განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

Multimedia.ge წარმოგიდგენთ სამხრეთ კორეაში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტის, თამთა ბიბილაშვილის ჩანაწერებს, რომელთანაგანც რამდენიმე უკვე გამოქვეყნდა ჩვენ გვერდზე და მკითხველის დიდი დაინტერესებაც გამოიწვია.

დღეს გთავაზობთ კიდევ ერთ სტატიას სამხრეთ კორეაში მიმდინარე „2021 წლის დოკდოს მსოფლიო რეპორტიორის“ პროგრამის შესახებ.

სამხრეთ კორეამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. კორეის რესპუბლიკამ საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია დაუჯერებელ ეკონიმიკურ განვითარებას და შეძლო, შეექმნა სტაბილური სოციალურ-პოლიტიკური გარემო. ამ ფენომენს „მდინარე ჰანის სასწაულის“ სახელით ვიცნობთ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 70 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეამ საკმაოდ რთული პერიოდი განვლო და ღარიბი ქვეყნიდან სწრაფი ტემპით მიაღწია განვითარებას. ბოლო დროს, კორეული „რბილ ძალად“ („soft power“) აღიარებული „ჰალიუ“ (კორეული ტალღა), რომელიც მოიცავს კორეულ პოპ მუსიკას, სერიალებსა და ფილმებს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ცნობილმა კორეელმა მუსიკოსთა ჯგუფმა BTS-მა 2017 წელს ბილბორდის ჯილდოს მიღების შემდეგ სახელი მით უფრო მოიხვეჭა. 2019 წელს კი რეჟისორ ბონ ჯუნ ჰოს ფილმმა „პარაზიტები“ ოსკარის ჯილდო მიიღო, რამაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მისით დაინტერესება გამოიწვია. ამას გარდა, კორეული ენითა და კორეის კულტურის დაინტერესებულთა რიცხვიც ყოველდღე იზრდება. ამასობაში, კორეა და საქართველო კი თავიანთი დიპლომატიური ურთიერთობების უკვე 29 წელიწადს ითვლის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ორ ქვეყანაში ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად და უკეთესი მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ერთმანეთისგან ასე მოშორებით მყოფ ორ ქვეყანას გასაოცრად მრავალ მსგავსებათა შორის ერთ-ერთი ტერიტორიული კონფლიქტის საკითხია. საქართველო რუსეთის მხრიდან განიცდის ტერიტორიულ კონფლიქტს. საქართველოში ეს პრობლემა მეტად მწვავედ დგას, რადგანაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ამის მსგავსად კორეასა და იაპონიას შორის დოკდოს კუნძულის შესახებ იმართება დისპუტი.

დოკდო აღმოსავლეთის ზღვაში კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) გიონგსანბუკის პროვინციის ულინგის რეგიონში მდებარეობს. დოკდოს კუნძული კორეის ტერიტორიის ბუნებრივ მონუმენტად 1982 წელს ნათლად გამოცხადდა. თუმცა იაპონია მას თავის ტერიტორიად მიიჩნევს და კორეას ამ საკითხში უპირისპირდება. არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ დოკდოს კუნძული შედის სამხრეთ კორეის ტერიტორიულ კუთვნილებაში. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ კორეის უძველეს ოფიციალურ დოკუმენტებში დოკდო მოიხსენიება როგორც კორეის ტერიტორია. ჩანაწერები 512 წელს 3 სამეფოს პერიოდიდან (გოგურიო, ბეკჯე, სილას სამეფოები კორეის ტერიტორიაზე) დოკდო უსანგუგის (სილას სამეფოს) დაქვემდებარებაში ყოფნას ადასტურებს. („დონგგუკმუნჰონბიგო“ (“დონგგუკის ლიტერატურული ჩანაწერები“), 1770წ.)

დოკდოს ტერიტორიული უზენაესობის შესახებ იაპონიას 695წელს კითხვით მიმართეს, რაზეც ამ უკანასკნელმა დოკდოს დოთორიბონის (სამეფო რომელიც ინაბა-ჰოკის განაგებდა, ახლანდელი დოთორის პრეფექტურა) სამეფომ მაშინ დოკდოს თავიანთი სამეფოს შემადგენლობაში შესვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა. 1951 წელს სან-ფრანცისკოს მშვიდობის ხელშეკრულების მიხედვით მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ აღიარა კორეის სრული დამოუკიდებლობა და ჯეჯუს, გომუნის და ულინგის კუნძულების ჩათვლით კორეის ტერიტორიაზე თავისი ზეგავლენა უარყო. ამ შემთხვევაში ის, რომ ჩანაწერში კერძოდ დოკდო არ არის ნახსენები არ ნიშნავს იმას, რომ დოკდო კორეის ნაწილი არ არის. დღეს-დღეისობითაც, დოკდოზე კორეელი მოქალაქეები ცხოვრებენ და ამას გარდა, ის ფაქტი, რომ კუნძული იაპონიაზე უფრო მეტად კორეასთან ახლოს მდებარეობს მისი კორეის ტერიტორიაში შესვლის დამატებით არგუმენტად მოაზრება.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკეშიმა (იაპონელები დოკდოს დაკეშიმას სახელით მოიხსენიებენ, რაც იაპონურად „ბამბუკის კუნძულს“ ნიშნავს) კორეის ტერიტორია არ არის და თავისი არგუმენტები წამოაყენა. ისინი დაუსაბუთებლად აცხადებენ, რომ, რადგანაც დოკდო 1952 წლის სან-ფრანცისკოს მშვიდობის ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები, სამხრეთ კორეამ აღნიშნული ტერიტორია უკანონოდ მიისაკუთრა.

