აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება – “ქართული ოცნების” პასუხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას

231
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია ქართული ოცნება, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას პასუხობს:

გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა.

აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.
განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.

აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.

მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში?
ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა”.

იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.

მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას.”- ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

იხილეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება:

“2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. 

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა  და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე. “– აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?