაც კრიზისიდან დაიხსნა ხელისუფლება და არა ქვეყანა, რადგან ერთპარტიული პარლამენტი “გაპრავდა” და გამრავალპარტიულდა, ხოლო ამის სანაცვლოდ ხელისუფლებას გაუჩნდა შანსი ამნისტიით ნიკა მელიასთან ერთად 20 ივნისის სისხლიან დარბევაში მონაწილე დამნაშავე სამართალდამცავების განთავისუფლების.

შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელმაც აიძულა ნიკა მელია, დათანხმებოდა ადრე შემოთავაზებულ ევროკავშირის გირაოს ვარიანტს, რომ თავიდან აგვეცილებინა მიშელის შეთანხმების საფუძველზე ამნისტიით 20 ივნისის დამნაშავეთა განთავისუფლება, რაც პოლიტიკურად დაუშვებელი იყო.

ამ ახალ რელობამდე ნიკა მელიას პოზიცია იყო სრულიად გასაგები და პოლიტიკურად გამართული – პოლიტპატიმრის თავისუფლებაში არ შეიძლება გაიცვალოს ბრძოლის მთავარი მიზანი, ანუ ის, რისთვისაც ის დააპატიმრეს და მისი განთავისუფლება უნდა მოხდეს ამ მიზნის მიღწევასთან ერთად და არა ასე, როგორც ეხლა მოხდა.

ამიტომ “მიშელის შეთანხმებაზე” ხელმომწერთა მხრიდან სპეკულირება იმაზე რომ მათთვის მთავარი ნიკა მელიას თავისუფლება იყო და რომ არა ისინი, ნიკა დღესაც ციხეში იქნებოდა, თავიდან ბოლომდე დემაგოგიაა და სხვა არაფერი.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – პოლიტპატიმრები ხდებიან იდეისთვის და ამ იდეის დათმობა თავისუფლების სანაცვლოდ უბრალოდ აბსურდია. ხელმომწერთა “წყალობით” შემქნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით ნიკა მელიამ ცუდი და უარესიდან ცუდის არჩევანი გააკეთა – და ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში.

აღნიშნულმა ახალმა რეალობამ დღის წესრიგში დააყენა ბოიკოტის თემაც, რაზეც დღეს დაუსრულებელი კამათი მიდის.
გაჩნდა აზრი რომ ბოიკოტმა საკუთარი თავი ამოწურა და ბრძოლის სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ.

მოდით, ემოციების გარეშე განვიხილოთ რას იძლეოდა და იძლევა ბოიკოტი ახალ რეალობაში, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თავიდანვე ვიტყვი რომ სრულიად უადგილო და ამაზრზენია პარლამენტში შესულ ხელმომწერთა მხრიდან ამ თემაზე ნიშნისმოგებით ლაპარაკი – აი ხო ვამბობდით, ესენიც შემოვლენო. ამაზრენია რადგან ეს ახალი მძიმე რეალობა სწორედ მათი – შეთანხმებაზე ხელმომწერთა შექმნილია. იმ შეთაბხმებაზე, რომელიც გაცილებით უკეთესი და ბევრის მომცემი შეიძლება ყოფილიყო, რომ არა მათი სულსწრაფი გადაწყვეტილება და ბზარი ოპოზიციურ ერთობაში.

ბოიკოტს, რომელიც საშუალებაა და არა მიზანი, ჰქონდა 2 დანიშნულება –
1. პარლამენტის არალეგიტიმურობა;
2. მხარდაჭერა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მხრიდან.

ახალმა რეალობამ, სამწუხაროდ, პირველი პუნქტი – პარლამენტის არალეგიტიმურობა მოხსნა, რადგან იქ შესულმა ოპოზიციონერებმა ერთპარტიული პარლამენტი მრავალპარტიულად აქციეს და ამთ უდიდესი პრობლემა მოუხსნეს ხელისუფლებას. ამიტომ ამ მხრივ, შევა თუ არა დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში, არაფერი იცვლება – მოსახდენი უკვე მოხდა.

რაც შეეხება მეორე პუნქტს – რას ვკარგავთ და რას ვიღებთ პარლამენტში შესვლით – შესვლით ვკარგავთ ამომრჩეველთან ნაწილს, არშესვლით ვკარგავთ საპარლამენტო პარტიის სტატუსს და მცირდება საერთაშორისო მხარდაჭერა.

ახლა ავწონ–დავწონოთ, რას გვაძლევს პარლამენტში შესვლა და რას გვაძლევს არშესვლა და რა შემტხვევაში აქვს ან ერთს, ან მეორეს აზრი.
არგუმენტები, რაც სახელდება შესვლის სასარგებლოდ:

1. საპარლამენტო ტრიბუნა – ძალიან სუსტი არგუმენტია, ეს ტრიბუნა არის ყველგან, მით უმეტეს რომ პარლამენტში ყველაფერს რაოდენობა წყვეტს და არა ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლა – ამის გამოცდლება უკვე გვაქვს.

2. ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი – ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი ბერკეტი პარლამენტის წევრობა არ არის, თუ უმცირესობაში ხარ და ესეც უკვე ვნახეთ.

3. დასავლეთის კეთილგანწყობა – თუ ამომრჩეველი და მხარდაჭერა შეგიმცირდა ან გამოგეცალა, დასავლეთის ინტერესიც ქრება და არც ესაა სადაო;

4. სხვა პარტიებთან ნორმალური და არა ხისტი ურთიერთობის შენარჩუნება – თუ ენმ–ზეა საუბარი, ნებისმიერ ვითარებაში, ყველა მცირერიცხოვანი პარტია ენმ–ს მაინც ებრძვის, ღიად ან ფარულად, ამიტომ არც ესაა არგუმენტი.

ახლა ვნახოთ რას გვაძლევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა:

მოსახლეობის მხრიდან ნდობის შენარჩუნება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ რომ რეფერენდუმის ფუნქციის მქონე ადგილობრივ არჩევნებამდე სიტუაცია ხელში ავიღოთ და ვიყოთ უაღრესად აქტიური ქუჩაში – არც ისე დიდი დროა გასაძლები, თუ საამისო რესურსი არსებობს. დასავლეთის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში გარანტირებულია (ვარდების რევოლუცია გავიხსენოთ). არის ამის რესურსი? მე არ ვიცი და ამიტომ ამაზე პასუხი არ მაქვს. თუ არის, მაშინ, ჩემი აზრით ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა მიზნის მისაღწევად.

თუ არ არის, გასარკვევია, რა არის ამის მიზეზი – ოპოზიციის პასიურობა, ხალხის პასიურობა თუ ორივე ერთად და ამის მიხედვით გარკვევა, შეიძლება თუ არა ამმდგომარეობის გამოსწორება – ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ დ ამიტომ ამაზე პასუხი არ მაქვს.

რა შეიძლება მოხდეს ადგილობრივ არჩევნებზე იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოსახლეობის მხარდაჭერას თუნდაც ნაწილობრივ კარგავს? ეს დაკარგული ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში დარჩება სახლში.

არის ერთი გარემოება – თუ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გახარიას პარტია, ან მისი მსგავსი, ის სერიოზულად გაუყოფს ხმებს “ოცნებას” და რიგგარეშე არჩევნების თემა შესაძლოა მართლა დადგეს, მაგრამ რეიტინგდაკარგული ოპოზიციის პირობებში, ასეთი პარტია შესაძლოა გამარჯვებული არა, მაგრამ ფავორიტი გახდეს და ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებზე არაფერი შეიცვლება – უბრალოდ “ოცნება” ჩანაცვლდება კრემლის ახალი მსახურით. გვინდა ეს? არ გვინდა, რა თქმა უნდა.

როგორც ვხედავთ, ასე მარტივად არაა საქმე და პარლამენტში შესვლით ან არშესვლით არ წყდება ყველაფერი. სამწუხაროდ, უკვე ბევრი რამ გაფუჭდა და კიდევ რომ არ დავამატოთ, ცივი გონებით ფიქრია საჭირო – რა გზას დავადგეთ რომ მიზანს არ ავცდეთ.

ამ ეტაპზე მე მხოლოდ ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა: თუ აქტიურობის რესურსი არსებობს, ემოციურადაც და პრაგმატულადაც მე ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის მომხრე ვარ, თუ ეს რესურსი არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ეს უკვე პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, რადგან ამ ინფორმაციას ისინი ფლობენ, მე არა.

თუ “ენმ” გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას და ქუჩის რესურსების უქონლობის გამო იქიდან ბრძოლას, ეს ჩემთვის უაღრესად მძიმე მომენტია, მაგრამ მე მაინც წავალ და ენმ–ს მივცემ ხმას, რადგან სხვა შემთხვევაში სახლში უნდა დავრჩე და ეს კი ხელისუფლებისთვის მიცემული ხმაა.

ასე რომ საარჩევნოდ პრობლემა მე და ჩემნაირები არ ვართ. საკითხავი ისაა, რამდენი იფიქრებს ასე და ამდენს?.. ძალიან არ მინდა რომ წავაგოთ, ძალიან! ეს მარტო ჩვენი წაგება არ არის – ეს ამ ქვეყნის მომავალზე უარის თქმაა.

ჰოდა ვიფიქროთ ყველამ ერთად, ავწონ–დავწონოთ ყველაფერი და მოვიგოთ! რომელი გზითაც არ უნდა იყოს., უნდა მოვიგოთ. ენმ–ს ამომრჩევლის სტატუსი”– წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?