რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა 2 ლარი გახდა

274
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მიმოსვლა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა.  ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანმა შპს ,,ინტერ ტრანსმა“ განაცხადა, მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მძღოლებმა მიიღეს, თუმცა კომპანია საქმის კურსში იყო.

,,ინტერ ტრანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კომპანიას მძღოლებმა საწვავისა და სხვა ხარჯების გაზრდის გამო დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს და მგზავრობის საფასურის 50 თეთრით მომატება მოითხოვეს.

როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა განმარტავს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასურის ზრდა მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული და ის თვითნებურად გაიზარდა.

„კომპანიასთან, რომელსაც კონკურსის წესით აქვს მოგებული მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიას აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, ამის შემდეგ მომხდარიყო მგზავრთა ტარიფისა და იმ თანხების დაფიქსირება, რომელიც კომპანიამ თანხის ზრდასთან დაკავშირებით დაასახელა. ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მივმართეთ კომპანიას ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად ასახავდა სურათს და არა ცალმხრივად. ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური. დილიდანვე სამსახურები გასულები არიან, რომლებსაც ევალებათ მონიტორინგი. მგზავრობის ფასი საკრებულოს დადგენილებით არის დაწესებული და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE