დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა შენიშვნით დაიწყო თავდაცვის მინისტრის მისამართით და თქვა, რომ მან პროტოკოლი დაარღვია 26 მაისს, როდესაც ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმა.
“მინდა პატარა რაკურსით დავიწყო. რადგან, ამ არაჩვეულებრივ განახლებულ შენობაში ვიმყოფები, სადაც საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს ღონისძიება საგარეოს მიერაა ორგანიზებული, არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის რომ მე ასე მინდა, ‘სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე’. ეს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არაა, ეს პროტოკოლის დარღვევაა და პროტოკოლი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს საყრდენი.
თუარადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ და შენ მეორე, და ეს უაზრო დაპირისპირების საგანია. მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი არ მწყინს და ამითი ვერავინ ვერ მაწყენინებს. მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი პრეზიდენტისაა. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს – უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება, ეს ყველგან გაკვირვებას იწვევს. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს სახელმწიფოს დაცვასა და ჩვენი ურთიერთობების დალაგებას, ისე რომ არაფერი მოხდეს და მოსაზრებების განსხვავების მიუხედავად, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, სამი წელი ვცდილობდი, რომ პროტოკოლის ერთი უწყება შეგვექმნა, სხვადასხვა სამინისტროების კოორდინაცია შეგვექმნა, ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე სახელმწიფოს საყრდენია. მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას თავისი კერძო პატარა ამბიციები აქვს. პროტოკოლი ასევე, საერთაშორისო დონეზე პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვაა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ, ყველგან, საერთაშორისო შეხვედრებზე სადღაც ქვემოთ, უკან ვიქნებოდით. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არაა ისე გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით პატარა შესავალი.
მისი თქმით, არ სწყინს ეს დამოკიდებულება, თუმცა, აქ მთავარია პროტოკოლი, რომელიც ქვეყნის საყრდენია და ის წესები, რაც პროტოკოლშია გაწერილი, ქვეყანას, მის ინსტიტუციას წარმოადგენს და არა კონკრეტულ ადამიანს.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს