გიორგი გახარიას პარტიის პროგრამული ხედვა

224
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტიამ „საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა წარადგინა. წარმოგიდგენთ დოკუმენტს სრულად:


„საქართველოსთვის“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვის მთავარი მიზანი არის ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა. აღნიშნული მიიღწევა პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობით, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არსებულ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვისა და განათლების სისტემა, ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალური დღის წესრიგით მოქმედება. ამასთან, თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

ჩვენი პროგრამული ხედვა ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას:

  1. განვითარება
  2. დემოკრატია
  3. უსაფრთხოება

ჩვენი ხედვით, შემდგომ წლებში, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

  • სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს;
  • მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზნის შექმნის გზით;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრ-სადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით;
  • განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
  • სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.

რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:

  • საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება;
  • ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;
  • ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;
  • საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.
  1. განვითარება

სწრაფი განვითარების პოლიტიკის  პრინციპები

ჩვენი მიზანია პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ხელს უწყობს სამეწარმეო ინიციატივას და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მიზანია კერძო სექტორის განვითარებაზე დაფუძნებული სწრაფი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა და დასაქმების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

საქართველოს ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გლობალიზაციის პროცესში კონკურენტუნარიანობა, რაც წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მდგრადობის აუცილებელ წინაპირობას. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მეორე მიზანია ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

სანამ სწრაფი ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი არ გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი, გამოწვევას წარმოადგენს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალური უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მესამე მიზანია რაციონალური და სამართლიანი სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნა, რომელიც სადაც შესაძლებელია, ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ აქტივობას ან სამართლიანად უზრუნველყოფს მათ.

ამასთან, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის, მაღალანაზღაურებადი, სტაბილური დასაქმების შექმნისა და უმუშევრობის შემცირებისთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მეოთხე მიზანია თანამედროვე განათლების სისტემის გამოყენებით საქართველოსთვის შესაბამისი ევროპული მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე უნარების და ცოდნის მქონე პროფესიონალებს, რაც ასევე აუცილებელია გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებისათვის.

სწრაფი ეკონომიკური ზრდა – მეტი სამუშაო ადგილი

იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე დაუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის და შესაბამისად, საშუალო შემოსავლების მაღალი ტემპით ზრდა – საშუალოდ 2-2.5-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, რისთვისაც ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის და შენარჩუნებისთვის ჩვენ განვახორციელებთ:

  • პოსტ-პანდემიურ საინვესტიციო პოლიტიკას;
  • ბიზნეს-გარემოს შემდგომ განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს;
  • ახალი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის შექმნისთვის საჭირო ეკოსისტემის ხელშეწყობას;
  • კონკურენტული და სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნას;
  • სახელმწიფო აქტივების ეკონომიკაში ჩართვას.

ამავდროულად, ჩვენ განვახორციელებთ ევროკავშირთან საქართველოს სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკას, რაც დაეფუძნება სახელმწიფო ხელშეწყობის შესაბამის ღონისძიებებს.

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდის სარგებელი და შედეგები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ამისათვის, ჩვენ გავაუმჯობესებთ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ჩარჩოს.

  1. მეტი ინვესტიცია – სწრაფი განვითარებისთვის

პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური აღდგენის პროცესის განხორციელებისა და სამუშაო ადგილების სწრაფად შესაქმნელად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ძირითადი წყარო იქნება კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რასაც მივაღწევთ ინვესტიციების წახალისებაზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ახალი საინვესტიციო პოლიტიკით. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება იქნება სწრაფი დასაქმებისთვის საჭირო სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო.

ამავდროულად, პოსტ-პანდემიურ პერიოდში შევქმნით ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის, ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის, ნიშური, მსუბუქი ინდუსტრიალიზაციის წახალისების და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით, რაც გულისხმობს ექსპორტზე ორიენტირებულ თანამედროვე საინვესტიციო პოლიტიკას.

  • 2025 წლამდე ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს 50 მლნ. ლარის ღირებულების ინვესტიციას (გარდა წინასწარ დადგენილი ეკონომიკური საქმიანობებისა) საქართველოს რეგიონებში და შექმნის სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, ინვესტიციის განხორციელებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ გადასახადებს.
  • ამავდროულად, აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი სახელმწიფოსგან მიიღებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქტივებს.

განხორციელდება იმ ინვესტიციების ხელშეწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ახალი პროდუქციის წარმოებაზე (რომლის წარმოება დღეს არ ხორციელდება) ადგილობრივი ბაზრისთვის ან/და საექსპორტოდ. კერძოდ:

  • ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე საექსპორტო საქონლის წარმოებისთვის (გარდა წინასწარ დადგენილი საქმიანობებისა), ექსპორტის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 5%-ის ოდენობით.
  • ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას 2025 წლამდე, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროდუქციის წარმოებას (წინასწარ დადგენილი სასაქონლო კოდების მიხედვით), პირველი რეალიზაციის განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში მიიღებს სუბსიდიას რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 5%-ის ოდენობით.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების და სხვა ინსტრუმენტების გაძლიერების გზით.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშეწყობის ცალკე პოლიტიკის შემუშავება. ჩვენი პროგრამული ხედვის შესაბამისად, აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს საქართველოს განვითარების პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობას და „მდგრადი“ საინვესტიციო საერთაშორისო ფონდების რესურსების გამოყენებას.

მსხვილი ინვესტორებისთვის თანამედროვე, ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან დაკავშირებით შესაძლო ნებისმიერ, მათ შორის, საგადასახადო დავების პირობებში, გამოიყენონ საერთაშორისო საარბიტრაჟო მექანიზმები.

განხორციელდება სპეციალური ხელშეწყობის რეჟიმის შეთავაზება, შეთავაზების არხების განვითარება, ფართო რეგიონში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების საოპერაციო პროცესების საქართველოში გადმოტანის მიზნით. ამ მექანიზმების გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოს ფართო რეგიონის საერთაშორისო ოპერაციების ცენტრად ჩამოყალიბებას.

იმისთვის, რომ ინვესტიციების წახალისების ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს როგორც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციას, თითოეული მექანიზმი დაეფუძნება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „ჯერ ქართულის“ პრინციპით შეთანხმებას. ეს  გულისხმობს, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას და ბიზნესის ოპერირებისას, ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ საქართველოში არსებული ან წარმოებული ადეკვატური (ხარისხით და ღირებულებით) საქონლის/მომსახურების/ადამიანური კაპიტალის არსებობის შემთხვევაში გამოიყენებს/დაასაქმებს მათ.

პოსტ-პანდემიური სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესის ხელშეწყობის პარალელურად, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს სახელმწიფოს ხელთ არსებული მეწარმეთა და ფერმერთა გრძელვადიანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები. მოხდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების რეალური კონსოლიდაცია კორპორატიული მართვის სტანდარტებზე დაფუძნებულ სპეციალურ ფინანსურ მექანიზმში, რომლის ფარგლებში დაინერგება „ერთი ფანჯრის პრინციპი“ – საბიუჯეტო რესურსების უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოყენებისა და მეტი შედეგიანობისთვის.

  1. უკეთესი სამეწარმეო გარემო – განვითარების მდგრადობისთვის

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მიმზიდველი სამეწარმეო გარემო, რაც მიღწეული იქნება ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სისტემური რეფორმებით, რომლის შედეგადაც საქართველოს სამეწარმეო გარემოს „სავიზიტო ბარათი“ იქნება:

