ძალიან ცუდი ტენდენციაა; მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, აიცერით! – პრემიერი

172
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ -კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი” შემოვიდა- ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია.

“თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს. ეკონომიკამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, გუშინ მაგალითად ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით. სავსეა ტურისტებით ბათუმი და ჩვენი ტურისტული ადგილები.

აქედან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით: ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა გავიმეორო “დაკეტვა” და აშ.. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულებაც იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ ადამიანს სურს, მას შეუძლი ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება. მეორე საკითხი, ე.წ კომენდანტი- გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები.

ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა 2 კვირის წინ, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვდის. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ წინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი”, ანუ, მილიონნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალქეებისთვის – აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების ერთადერთი პრაქტიკული დაცვა.

ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩვენ 11000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20 000 -30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა, მეგობრებო. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს ძალიან საგანგაშოა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთის მხრივ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას- გთხოვთ აიცერით. მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?