MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ამონარიდები საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუდან, რომელიც მან 2009 წელს, თემურ ქორიძეს მისცა მხოლოდ იმ პირობით, რომ მასალა გამოქვეყნდებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ვრცელ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ვარდების რევოლუაციამდელ და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მის ყოფილ თანაგუნდელებზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისზე დაწყდა გული, ედუარდ შევადრდნაძე ასახელებს ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

ვისზე გწყდებათ გული?

 

ზურა ჟვანიაზე. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. ჩვენ ბევრი გვისაუბრია. იცოდა მაგან მისდამი ჩემი დამოკიდებულება. სააკაშვილზე და კიდე ზოგიერთებზეც ბევრი გვილაპარაკია. ძალიან ცუდად მოიქცა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ სააკაშვილს დაუდგა მხარში… თავისი უგუნური საქციელით მან სიცოცხლით ზღო და ახლა არ ღირს ლაპარაკი. ცოცხალი რომ იყოს, სხვა ამბავია. ისე, მგონი, ყველაზე ადრე მიხვდა, სადაც გაყო თავი – ხო გახსოვს, რა სახე ქონდა 2003-ის ნოემბერში, ჩემთან შეხვედრის მერე. უკვე გვიან იყო, უკან დასახევი გზა არ დაიტოვა, არსაით… ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით, კერძოდ, რა მოხდა, რასაკვირველია, არ ვიცი, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ჟვანიას ეგონა, რომ ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ თვითონ იქნებოდა პირველი „სკრიპკა“, თვითონ გააკონტროლებდა მოვლენათა მსვლელობას. სააკაშვილი კი იმაზე გაცილებით ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჟვანიას, ნინოს და ბევრ სხვას წარმოედგინა.”– ამბობს ედუარდ შევარდნაძე.

რაც ეხება ნინო ბურჯანაძეს, ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ არამარტო ეწყინა მისი ეს ნაბიჯი, არამედ გაუკვირდა კიდეც.

“აი, ნინო ბურჯანაძისგან კი სააკაშვილთან გადაბარგება მეწყინა კიდეც და გამიკვირდა კიდეც. ჯერ ერთი, ამაგი მაქვს მის ოჯახზე და პირადად ნინოზე – ჩემს შვილებში არ გამომირჩევია; ყველაფერში ხელი შევუწყვე – სწავლაში, კარიერაში. რაც მთავარია, იცოდა ნინომ, ვისთანაც მიდიოდა. ადრე თუ გვიან, სააკაშვილი გაწირავს მაგასაც. თუ მაშინ ცოცხალი ვიქენი, ნამდვილად არ გამიხარდება ეს ამბავი. ისე, გამიკვირდა კიდეც – ნინო მარტო ნიჭიერი კი არა, ჭკვიანი ქალია, ჭკვიანია და თავისი პოლიტიკური კარიერა სააკაშვილისთვის არ უნდა დაეკავშირებინა… რომ დამცლოდა, ჩემს შემდეგ პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნებოდა. იჩქარა, ძალიან იჩქარა”- თქვა ექს-პრეზიდენტმა 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში.

თქვენი კომენტარი?