  • ყველაზე დაბალი გადასახადების ეკონომიკა და თანამედროვე საგადასახადო სისტემა, რაც გულისხმობს პირდაპირი გადასახადების (საშემოსავლო და მოგების გადასახადის) ეტაპობრივ კლებას 3 წლის განმავლობაში (საშემოსავლო გადასახადი – 10%-მდე, მოგების გადასახადი – 10%-მდე), რაც საჭიროებისამებრ დაბალანსდება დამატებული ღირებულების გადასახადით. ეს ნიშნავს მინიმალურ გადასახადს ბიზნესისთვის, გაზრდილ ხელფასს დასაქმებულისთვის.
  • ავტომატიზირებული საგადასახადო ადმინისტრირება, რაც ნიშნავს შემსუბუქებულ ბიუროკრატიას, მათ შორის, მცირე ბიზნესისთვის ავტომატიზირებული დეკლარირების სისტემის შემოღებით.
  • დღგ-ს შეღავათების არსებული არაეფექტიანი სისტემის ეტაპობრივი შემცირება, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 9 მლრდ. ლარის საბიუჯეტო რესურსის მობილიზებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ ყველა მეწარმე იქნება თანაბარ კონკურენტულ გარემოში. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსების სოციალური დაცვის სისტემის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს მოწყვლადი და დაბალშემოსავლიანი სოციალური ჯგუფები.
  • საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის შეზღუდვა/გაუქმება, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან კონკურენტულ გარემოს ყველა მეწარმესთვის.
  • საგადასახადო დავების ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს, ერთის მხრივ, თავად ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ზრდას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს პროფესიული სტანდარტით დაკომპლექტებას, ხოლო მეორეს მხრივ, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ცვლილებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, დადგენილი დასაშვები ნორმების ლიბერალიზაციას (აწევას).
  • ონლაინ დასაქმების ხელშემწყობი თანამედროვე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რაც ნიშნავს, მეტ ონლაინ დასაქმებას – მეტ კომფორტს დასაქმებულისთვის, ნაკლებ დანახარჯებს მეწარმისთვის.
  • 1 სახელმწიფო გადასახადი ბიზნესს, რაც ნიშნავს დივიდენდის და მოგების გადასახადის გაერთიანებას და 15%-იანი განაწილებული მოგების გადასახადად გარდაქმნას.
  • სწრაფი და ეფექტიანი სასამართლო პრაქტიკა ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს კომერციული დავების გადაწყვეტის ეფექტიან სასამართლო სისტემას, ცალკეული კომერციული დავებისთვის სასამართლო პალატის ჩამოყალიბებას და კომერციულ დავებზე დიფერენცირებული ბაჟის შემოღების გზით, სასამართლო განხილვის დაჩქარებული სერვისების განვითარებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ამ მიმართლებით რეფორმირებისა და მოსამართლეებისთვის შესაბამისი განგრძობადი განათლების ინსტრუმენტების შექმნით.
  • ყველა სახელმწიფო სერვისის ელექტრონულად მიწოდება ბიზნესისთვის.
  • „ციფრული ინვესტორის“ პლატფორმა, რაც ნიშნავს უცხოელი ინვესტორის შესაძლებლობას საქართველოში ჩამოსვლის და ყოფნის გარეშე, სრულად მართოს საკუთარი ბიზნესი საქართველოს ტერიტორიაზე.
  • ალტერნატიული დაფინანსება ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს არასაბანკო და დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას და მის პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებას. ეს მოიცავს როგორც საფონდო-ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ასევე სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის), საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება სტარტაპ ეკოსისტემის თანაბრად შემადგენელი, მაგრამ ამავე დროს, მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკისა და ერთმანეთისგან გამიჯნული ამოცანებისა და საჭიროებების მქონე ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებისთვის:

  1. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს აკმაყოფილებს, არ საჭიროებს ინოვაციაზე დაფუძნებულ კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის შემთხვევაში კი მცირე ან საშუალო ზომის კომპანიად ყალიბდება.
  2. ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ტიპის ინოვაციას, მათ შორის, ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესის ან ბიზნეს მოდელის ინოვაციას და გააჩნია პოტენციური კონკურენტული უპირატესობა, სცილდება ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს, რეგიონულ ან გლობალურ მასშტაბზე აგრძელებს საქმიანობას და საერთაშორისო კომპანიად ყალიბდება.

ზემოაღნიშნულისთვის, შეიქმნება ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც ორივე ტიპის ბიზნესი გვერდიგვერდ იარსებებს, მაგრამ მათი წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული ინიციატივები და მხარდამჭერი მექანიზმები იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტი და შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურათა შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე.
  • საგრანტო მექანიზმებთან ერთად, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა საინვესტიციო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდით გაგრძელდება. ამისათვის, მოხდება როგორც ქართველ, ისე უცხოელ კერძო ინვესტორებთან და ვენჩურული კაპიტალის კომპანიებთან აქტიური მუშაობა, მათ შორის, მათი საქართველოში შემოყვანა და პოტენციურად წარმატებულ ქართულ სტარტაპებში გრძელვადიან ინვესტირებაში დაინტერესების ხელშეწყობა.
  1. სახელმწიფო აქტივების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის

სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების სწრაფად ჩაშვება ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის:

  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სწრაფად ჩართვა ეკონომიკაში.
  • წიაღის რეფორმის ახალი ეტაპის განხორციელება.
  • სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.
  • მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულება.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული რესურსის საზოგადოების ინტერესების შესაბამისად გამოყენების ჩარჩოს ჩამოყალიბება.
  1. ახალი რეგიონული პოლიტიკა – მეტი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრებთათვის

საქართველოს რეგიონული ეკონომიკური გაძლიერებისთვის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულების/მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალის განვითარება. ეს ნიშნავს ახალ, თანამედროვე რეგიონულ პოლიტიკას, რომელიც იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.

ჩვენი ახალი რეგიონული პოლიტიკის მიზნები მორგებულია დასახლებული პუნქტების ზომაზე, დასახლების განვითარების პოტენციალზე და სხვა ფაქტორებზე.

  1. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მცირე დასახლებებში (50 კომლამდე/არაუმეტეს 200 მოსახლისა), ახალი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში ორიენტირი გაკეთდება საბაზო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფელში დამატებით არანაკლებ ერთი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებულ განვითარებაზე – სამეწარმეო, ტურისტული თუ სხვა კომერციული საქმიანობის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვრისპირა და საოკუპაციო ხაზთან მსგავსი დასახლებების ეკონომიკურ გაძლიერებას, სოფელსა და ურბანულ ცენტრებს შორის მობილობის ხელშეწყობას, სოფელსა და ურბანულ ცენტრს შორის ეკონომიკური კავშირის გაძლიერებას. აღნიშნულის ფარგლებში:
  • მოხდება სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, გაზიფიკაციის და ინტერნეტიზაციის ეროვნულ გეგმაში აღნიშნული სოფლების პრიორიტეტიზაცია;
  • მოწესრიგდება სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გადაიხედება მუნიციპალური სატრანსპორტო განრიგი, გაუმჯობესდება სატრანსპორტო მომსახურება, მოხდება გზების საფარის და გზებზე სადრენაჟო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ;
  • გატარდება აღნიშნული დასახლებებისთვის ბიო და ორგანული მეურნეობების, როგორც პირველადი, ასევე გადამამუშავებელი წარმოების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის პოლიტიკა;
  • საზღვრისპირა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე მცირე სოფლების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ამ სოფლებისთვის შემუშავდება განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც სოფლების ეკონომიკური გაძლიერების ღონისძიებებს, ასევე სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი სხვა საჭიროებების (სოციალური სტრუქტურა, დემოგრაფიული სტრუქტურა, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებები და სხვა) უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
  • განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ან/და ტურისტული ან/და წიაღისეული რესურსების კონსოლიდაციის ხელშეწყობა, რისთვისაც სახელმწიფო განახორციელებს მცირე სოფლების ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ასეთ სოფელში გამოვლინდება საუკეთესო სამეწარმეო ინიციატივის ავტორი/ავტორები, რომელსაც სახელმწიფო, თანადაფინანსების ფარგლებში, გამოუყოფს 50 000 ლარამდე რესურსს, ასევე, აღმოუჩენს ბიზნესის პროექტის დაგეგმვის და განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ დახმარებას.
  1. მჭიდროდ დასახლებული სოფლებისა და დაბებისთვის, ჩვენი ახალი რეგიონული პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობის ზრდა, ორგანიზებული საწარმოო შესაძლებლობების წახალისება, ფერმერული მეურნეობების ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ეკონომიკური გააქტიურება. აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
  • სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, დაინერგება ხელშეწყობის პროგრამა 1+1, რაც გულისხობს მეწარმეთა ჯგუფის მიერ ძირითადი საშუალებების შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის ერთმაგი ოდენობით თანადაფინანსებას.
  • გაიზრდება საზოგადოებრივი სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული კაპიტალური პროექტების (ბაგა-ბაღების, სკოლების და სხვ. მშენებლობა) დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში აღნიშნული დასახლებების შესაძლებლობები, რაც წაახალისებს ადგილობრივ დონეზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  • სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში წახალისდება ახალგაზრდების მონაწილეობა აღნიშნული პროექტების გადარჩევის და საკონკურსო ეტაპზე.
  • სოფლის მეურნეობის ტერიტორიულ ორგანოებში დაინერგება საგანმანათლებლო – საკონსულტაციო მომსახურების პროაქტიული სისტემა, რაც გულისხმობს თანამედროვე აგრო მეურნეობისთვის საჭირო ტრენინგის მიწოდებას მთელი წლის განმავლობაში, დაინტერესებული პირებისთვის წინასწარ, შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.
  • ტერიტორიული დაფარვის არეალში, მიმართვის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ტერიტორიული ერთეულების მიერ განხორციელდება ფერმერისთვის მისი მეურნეობის ეფექტიანად მოვლა-პატრონობის სახელმძღვანელოს შემუშავება.
  1. რაც შეეხება მსხვილი რეგიონული და მუნიციპალური ცენტრების განვითარების საკითხს, ჩვენი მიზანია ისეთი რეგიონული პოლიტიკის გატარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში და მუნიციპალურ ცენტრებში მეტი პერსპექტივის, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობის, მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას და ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, რეგიონული პოლიტიკა მიმართული იქნება განვითარების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება:
  • სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნა, რეგიონებში სამეწარმეო ინიციატივის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
  • სახელმწიფოს მხრიდან რესურსების და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
  • მმართველობის ახალი მოდელის შეთავაზება და დეცენტრალიზაციის გაძლიერება.

რეგიონებსა და მუნიციპალურ ცენტრებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ადგილობრივ მეწარმეთა და ფერმერთა შესაძლებლობების ზრდა განხორციელდება სახელმწიფოს მიერ თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნის და რეგიონებში სამეწარმეო პოტენციალის განვითარების გზით, რის შედეგადაც თითოეული რეგიონი კვლავ შეიძენს თავის ეკონომიკურ ფუნქციას. მათ შორის:

  • განხორციელდება მუნიციპალიტეტების ეკონომიკური რესურსების (ბუნებრივი, ადამიანური, ტურისტული, საწარმოო და სხვ.) შეფასება, მათი ისტორიული „დასაქმების“ გამოცდილების ანალიზი და დაიგეგმება რესურსების ეფექტიანად ათვისების გზები.
  • განხორციელდება რეგიონებში საინვესტიციო აქტივობის გაძლიერება – მუნიციპალიტეტების პოლიტიკა მიმართული იქნება ადგილობრივად ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
  • განხორციელდება სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო მხარდაჭერის ფუნქციისა და პროგრამების ადგილობრივ დონეზე დელეგირების გზით.
  • გაგრძელდება კაპიტალური ინვესტიციები მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, რაც რეგიონებში დასაქმების ახალ პერსპექტივებს შექმნის.

სახელმწიფოს მხრიდან, მის ხელთ არსებული რესურსების რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში ჩართვისთვის და მოსახლეობისა და ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის:

  • მოხდება ახალი მუნიციპალური სერვისების განვითარება – კომუნალური სერვისების, დიფერენცირებული მუნიციპალური სერვისების და სხვა მიმართულებების გაძლიერებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის გზით.
  • გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები.
  • გაიზრდება სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში მუნიციპალიტეტის წილი.
  • გაძლიერდება მუნიციპალური ქონების პრივატიზება, მიზნობრივი ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის.
  • სათიბ-საძოვრების და ბუნებრივი და მინერალური რესურსების მართვა დელეგირებული უფლებამოსილებით ეტაპობრივად გადაეცემა მუნიციპალიტეტს მმართველობაში.

რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ეფექტიანი პოლიტიკის გატარება. ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ისევ ჩაბმულია დაბალპროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენი ამოცანაა:

  • სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი საინვესტიციო გარემოს ფორმირება.
  • აქცენტი მაღალი დამატებული ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნაზე, მათ შორის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.
  • სოფლის მცხოვრებთათვის შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენა, სასოფლო-სამეურნეო აქტივობებზე მიბმული მცირე საოჯახო ბიზნესის, მათ შორის, ბიო და ორგანული მეურნეობის ხელშეწყობის გზით.
  • პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობისთვის, ფერმერთა მხარდაჭერის სპეციალური პროგრამების განხორციელება.
  • განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაზე, მოთხოვნებთან ადაპტაციაში დახმარების გზით.
  • ქვეყნის მასშტაბით, საჯარო-კერძო თანამშრომლობის გზით, თანამედროვე სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრების შექმნა, პროდუქციის შენახვის და გადამუშავების პირობების დაკმაყოფილებისთის.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ადგილობრივი თვითმმართველობის არსებული მოდელი, საქმიანობის ყველა მიმართულებით, მათ შორის, რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კომპეტენციის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და მმართველობის მოდელის ცვლილების პარალელურად, გატარდება შემდეგი ღონისძიებები:

  • ფისკალური დეცენტრალიზაცია შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საკანონდებლო ჩარჩოს, პრიორიტეტიზაციის წესების, თვითმმართველი ერთეულების ფინანსური რესურსების საჯარო ანგარიშგების და საზოგადოების ჩართულობის პრინციპებს ისე, რომ უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულებისთვის ადეკვატური და დასაბუთებული ფინანსური რესურსების მიწოდების, მათი შემოსავლების დაგეგმვის, ადმინისტრირების, ზედამხედველობის და თვითმმართველი ერთეულების ანგარიშვალდებულების გარანტიები.
  • ამავდროულად, კორუფციული და სხვა რისკების მინიმიზაციისთვის, პროცესში დაინერგება „რისკების დაზღვევის“ მექანიზმები და რეგიონების დაფინანსება გახდება მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და მათ მიერ გასული წლების „შედეგიანობაზე“ დაფუძნებული.
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება “სახალხო ბიუჯეტის” კონცეფცია, რომელიც გულისხმობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კანონით დადგენილი წილის განკარგვაში ფართო საზოგადოების ჯგუფების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების და პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის პროცესებში.

მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია

საქართველოში რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სახელმწიფოს მთავარ შესაძლებლობას მცირე ბიზნესის ეკოსისტემა და როგორც მცირე წარმოების, ასევე მომსახურების სფეროს პოტენციალის ათვისება წარმოადგენს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურათა შორის კოორდინაციის მექანიზმი – „მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია“, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე – საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე. კერძოდ, აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს:

  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტების კონსოლიდაციას;
  • შესაბამის ტექნიკურ დახმარებას;
  • საკონსულტაციო და ინტელექტუალურ მხარდაჭერას;
  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკის ტერიტორიულ იმპლემენტაციას;
  • მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფას;
  • ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას;
  • კვალიფიციური ადამიანური რესურსების მობილიზებას;
  • ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემასთან ინტეგრაციას და ა.შ.

რეგიონის სპეციფიკის შესაბამისი მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, „მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის“ ქვეშ გაერთიანდება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინსტრუმენტები. აღნიშნული მექანიზმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ეფექტიანი კოორდინაცია.

„მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია“ კოორდინაციას გაუწევს მცირე ბიზნესის ფარგლებში ისეთი პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, როგორიცაა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში წარმოების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა, მეწარმეთა და ფერმერთა გრძელვადიანი მხარდაჭერა, მცირე ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება, მცირე სოფლების განვითარება.

„მიზიდულობის ცენტრები“

რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა. ეს მიზანი მიიღწევა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენ განვახორციელებთ პროგრამას „მიზიდულობის ცენტრები“, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის ახალი ცენტრების გაჩენას რეგიონებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების განხორციელების გზით (მათ შორის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის მოდელით).

აღნიშნული კონცეფცია ეფუძნება რეგიონებში არსებული პოტენციალის და ეკონომიკური შესაძლებლობების ანალიზს და განვითარების ტენდენციების გამოვლენას. კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ინდუსტრიას და ა.შ.

ამ მოდელის განხორციელება განსაკუთრებით ეფექტიანია ტურიზმის სფეროში იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ტურისტული დანიშნულის ადგილები, თუმცა, ისინი ნაკლებად ცნობადი და პოპულარულია ან ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით სრულიად ახალ ადგილებში. კერძოდ, არსებული ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების გარდა, ხელი შეეწყობა ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტების ჩამოყალიბებას, მათ შორის:

  • ქვემო ქართლში შეიქმნება ე.წ. „გერმანული დასახლებების“ ტურისტული აგლომერაცია ბოლნისსა და ასურეთში, სადაც სახელმწიფო ინვესტიციები უზრუნველყოფს ისტორიული უბნების სრულ რეაბილიტაციას და კერძო სექტორის მხარდაჭერას ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში. გარდა ამისა, ქვემო ქართლს აქვს ადამიანის ევოლუციის ისტორიის ტურისტული მიმართულების განვითარების პოტენციალი „პირველი ევროპელის ნაკვალევზე“, რომელიც მოიცავს ბოლნისის მუზეუმს, დმანისის ნაქალაქარს და შულავერის, გადაჭრილი და იმირის გორის „ვაზის მარშრუტს“, სადაც ასევე შესაძლებელია ღვინის მუზეუმის განვითარება. ახალი ტურისტული მარშრუტი ასევე გაზრდის ალგეთის ეროვნული პარკის და ბირთვისის კანიონების ტურისტულ პოტენციალს.
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მნიშვნელოვანია შაორის ტბის პოტენციალის ათვისება. ასევე, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი გააჩნია შოვისა და უწერას ისტორიულ კურორტებს, ასევე ღების თემის ახალ ტურისტულ მიმართულებას.
  • სამცხე-ჯავახეთში ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება შესაძლებელია ერთის მხრივ, კოლორიტული ისტორიული სოფლების (მაგ: გორელოვკა) რეაბილიტაციის გზით, ასევე ფოკას მიმართულებით პილიგრიმული ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბებით და აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის გარშემო ტურისტული აგლომერაციის შექმნით. ვარძიისა და მიმდებარე ტერიტორიების საფუძველზე (სოფლები გოგაშენი, აფნია და სხვა) ახალი, მაღალი კლასის ტურისტული მიმართულების განვითარება.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩამოყალიბდება რამდენიმე ახალი ტურისტული ცენტრი, მათ შორის, აბაშაში ტურისტული ცენტრი აკაკი ხოშტარიას სახლ-მუზეუმის გარშემო, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში ციხე-გოჯის გარშემო ახალი ტურისტული ცენტრი და დედამოკას ხეობის პოტენციალის ათვისება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარება, მაღალმთიან სამეგრელოში დაცული ტერიტორიების განვითარება, ლებარდეს კურორტის აღდგენა/რეაბილიტაცია, ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების განვითარება მენჯის და ცაიშის კურორტების აღდგენა/რეაბილიტაციით, კოლხეთის ეროვნული პარკის/პალიასტომის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/განვითარება.
  • კახეთში ყვარელი-თელავის ტურისტული აგლომერაციის განვითარება; არსებული ტურისტული მიმართულებების გაძლიერება, თელავში ტურისტული დანიშნულების აეროპორტის განვითარება.
  • მცხეთა-მთიანეთში, უპირველეს ყოვლისა, ქალაქ მცხეთის შემდგომი განვითარება გენგეგმის დამტკიცების საფუძველზე, ასევე სოფელ მუხრანის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების განვითარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ბაზალეთის ტბას და სიონის წყალსაცავს, მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ახალი ტურისტული მიმართულების განვითარება შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მე-19 საუკუნის ჭილაშვილების სასახლის ციხე-დარბაზის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციით და მათი ერთიან კონტექსტში განხილვით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თრუსოს ხეობას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, კერძოდ, მნიშვნელოვანია რესტავრაცია ჩაუტარდეს ისტორიულ კოშკებს, სოფ. დესის ნასოფლარს და ა.შ.
  • გურიაში მაღალი კლასის კურორტების შექმნა ბახმაროს და გომისმთის მიზნობრივი განვითარებით.
  • იმერეთში მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია ქალაქ ქუთაისს და მის გარშემო ტურისტულ აგლომერაციას როგორც ისტორიული ძეგლების, ისე თანამედროვე ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტურისტული და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია და მისი განვითარება საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებად. დამატებითი უპირატესობა ამ შემთხვევაში აქვს ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს.
  • შიდა ქართლში ატენის და რკონის ხეობების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის და დაცული ტერიტორიის განვითარების თვალსაზრისით. გორის ციხის სრული რეაბილიტაცია/დაბრენდვა და ახალ ტურისტულ ლოკაციად გადაქცევა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოსტეს „მოურავის კოშკის“ აღდგენა. ძამას ხეობის დაკავშირება მიტარბი-ბაკურიანთან. სურამის ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და თავისუფალი ტურისტული ზონის ჩამოყალიბების გზით; სურამის ციხის რეაბილიტაცია.
  • აჭარაში ქობულეთი-ბათუმი-გონიოს მრავალფუნქციური ტურისტული აგლომერაციის განვითარება, მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა/რეაბილიტაციის გზით.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის შექმნის ან კერძო სექტორის მიერ შესაბამისი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის მასშტაბური პროექტის განხორციელების პარალელურად, სახელმწიფო დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, დაიწყონ/გააფართოვონ ბიზნესი, რათა გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და შექმნან სამუშაო ადგილები. ამ მიზნით, გამოყენებული იქნება ყველა არსებული ინსტრუმენტი, მათ შორის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების სხვადასხვა კომპონენტები, ასევე, თავისუფალი ტურისტული ზონების საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისი განახლებებით და ა.შ. გარდა ამისა, მცირე დასახლებების შემთხვევაში, მოსახლეობას შეეძლება ყველა იმ ინიციატივით სარგებლობა, რომელიც ჩვენი პროგრამული ხედვით არის გათვალისწინებული.

ამავე დროს, ჩვენ განვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს თითოეულ რეგიონში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში, როგორიცაა:

  • თბილისის მეტროს გაფართოების პროექტი დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით;
  • ქალაქ რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით თბილისთან და რუსთავი-თბილისის აგლომერაციის შექმნა;
  • ბათუმში პორტისა და აეროპორტის კონცეფციის ცვლილება; ქალაქის ურბანული განვითარებიდან აქცენტის ეკოლოგიურად სუფთა ტურიზმის განვითარებაზე გადატანა, ქობულეთი-ბათუმი-გონიოს მრავალფუნქციური ტურისტული აგლომერაციის ჩამოყალიბება;
  • ქუთაისში აეროპორტის გარშემო მსხვილი, რეგიონალური მნიშვნელობის საწარმოო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნება და სხვა.
  • ფოთში საერთაშორისო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება და ფოთის აეროპორტის განვითარება სატვირთო გადაზიდვებისთვის.

დეტალური ინფორმაცია რეგიონებში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე  წარმოდგენილი იქნება თვითმმართველობის პროგრამაში „რეგიონები საქართველოსთვის“.

საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება

საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მდგრადობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ფაქტორს. კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ განვახორციელებთ საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სისტემური ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციას და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

  1. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება – მეტი სარგებლისთვის

ექსპორტზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მეწარმეთა და ბიზნეს საზოგადოებისთვის საექსპორტო ბაზრებთან წვდომის გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ექსპორტის ზრდას საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობების გამოყენების გზით. ამ მიზნით:

  • შეიქმნება საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილ ბიზნესთან ინფორმაციის მიმოცვლისა და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები.
  • დაინერგება ექსპორტის დაკრედიტების ინსტრუმენტები ექსპორტიორთა ფინანსური მხარდაჭერისთვის.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეალურ ამოქმედებას და ევროკავშირის მაღალმხარჯველიან ბაზარზე პრიორიტეტულ გასვლას. ამ მიზნით, შეიქმნება ექსპორტის ზრდის ახალი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად შეფასდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და შემუშავდება ამ ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებულ მეწარმეთა რეალური მხარდაჭერის ინსტრუმენტები.
  • პრიორიტეტული იქნება ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.

ასევე, პრიორიტეტულია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.

  1. სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარება – ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს, როგორც რეგიონული „ჰაბის“ ფუნქციის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას. პრიორიტეტული იქნება საგზაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, ასევე საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. ინვესტიციები განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, ავტობანის დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე საპორტო ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, შავი ზღვის პორტებში ევროკავშირის პორტებთან საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფა, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ცენტრები, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ეფექტიანობის ამაღლება, სატრანსპორტო სისტემების ინტეგრირებული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საყოველთაო ინტერნეტიზაცია და ა.შ.

  1. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა

ენერეგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ენერგოგამომუშავების დივერსიფიცირება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტურად ათვისება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ისეთი ჰესების მშენებლობა, რომელიც დააბალანსებს ქვეყნის ჰიდრორესურსების სეზონურობას და იქნება გარანტი, რომ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი გამომუშავების სტაბილური და საკმარისი ოდენობის უზრუნველყოფა.

ამავდროულად, მზარდი ენერგომოთხოვნის პირობებში, ჩვენ შევიმუშავებთ მცირე ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის პოლიტიკას, რაც თავისუფალი ენერგობაზრის არსებობის პირობებში, შექმნის მცირე ჰესების არამხოლოდ ენერგეტიკული, არამედ ეკონომიკური პოტენციალის ათვისების საფუძველს.

ქვეყნის ენერგოპოლიტიკაში ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ენერგოეფექტურობის სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის.

  1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

მაკროეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამ მიზნით, საჭიროა:

  • ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რაც მიიღწევა კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობით შექმნილი სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ბიუჯეტის ფისკალური რისკების მართვის დაბალანსებული პოლიტიკით, ეფექტიანი ადმინისტრირების სისტემითა და საინვესტიციო პროექტების შეფასების მექანიზმების განვითარებით.
  • სახელმწიფო ვალის მდგრად დონემდე შემცირება, რაც მიიღწევა ბიუჯეტის დეფიციტის თანმიმდევრული შემცირებით და სწრაფი ეკონომიკური ზრდით.
  • სტაბილური გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა, რაც ბოლო პერიოდის ყველაზე ხელშესახებ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევად იქცა. ამ გამოწვევაზე პასუხი საჭიროებს ახლებური და პრაგმატული ნაბიჯების გადადგას, როგორც ფულად-საკრედიტო სისტემის გადახედვის, ისე მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ცვლილების მიმართულებით.

ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის განვითარების და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს უზრუნველყოფის შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება და მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

 ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პოტენციალი

სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს შესაბამის ფინანსურ რესურსებს, რომელიც მოძიებული იქნება ფისკალური კონსოლიდაციის გზით. პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი წყარო იქნება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია. ამავდროულად, მოძველებული, არასათანადო საგადასახადო შეღავათების გაუქმების, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად მიღებული საბიუჯეტო შემოსულობებით შესაძლებელია ფისკალური მდგრადობის პირობებში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება.

 რაციონალური და სამართლიანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა

რაციონალური და სამართლიანი სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნისთვის,  აუცილებელია სოციალური დაცვის სისტემა იყოს არსებული გამოწვევების შესაბამისი. ეკონომიკური ზრდის და მისგან მომდინარე სიკეთის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება, განახლებული სოციალური დაცვის სისტემა, დევნილთა მხარდაჭერა, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სახელმწიფო დახმარების გაძლიერება. მნიშვნელოვანია რომ ეს თითოეული მიმართულება  გახდეს არსებული გამოწვევების ადეკვატური. ამისათვის:

  • პენსიონერებისთვის, განხორციელდება მათი ღირსეული უზრუნველყოფა და პენსიების ზრდა ინდექსაციის პრინციპით, რაც გამორიცხავს პენსიის ოდენობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას.
  • შეიქმნება სოციალური სახლის კონცეფცია, რაც გულისხმობს ყველა სოციალური სერვისის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიწოდებას.
  • მოხდება სოციალური უზრუნველყოფის არსებული სისტემის რეფორმირება, განხორციელდება ამ მხრივ ძირეული ცვლილება ქულების მინიჭების კრიტერიუმების და თავად შემწეობის ოდენობის ზრდის მიმართულებით.
  • ერთიანი საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციის პირობებში, გამოირიცხება არასამართლიანად სოციალური შემწეობის მიღების შესაძლებლობა. შედეგად, სისტემა გახდება უფრო სამართლიანი იმ პირების მიმართ, ვინც დახმარებას რეალურად საჭიროებს.
  • შეიქმნება მიზნობრივი მუნიციპალური ან ადგილობრივი სოციალური შემწეობის სქემები, რომელიც ჩაანაცვლებს დღეს არსებულ მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემაზე მიბმულ მუნიციპალური დახმარებების სისტემას და შეასრულებს რეალური შემავსებლის ფუნქციას.
  • განხორციელდება ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შემდგომი ეტაპი, სისტემის არსებული დაფინანსების მოდელი მეტად იქნება ორიენტირებული საზოგადოების ყველაზე მოწყვლად კატეგორიებზე, გახდება მეტად მიზნობრივი, განხორციელდება ბენეფიციართა წრის ოპტიმიზაცია, გაფართოვდება მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო უზრუნველყოფა, ხოლო მეტად უზრუნველყოფილი ჯგუფებისთვის შემოვა თანადაფინანსების კომპონენტი სამედიცინო დაზღვევის სახით, მათ შორის, კერძო სექტორის მონაწილეობით. შედეგად, ფინანსური ტვირთი მეტად გადანაწილდება ბენეფიციარსა და სახელმწიფოს შორის.
  • გაგრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება, მისი გაძლიერების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის სახელმწიფო დაფინანსება.
  • გაფართოვდება სხვადასხვა ქრონიკური დაავადების და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსება.
  • მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, გამარტივდება მედიკამენტების ბაზარზე დაშვების პროცედურები და გაიზრდება საბაზრო კონკურენცია.
  • ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული და ერთიანი პოლიტიკა. საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებების აღსრულების რეჟიმში დარჩენის ნაცვლად, აუცილებელია სისტემური რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა ერთი მხრივ, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ჰუმანიზმს, ინდივიდუალურ და არარეპრესიულ მიდგომებსა და მეორე მხრივ – რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს შორის, რაც გულისხმობს განათლების/ცნობიერების ამაღლებისა და მკურნალობა-რეაბილიტაციის მიმართულებით სისტემური მექანიზმების უზრუნველყოფას.
  • განხორციელდება დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაჩქარებული ტემპით. მათ შორის, დაინერგება ნებაყოფლობითი სისტემა დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის.
  • გაძლიერდება ვეტერანი სამხედროების და პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფა და გაიზრდება მათი ფინანსური დახმარება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სისტემური გარანტიების გასაძლიერებლად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობისთვის გატარდება ერთიანი, სისტემური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკა.
  • სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები დაეფუძნება შშმ პირთა ფართო ჩართულობას. დაინერგება შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების სოციალური მოდელი, წახალისდება შშმ პირთა დასაქმება ადაპტირებულ სამუშაო გარემოში.
  • შეიქმნება/გაძლიერდება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებული აქცენტით სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვებზე, მათ შორის ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური კანონმდებლობის პირობებში, არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის გამოწვევების საპასუხოდ.
  • განხორციელდება მოსწავლეთა კვებით უზრუნველყოფა საწყის ეტაპზე მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში. ეტაპობრივად, ეს პროგრამა დაინერგება მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • გაძლიერდება სოციალური მუშაკების და სოციალური სერვისების სისტემა, ერთის მხრივ, ადამიანური რესურსების გაძლიერების მიმართულებით, რათა ერთ სოციალურ მუშაკს არ უწევდეს ბავშვთან მუშაობა, ოჯახთან მუშაობა, სასამართლოში ან/და საგამოძიებო ორგანოში წარმომადგენლობა და ამ ყველაფერთან ერთად, ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის და ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით, რათა სწორად განხორციელდეს სოციალური მუშაობის მიზანი და მაქსიმალურად იქნას დაცული ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი, კერძოდ, მისი სოციალური უსაფრთხოების, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობისა და განვითარების მიმართულებით.
  • ამასთან, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკს ჰქონდეს მჭიდრო კოორდინაცია სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, იქნება ეს განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, რათა ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს მისი შესაბამისი სერვისებით დროულად უზრუნველყოფა.
  • ემიგრანტებისთვის გატარდება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით, შემოთავაზებული იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. 

განათლება

ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის, მაღალანაზღაურებადი, სტაბილური დასაქმების შექმნისა და უმუშევრობის შემცირებისთვის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მეოთხე მიზანია გლობალური გამოწვევების შესაბამისი თანამედროვე განათლების სისტემის განვითარება, რომელიც არის მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური; რომელიც შექმნის მაღალკვალიფიციურ, მოქნილ და თანამედროვე ცოდნის მქონე პროფესიონალებს, განავითარებს კონკურენტუნარიან ადამიანურ კაპიტალს და მოგვცემს ევროკავშირის ეკონომიკაში მაქსიმალურად სარგებლიანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

ამავდროულად, ჩვენი მიზანია, რომ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესი განხორციელდეს მხოლოდ რაციონალური მიდგომით და „კარგი პრაქტიკის“ შენარჩუნებით.

ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა კონკურენტული ადამიანური კაპიტალის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სისტემებთან და სტანდარტებთან სრულად თავსებადი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისკენ.

მნიშვნელოვანია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ პრინციპის დაცვით, ნებისმიერი ადამიანისთვის ეროვნების, სქესის, ასაკის, დაბადების ადგილის, სოციალური სტატუსის და სხვა ნიშნისგან განურჩევლად.

განათლებაში გატარდება სისტემის სტრუქტურული რეფორმა. დღევანდელი მოუქნელი ბიუროკრატიული მოცემულობა ქმნის არაერთ თვისობრივ და ტექნიკურ ბარიერს და ხელს უშლის განათლების სისტემაში არსებული ინტელექტუალური რესურსის სწორი მიმართულებით და ეფექტიანად რეალიზებას განათლების ყველა საფეხურზე.

