პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს კვლავ წყალობს

979
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს კვლავ წყალობს, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი და უახლოესი გარემოცვის ორი წევრი შეიწყალა.”- 

ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩი მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან, ხოლო მიხეილ ბატურინი უკრაინაში გაქცეული სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსია.

უცნაურია, რომ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის სამი წევრი 2020 წლის 28 ნოემბერს გონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ქართველმა სამართალდამცავებმა აბორდაჟის გზით დააკავეს. როგორც ჩანს მიშას სამეგობრო საქართველოს საზღვარს ტესტავდა მომავალი მიზნებისთვის, თუმცა არ დასცალდა.

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიშას სამეგობროს 4-4 წლით ქართული ციხის ხეხვა უწევდათ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი ხელის მოსმით ისე შეიწყალა სააკაშვილის მეგობრები, რომ შეწყალების თხოვნა არც კი მიუღია პატიმრებისგან.

მედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მართული ტელევიზიებიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული უკრაინელების ბედით დაინტერესებული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა საუბარი იყო დაკავებულთაგან მხოლოდ ორ პიროვნებაზე ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი კი მოლაპარაკებების საგანი არც ყოფილა. საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნასავეების შეწყალების ტრადიციას არ უღალატა და ჩუმად 17 ივლისს სააკაშვილის სამეგობრო მათი მხრიდან შეწყალების თხოვნის გარეშე შეიწყალა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პეტრას ციხესთან გამართულ კონფერენციაზე, მადლობა მხოლოდ ორი უკრაინელის შეწყალების გამო გადაუხადა და სააკაშვილის დაცვის უფროსის ბედით არც კი დაინტერესებულა. საკითხავია რა მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, როდესაც სააკაშვილის დაცვის უფროსი ყოველგვარი თხოვნის, მათ შორის უკრაინის ოფიციალური პირების თხოვნის გარეშე შეიწყალა.

კითხვებს ბადებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული სხვა პირების ვინაობებიც, პრეზიდენტი სისტემატიურად იწყალებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერებს და აქტივისტებს ყოველგავრი დასაბუთების გარეშე, ხოლო პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილს ზედმეტსახელიც კი მოუფიქრეს და მას „საწყალობელი“ შეარქვეს.

მომავალი არჩევნების ფონზე კითხვის ნიშნებს ბადებს სალომე ზურაბიშვილის უცნაური წყალობანი, საინტერესოა უნდა ველოდოთ, თუ არა სიურპრიზებს შეწყალებული წყალწაღებულის, მიხეილ სააკაშვილის სახით.


ავტორი: ლევან გობრონიძე

  • MULTIMEDIA.GE – მასალაში წარმოდგენილი მოსაზრებები ან/და ფაქტები წარმოადგენს მხოლოდ ავტორის მოსაზრებებს და სარგებლობს თავისუფალი ბლოგერის სტატუსით.
თქვენი კომენტარი?