განათლების ხარისხზე საუბრისას იგულისხმება მისი ყველა საფეხური – სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე. კერძოდ:

  • ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ბაღების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ისე სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება მუნიციპალურ დონეზე. განსაკუთრებით საყურადღებოა წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამების ამუშავება ყველასთვის, რათა შედეგად, ყველა ბავშვი აღიჭურვოს ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით.
  • ხარისხიანი ზოგადი განათლება ქმნის აუცილებელ საფუძველს თანამედროვე განათლების სისტემისთვის. ზოგადი განათლების სისტემაში, უპირველეს ყოვლისა, მასშტაბურადაა დასანერგი სწავლებისა და მართვის თანამედროვე მიდგომები. აუცილებელია, სკოლაში საგანმანათლებლო კომპონენტთან ერთად გაიზარდოს სააღმზრდელო კომპონენტის წილი, ვინაიდან ის პირდაპირ კავშირშია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულებასთან. მკვეთრად აქცენტირებული უნდა იყოს მოსწავლის, როგორც მოქალაქის არსი, უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო განათლების კომპონენტი, მოქალაქის უფლება-მოვალეობებზე განსაკუთრებული აქცენტირებით.
  • განხორციელდება სკოლებში ადმინისტრირებისა და სწავლა-სწავლების პროცესში ბიუროკრატიული კომპონენტების შემცირება/აღმოფხვრა. აქცენტი გაკეთდება და სრულყოფილად დაინერგება უსაფრთხო სკოლის, მწვანე სკოლისა და მეგობრული სკოლის კონცეფციები.
  • შეიქმნება მასწავლებლის განვითარების ისეთი ერთიანი და სამართლიანი სისტემა, რომელიც წახალისების პრინციპით იმუშავებს და პედაგოგებს თვითგანვითარების მოტივაციას შეუქმნის. დამატებით ახალგაზრდა მასწავლებლის მოსაზიდად, შემუშავდება კარიერული განვითარების თანამედროვე მოდელი.
  • იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანის უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია სკოლის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, სკოლის მართვის, მასწავლებლის და სხვა ადმინისტრაციული რგოლების გაძლიერებას, ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოების სისტემების არამხოლოდ დანერგვას, არამედ მოსწავლის ინტერესების შესაბამისად განვითარებას.
  • მნიშვნელოვანია ე.წ. პროფილური სკოლების აღდგენა/შექმნა, მოსწავლის ინდივიდუალური ნიჭის განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაზრდისთვის.
  • პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დაკავშირება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ეკონომიკასთან. ეკონომიკისა და განათლების სფეროების მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების როლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც დასაქმების, ისე კვლევებისა და მეცნიერების განვითარების გზით. განხორციელდება სტუდენტების ვაუჩერული დაფინანსების სისტემის რეფორმა, მათ შორის, სპეციფიკების გათვალისწინებით.
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აუცილებელია მეტი ინვესტიცია და ფოკუსირება კვლევებსა და ინოვაციებზე გამოყენებითობის გასაზრდელად. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების და ადგილობრივი სამეცნიერო ინსტიტუტების უახლესი მიღწევების შესაბამისად აღჭურვა და მათი თანამშრომლობა კერძო სექტორთან.

კულტურა და სპორტი

კულტურა, მისი მრავალმხრივი სახელოვნებო დარგებით და სპორტი წარმოადგენს მოქალაქის ღირებულებების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ფაქტორულ კომპონენტს. ეს მიმართულებები ხელს უწყობს მოქალაქის სოციალიზაციას და აქტიურ საზოგადოებრივ ჩართულობას.

ამ მიმართულებებით:

  • მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს მიმართ სახელმწიფოებრივი ხედვის გაძლიერება.
  • აუცილებელია იმ პოტენციალისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება, რომელიც დაგროვილია ხელოვნების დარგებში. ინოვაციებისა და კონკურენციის ხელშეწყობით, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი კულტურის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის და გლობალურ ტენდენციებთან დაახლოების მიმართულებით.
  • ქართული კულტურა, როგორც ქართული თვითმყოფადობის გამოხატულება, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.
  • განსაკუთრებით საყურადღებოა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, მათ შორის, მისი ტურისტულ პოტენციალში ჩართვის თვალსაზრისით. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ცოდნა და ინფორმაცია კულტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის.
  • სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ისე საზოგადოების ფართო ჩართულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც სპორტულ სივრცეს მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეეხო, აუცილებელია სახელმწიფო ამ პროცესში ჩაერთოს დროული, სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯებით.
  • მნიშვნელოვანია სპორტული ფედერაციების გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან.
  • დღეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა სათანადო სპორტულ ინფრასტრუქტურასზე, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენი ამოცანაა, სისტემური განახლების პრინციპზე დაყრდნობით გავზარდოთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა სპორტულ ცხოვრებაში. აღნიშნული გულისხმობს პროფესიულ კვლევებსა და მიდგომებზე დაფუძნებით ცვლილებების შეტანას სკოლამდელ, საბავშვო პერიოდისა და მასობრივი სპორტის განვითარების პოლიტიკაში.
  • მნიშვნელოვანია სპორტის მიმართულება იქცეს უფრო მიმზიდველად ინვესტიციისა და კომერციალიზაციისთვის, რისთვისაც აუცილებელია კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების დანერგვა.

ახალგაზრდული პოლიტიკა

ახალგაზრდული პოლიტიკა მიმართულია ახალგაზრდების სამოქალაქო და ეკონომიკურ გააქტიურებაზე. ამ მიზნით მნიშვნელოვანია:

  • ახალგაზრდების პრობლემების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავება.
  • ახალგაზრდების სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერის ინსტრუმენტების დანერგვა, მათი ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის.
  • ახალგაზრდობის მონაწილეობის და მათი უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ ეხებათ.
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პლატფორმების გამოყენებით, ახალგაზრდების საზოგადოებრივ საკითხებში და თემატურ განხილვებში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
  • საპარლამენტო და სხვა ფორმატებში ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების ადვოკატირება და წინ წამოწევა.
  • თანამშრომლობის გაღრმავება პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი შესაძლებლობის გაზრდის კუთხით.
  1. დემოკრატია

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფისთვის განხორციელდება სისტემური, ქმედითი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული რეფორმები სახელმწიფო მმართველობის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რომელთა მიზანია:

  • უზრუნველყოფილი იქნეს ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და კვალიფიციური სახელმწიფო/საჯარო მოხელით;
  • დამკვიდრდეს კორუფციის და მისი ყველა ფორმის პრევენციის/აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმები;
  • განხორციელდეს თავისუფალი, ხარისხიანი და სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც თავისუფალია გავლენებისგან და კორუფციისგან; ემსახურება ადამიანს, მის საჭიროებებს; უზრუნველყოფს კრიმინალისგან უსაფრთხო გარემოს, სამართლიან პასუხისგებას, ღირსეულ მოპყრობას, დამნაშავის რეაბილიტაციას და საზოგადოებაში დაბრუნებას; თანაბრად იცავს ყველას;
  • უზრუნველყოფილ იქნეს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობა და კრიმინალის წინააღმდეგ თანმიმდევრული და პრევენციული პოლიტიკის გატარება;
  • შეიქმნას ადამიანის უფლებების პრაქტიკულად (და არამხოლოდ საკანონმდებლო დონეზე) დაცვის ქმედითი გარანტიები.
  1. ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა

დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფო აპარატის ეფექტიან მუშაობაზე. ამ მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება:

  • „გავლენის ჯგუფების“ ზემოქმედების აღმოფხვრა და შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის შესაბამისად – ძალაუფლების დაბალანსების უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო მოწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც ძალაუფლება არ არის კონცენტრირებული რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ან ხელისუფლების ერთი რგოლის (ან ერთი რგოლის შიგნით რომელიმე უწყების) ხელში;
  • ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა გამართული მუშაობა არ არის დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორსა თუ პოლიტიკური ციკლის ცვლილებაზე;
  • საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება; ისეთი საჯარო სამსახური, სადაც პრიორიტეტია პროფესიონალიზმი და არა პოლიტიკური შეხედულებები; სადაც სახელმწიფო აპარატი ემსახურება სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას; სადაც საქმიანობა არ არის დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე.

შესაბამისად, გაგრძელდება საჯარო სამსახურის განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმები. პრიორიტეტული იქნება პროფესიონალური, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საშუალო რგოლის მოხელეთა კლასის ჩამოყალიბება, რომლებიც პოლიტიკური ციკლისგან დამოუკიდებლად წარმართავენ ქვეყნის რეფორმირების და დემოკრატიული განვითარების პროცესს. კვალიფიკაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება საჯარო კონკურსის პრინციპების, კარიერული განვითარების, შეფასების სისტემის განვითარების საკითხები.

იმოქმედებს მკაცრი პოლიტიკა საჯარო სექტორში ნეპოტიზმის და გავლენებით  დასაქმების მიმართ.

საერთაშორისო მხარდაჭერით შეიქმნება საჯარო მოხელეთა გადამზადების რეგიონული ცენტრი, რომელსაც ექნება 2 ძირითადი მიმართულება: საჯარო მოხელეების გადამზადება, როგორც საქართველოსთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული საჯარო სამსახურის პრაქტიკის გათვალისწინებით და საჯარო სექტორში დასაქმების მსურველთა მომზადება-გადამზადება და სერტიფიცირება თემატური მიმართულებებით. შესაბამისად, იარსებებს ცენტრალიზებული ბაზა, რომელიც საჯარო სამსახურს მიაწვდის კომპეტენტურ გადამზადებულ კადრებს დარგობრივი და სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით.

ეფექტიანობასთან და სისწრაფესთან ერთად, კეთილსინდისიერება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, პრიორიტეტული იქნება კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის გააქტიურება ყველა დონეზე. კორუფციასთან ბრძოლა გამოცხადდება სახელმწიფო პრიორიტეტად.

სახელმწიფო აპარატი გახდება მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. შეიქმნება ხელისუფლების ღიაობის საკანონმდებლო გარანტიები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს საჯარო სამსახურში კორუფციის რისკებს.

  1. კანონის უზანაესობა

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის პრაქტიკაში განუხრელად დაცვის მიზნით, პრიორიტეტი იქნება მმართველობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კანონის თანაბრად აღსრულებას და გამორიცხავს შერჩევით მიდგომას. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემის გამართულად მუშაობა კანონის მიმართ პატივიცემის დამკვიდრების, სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გარდაუვალობის წინაპირობა იქნება და გამორიცხავს დაუსჯელობის სინდრომს.

  1. მართლმსაჯულება

დღეს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების მასშტაბების გათვალისწინებით, შემდგომი რეფორმა შეეხება არამხოლოდ სასამართლოს, არამედ სამართალდამცავ სისტემას – საგამოძიებო ფუნქციის განმახორციელებელ ყველა უწყებას და საპროკურორო საქმიანობას. რეფორმა მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების პროცესსაც. კერძოდ:

პოლიციის მიმართულებით, მთავარი მიზანი იქნება დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციის დანერგვა, რომლის პირობებშიც პოლიციის ხელმძღვანელი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება გამოძიების ხარისხის გაზრდა, როგორც არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნის, ისე გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, სამსახურში მიღების ახალი წესების დანერგვის, გამომძიებელთა საქმიანობის შეფასების და დატვირთვის სისტემების, საჭიროებებზე მორგებული გადამზადების მოდულების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ქმედითი მექანიზმების განვითარების გზით. პოლიციელთა გაუმჯობესებული ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

პროკურატურის ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, გატარდება შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროკურორის მიერ მხოლოდ საპროკურორო და არა საგამოძიებო ფუნქციების შესრულებას. პროკურატურიდან გატანილი იქნება საგამოძიებო მანდატი და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები პროკურატურის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, რიგითი პროკურორის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. შეფასდება პროკურატურის რეფორმის პირველი და მეორე ტალღის ფარგლებში შექმნილი კოლეგიური ორგანოების (მათ შორის საპროკურორო საბჭოს) საქმიანობის ეფექტიანობა და განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები კოლეგიურ ორგანოებში „გავლენის ჯგუფების“ მმართველობის თავიდან ასაცილებლად.

კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისა და თანამდებობრივი/სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისთვის, შეიქმნება ქვეყნის მასშტაბით კორუფციული დანაშაულების გამოძიების ერთიანი, ცენტრალიზებული, ქმედითი მექანიზმი, დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიებით; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები; გატარდება გენერალური ინსპექციების რეფორმა და გენერალური ინსპექციები გარდაიქმნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ქმედით მექანიზმებად.

სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, პირველ რიგში შეფასდება ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა, რაც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა აქტორის მონაწილეობით. განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა – საბჭოს ფორმირების წესი და მანდატი განისაზღვრება იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს სასამართლოს მმართველ ორგანოებში „გავლენის ჯგუფების“ ფორმირების და მათ ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შერჩევა მოხდება მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე. ამასთან, განხორციელდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის არსებითი ცვლილებით.

და ბოლოს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობა. კერძოდ, გრძელვადიანი და მდგრადი შედეგის მიღწევისთვის, ასევე, სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველსაყოფად, რეალური სურათის შეფასების შედეგად, მოხდება ანალიზზე დაფუძნებული, ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება.

  1. ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძირითად გამოწვევას მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულება წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია უფლებებით ქმედითი სარგებლობისთვის სისტემური გარანტიების ზოგიერთ შემთხვევაში შექმნა, ზოგიერთ შემთხვევაში კი – არსებულის გაუმჯობესება.

ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებების დაცვა (მათ შორის ყველა შესაბამისი უწყებისთვის) პოლიტიკის დონეზე იქნება აყვანილი; უზრუნველყოფილი იქნება უწყებებს შორის კოორდინაცია, ადამიანის უფლებების დაცვაში საკუთარი როლის გააზრება და პასუხისმგებლობის გაზიარება.

ამავდროულად, გაგრძელდება მუშაობა ცალკეული მიმართულებებით კანონმდებლობის დახვეწის და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვისთვის. პანდემიის გათვალისწინებით, უახლოესი წლების განმავლობაში განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის პრაქტიკაში დამკვიდრება, დისკრიმინაციისგან დაცვა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა ნებისმიერი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ღირებულებები იქნება.

ამასთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა, განათლების უფლებაზე მისაწვდომობის გაზრდა, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება იქნება სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

  1. უსაფრთხოება
    1. დეოკუპაცია

ოკუპაცია არის ეროვნული პრობლემა. ეს არის ზე-პარტიული საკითხი, რადგან საქმე ეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კეთილდღეობის, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების მცდელობას.

ქვეყნის ოკუპაციასთან ბრძოლა უნდა მოხდეს რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მაქსიმალური და მიზნობრივი მობილიზებით.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან შერიგება და კვლავ დამეგობრება, რაც გახდება ჯერ ნდობის აღდგენის და შემდეგ ერთიანობის საფუძველი. ეს ყველაფერი მიღწევადია, მხოლოდ მშვიდობით და საერთო წარმატებული ევროპული მომავლის შენებით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის სპეციალური პაკეტების შეთავაზებას.

ჩვენი მიზანია, რომ დევნილი ოჯახები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და გააგრძელონ მშვიდობიანი ცხოვრება ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად. დაბრუნებამდე, ჩვენი ვალია მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

ამასთან, იმისთვის, რომ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი იყოს ეფექტიანი, გატარდება კონკრეტული ღონისძიებები:

  • ოკუპაციის საკითხი უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდირების ფაქტორი. მისი ზე-პარტიული მიზნიდან გამომდინარე, შეიქმნება ერთიანი სამუშაო პლატფორმა, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, ანალიტიკური ცენტრების, ჩართულობით.
  • მთავრობის მხრიდან დეოკუპაციის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. დოკუმენტის მიღება, სადაც განისაზღვრება თითოეული უწყების მანდატი და ფუნქციები. დოკუმენტში ასევე გაწერილი იქნება დეოკუპაციის კუთხით სახელმწიფოსთვის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, ამოცანები და ინსტიტუციურ დონეზე მათი განხორციელების ტაქტიკური გზები. განისაზღვრება სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსები, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური და ინსტრუმენტული.
  • დეოკუპაციის სტრატეგიის ნაწილად მოხდება დე-ბორდერიზაციის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ მიმართულებით, მათ შორის განისაზღვრება და გაძლიერდება ჟურნალისტების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო), სამოქალაქო აქტივისტების და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის ხარისხი და როლი.
  • ოკუპაციის საკითხზე შეიქმნება ერთიანი სამთავრობო საკოორდინაციო პლატფორმა (მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყებების პირდაპირი მონაწილეობით).
  • მოხდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიაში ინსტრუმენტალური ინტეგრირება და პრაქტიკულ დონეზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მისი აქტიური გამოყენება.
  • დეოკუპაციის ახალი პოლიტიკის/სტრატეგიის ფორმირებისას განისაზღვრება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და სხვა არსებული/ფორმალური და არაფორმალური არხების როლი და მათი პოტენციური გაძლიერების მექანიზმები.
  • ჟენევის დისკუსიები, როგორც სტრატეგიული ფორმატი რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში შენარჩუნდება და შეძლებისდაგვარად გაძლიერდება. პროცესში კიდევ უფრო აქტიურად და კოორდინირებულად ინტეგრირდება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები (ევროკავშირი და აშშ).
  • დეოკუპაციის კონტექსტში, შემუშავდება რუსეთთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა/სტრატეგია. ნიშანდობლივია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უკვე არსებული ოკუპაციის და ბოლო პერიოდში მომხდარი გეო-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო რთული და კომპლექსური გახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების და მოლოდინების განჭვრეტის მიზნით შემუშავდება რაციონალური პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი.
  • უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტების მომზადებას და მათ პერიოდულ განახლებას. ასევე უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში კოორდინაციის მექანიზმით მათ ეფექტიან აღსრულებას.
  1. თავდაცვა

თავდაცვის სისტემა ზეპარტიულ ამოცანებზე უნდა იყოს ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ეფექტიანი, უწყვეტი თავდაცვის განვითარების მისაღწევად, აუცილებელია თავდაცვის სისტემის ორგანიზების შესახებ, საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და უსაფრთხოების სექტორს შორის, ზოგადი კონსენსუსი არსებობდეს. ამისათვის კონსულტაციების შედეგად, უნდა შეიქმნას ხედვა, რომელიც შემდგომში განვითარების სტრატეგიაზე აისახება და რომლის ერთპიროვნულად შეცვლას, ვერც ერთი შემდგომი ხელისუფლება ვერ შეძლებს.

ამასთან, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერება და  თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მობილური ქართული ჯარის განვითარება. ამ მიზნით:

  • მნიშვნელოვანია ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ქართული თავდაცვის ძალების ურთიერთქმედების და თავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერება;
  • ზემოაღნიშნული მიზნისთვის, გაგრძელდება საქართველოს მონაწილეობა ნატოსთან და/ან მის წევრ-სახელმწიფოებთან ერთობლივ წვრთნებსა და მისიებში;
  • საქართველოს NATO-ში სრულფასოვან წევრობამდე სტრატეგიულ ამოცანად განისაზღვრება „აშშ-თან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების“ გაფორმება და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება პრაქტიკულ დონემდე. აღნიშნული მოემსახურება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას;
  • ავღანეთის მისიის დასრულების კვალდაკვალ, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელდება სტრატეგიულ მოკავშირეებთან აქტიური მუშაობა;
  • შეიქმნება რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემა. ამ მიზნის მისაღწევად, მოსახლეობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების სპეციალური პროგრამა შემუშავდება, რომელშიც მოქმედი და თადარიგის სამხედროები ჩაერთვებიან;
  • გაძლიერდება თავდაცვის ძალების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა;
  • ადგილობრივ დონეზე, განხორციელდება სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის წარმოება;
  • სამხედროებისთვის დაინერგება კარიერული განვითარების ობიექტური და სრულად გამჭვირვალე სისტემა;
  • თავდაცვის ბიუჯეტის ეტაპობრივ ზრდასთან ერთად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება და გაფართოვდა მათი სოციალური და ჯანდაცვის პაკეტი.
  1. უსაფრთხოება

რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რისკები მზარდია. გაზრდილი გამოწვევების საპასუხოდ, ჩამოყალიბდება ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიული ხედვა:

  • ქვეყანამ სტრატეგიულ დონეზე უნდა გაიაზროს არსებული რისკები, მათი შეცვლილი გენეზისი, შეიმუშაოს სტრატეგია კონკრეტული მიმართულებებით და განსაზღვროს საოპერაციო ამოცანები.
  • შემუშავდება ფართო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, გეოპოლიტიკურ პარადიგმაში კონცეპტუალურად წარმოაჩენს როგორც ფართო შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წევრად, რომელსაც საკუთარი მისია ექნება შავი ზღვის უსაფრთხოების პრიზმაში (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე). ანალოგიური სამუშაო არის გასაწევი მაღალ პოლიტიკურ დონეზე სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ნატო-ში და წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებში.
  • დასრულდება მუშაობა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაზე და მის სამოქმედო გეგმაზე. ცენტრალიზებულ, ეროვნულ დონეზე ჩამოყალიბდება კიბერ-ინციდენტებზე რეაგირების ერთიანი სამუშაო პლატფორმა. მოხდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რადგან დღეს საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია ამ კუთხით.
  • მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტრატეგიის (Investment Screening) შემუშავება და საოპერაციო ამოცანების დასმა. ეს არის სფერო, რომელიც დღეს თანამედროვე გამოწვევების ფონზე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რადგან საქართველო ამ მიმართულებით ასევე განსაკურებით მოწყვლადია.
  • შემუშავდება ჰიბრიდული საფრთხეების ეროვნული სტრატეგია. რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების ინსტრუმენტალიზება მოხდენილი აქვს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მათი ტაქტიკური ამოცანების შესწავლა, გააზრება და კონტრ-ქმედებებისთვის აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
  • გაძლიერდება დაზვერვის სამსახური მიზნობრივი ამოცანების დასმის და მათი განხორციელების კუთხით. დაზვერვის მიმართულებით, როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ ჭრილში სტრატეგიულ მოკავშირეებთან ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება იქნება ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. ამ სფეროში საფრთხეების შინაარსი იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში საქართველო პარტნიორებთან ერთად ადაპტირდეს და მეტად დაცული გახდეს. ამ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობა მიენიჭება ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.
  • სანამ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ქვეყანას სჭირდება ე.წ. „უსაფრთხოების ბალიში“. ეს უნდა იყოს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში შემუშავებული პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომელიც აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ კუთხით გამოსაყენებლია აშშ-ს არმიის ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი, რომელშიც საქართველომ უნდა იპოვოს თავისი სტრატეგიული, ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული როლი.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, საჭიროა სისტემური რეფორმების განხორციელება, მათ შორის.
    • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) უნდა იყოს ზე-პარტიული, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე პრაქტიკულ დონეზე იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული.
    • სუს-ში, როგორც პოლიტიკის ფორმირების, ისე ადამიანური რესურსების და ტექნიკური ინფრასტრუქტურის დონეზე გაძლიერდება კონტრსადაზვერვო საქმიანობა.
    • სუს-ის სასწავლო ცენტრში, სტრატეგიული პარტნიორების და ადგილობრივი რესურსების დახმარებით განხორციელდება ინვესტიციები, რათა აღნიშნული დაწესებულება გახდეს საკადრო რეორგანიზების და დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი.

 

  1. საგარეო ურთიერთობები

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ისტორიული არჩევანი.

ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი პრაგმატული მიზანი უნდა იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ხოლო რამდენიმე წელიწადში მისი სრულფასოვანი წევრობა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია საქართველომ დაწყებული რეფორმების კურსი გააგრძელოს სწრაფ ტემპში.

მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩვენ წევრობაზე გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს და ამავდროულად არ/ვერ განვახორციელებთ ეფექტიან რეფორმებს (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; მართლმსაჯულების ეფექტიანი რეფორმა; უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი რეფორმა და ა.შ.) კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელია პრაქტიკული ნაბიჯები:

  • ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული დაშვების მიღწევისთვის პრაქტიკული სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.
  • ევროკავშირთან მეტი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა როგორც სავაჭრო, ისე სატრანსპორტო, საფინანსო, საგანმანათლებლო და სხვა კუთხით.
  • ევროკავშირში მეტი ინსტიტუციური ინტეგრაციის მიღწევა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ დაჩქარებული და ეფექტიანი რეფორმებით.
  • საქართველოში დემოკრატიზაციის ხარისხის გაზრდა, რათა ევროკავშირისთვის ჩვენ კვლავაც ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. აღნიშნულს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება 2024 წელს წევრობაზე განაცხადის გაკეთების კუთხით.
  • ევროკავშირში ინტეგრაციის, განსახორციელებელი რეფორმების კოორდინაციის და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების განხორციელებისთვის მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ერთიანი საკოორდინაციო პლატფორმის ცალკე ბიუროდ შექმნა, რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს.
  • საქართველოს ევროკავშირში წევრობის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ევროპელ ქვეყნებთან და მათ ლიდერებთან მიზნობრივი მუშაობა, როგორც ბრიუსელის, ევროკავშირის ინსტიტუციების, ისე სხვადასხვა დედაქალაქების დონეზე.
  • შავი ზღვის აკვატორიის სახელმწიფოებთან სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის გააქტიურება, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის და ინტერესის უზრუნველყოფისთვის.

ნატოს წევრობა წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას. ამ მიზნით, განხორციელდება შესაბამისი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯები:

  • სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებითა და კოორდინაციით, საქართველოს ალიანსში MAP-ის მიღების და გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – საგზაო რუკის შემუშავება.
  • ფართო შავის ზღვის უსაფრთხოების კონტექსტის პოლიტიკურ ჭრილში შეფასება და მისი შესაძლებლობად ქცევა. საქართველოს როლის გაზრდა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ მიმართულებით კონკრეტული პრაქტიკული, საოპერაციო გზამკვლევის შემუშავება.
  • ნატოს წევრებს შორის, სკეპტიკოსი ქვეყნების მიმართულებით შესაბამის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებთან მიზნობრივი მუშაობის დაწყება.
  • ქვეყანაში მსხვილი გეო-სატრანზიტო ინფრასტურქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გეო-პოლიტიკური როლის გაზრდას.
  • საქართველოსა და უკრაინას, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უნდა გადავიდეს სტრატეგიულ დონეზე, რომელიც მიზნად დაისახავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას, მეორე მხრივ, ალიანსში ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება:

  • პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სამეზობლოში მშვიდობაზე დაფუძნებული რაციონალური პოლიტიკის წარმართვა.
  • ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში, საქართველო გახდეს  წამყვანი და ცენტრალური ფუნქციის მატარებელი ქვეყანა.

 

სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს – ძლიერი სახელმწიფო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავაშენოთ!

წარმოდგენილი პროგრამული ხედვა არის ცოცხალი დოკუმენტი. ჩვენი პარტიის მუშაობის პრინციპი არის ღია – პროგრამული ხედვის თითოეული მიმართულებით ვქნით სპეციალურ სამუშაო პლატფორმებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

ამ პლატფორმების მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი ხედვების, რეკომენდაციების და ინიციატივების შემდგომში ასახვა დოკუმენტში ასევე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მზად ვართ სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ  დაინტერესებულ მხარეებთან.

თქვენი კომენტარი?