იაპონია მიიჩნევს, რომ 1905 წელს სიმანეს სამეფომ დაკეშიმა თავის ტერიტორიად ჩათვალა და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში ის იაპონიას ეკუთვნის. ის ასევე აცხადებს, რომ ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის მეშვეობით მასზე გავლენის დამტკიცება არგუმენტად ვერ მიიღება. თუმცა იაპონიის ყველა არგუმენტი დაუსაბუთებელი თავის მართლებისგან არაფრით განსხვავდება. როგორც მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში იაპონელი ჯარისკაცების მიერ კორეელი ქალების სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მათ დაზარალებულებს არ სთხოვეს პატიება გულწრფელად, ასევე, როგორც ჩანს, ამ პრობლემასთან მიმართებითაც, წარსულში საკუთარი დანაშაულის აღიარება იაპონიას მეტად უძნელდება.

როგორც დავინახეთ, კორეისა და იაპონიის ურთიერთობა სხვადასხვა მხრივ განიცდის სირთულეს. იმისთვის, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია კორეასა და იაპონიას შორის, საჭიროა ორივე ქვეყანამ მოილაპარაკოს თუ როგორ შეძლებენ დოკდოს პრობლემის გადაწყვეტას, სამომავლოდ უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან კომპრომისზე წასვლა. (დათმობა) ამჟამად დოკდო კორეის რესპუბლიკის ტერიტორიად არის აღიარებული და ოფიციალურად მიეკუთვნება კორეას.

ის კორეელებისთვის მეტად ძვირფასია და საკუთარი ტერიტორიის დაცვის დიდი სურვილი და სულისკვეთება აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ორმა ქვეყანამ გაითვალისწინოს ერთმანეთის აზრი. ის, თუ როგორ უყურებს თითოეული დოკდოს საკითხს და გაიმართოს ეფექტური კომუნიკაცია მათ შორის. საჭიროა იაპონიამ აღიაროს წარსულის ფაქტები და სიმართლე, გაანალიზოს ყველაფერი და ოფიციალურად სთხოვოს გულწრფელი პატიება კორეის რესპუბლიკას.

დოკდომ საკუთარი მომხიბვლელობით კორეა და საქართველო გააერთიანა. 2012 წლიდან დოკდოს ფონდი (ორგანიზაცია) და კორეის ასოციაცია საქართველოში ატარებს ყოველწლიურ კორეულ კინოფესტივალს სახელით „ულამაზესი კორეა“. ღონისძიებაზე დამსწრეებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ დოკდოს ისტორიას და ასევე გამოსცადონ კორეასა და ამ ქვეყნის კულტურასთან დაკავშირებული უამრავი აქტივობა.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურება კორეული კულტურის გაცნობას და მასში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა განხრით არის შესაძლებელი, როგორიცაა კორეული პოპ მუსიკის (K-POP) სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენა, კიმბაბის (კორეული ტრადიციული კერძი) მომზადება, კორეული კალიგრაფია და მრავალი სხვა. ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ დოკდოს პოსტერთან სურათის გადაღება და ამობეჭდილი სახით მიღებაც.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მყოფი კორეის კულტურით დაინტერესებული პირები ერთ ადგილას იკრიბებიან და დროის ხალისიანად გატარებასთან ერთად გამორჩეულ მონაწილეებს განსაკუთრებული პრიზების მიღების შანსი ეძლევათ. კოვიდ ვირუსის სიტუაციის გათვალისწინებით, 2020 წელს აღნიშნული ღონისძიება ონლაინ რეჟიმში განხორციელდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები და მონაწილეები პირადად ვერ ჩაერთნენ კონტაქტურ აქტივობებში, მათ მაინც მოახერხეს დროის საინტერესოდ და პროდუქტიულად გატარება. მომავალშიც კორეის მიმართ ქართველი აუდიტორიის ინტერესის მეტად გაღვივებაა მოსალოდნელი და „ულამაზესი კორეის” მსგავსად მრავალი სხვა აქტივობის მოწყობით შესაძლებელი გახდება ამ ორ სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ამჟამად კორეაში მე, როგორც კორეის სახელმწიფო დაფინანსებით ჩამოსული სტუდენტს, შანსი მომეცა მონაწილეობა მიმეღო „2021 წლის დოკდოს მსოფლიო რეპორტიორის“ პროგრამაში. 2012 წლიდან ყოველთვის ვესწრებოდი საქართველოში გამართულ „ულამაზესი კორეის“ ფესტივალს და ახლა უკვე კორეაში დოკდოს შესახებ ჩატარებული პროგრამის შესახებ დიდი ინტერესი გამიჩნდა. ქართველ ხალხს დოკდოს შესახებ ღონისძიების ფარგლებში სმენიათ, თუმცა კერძოდ ამ პრობლემის შესახებ არც თუ ისე ბევრმა იცის. ხოლო კორეაში საუნივერსიტეტო პროგრამის მეშვეობით კორეისა და იაპონიის ურთიერთობისა და დოკდოს საკითხის შესახებ დაწვრილებითი ცოდნა მივიღეთ და პირადადაც ვესტუმრეთ დოკდოს, რაც ვფიქრობ, შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა. პირველი ნაწილი მოიცავდა ონლაინ შეხვედრას (Workshop), ხოლო მეორე-დოკდოს კუნძულზე პირადად მოგზაურობასა და დათვალიერებას. ასევე გაიმართა სტატიის წერის აქტივობა, რომელშიც თითოეული ჯგუფის მენტორებისგან მიღებული მითითებების დახმარებით ნამუშევრის წერის მეთოდებისა და მნიშვნელობის შესახებ ბევრი რამ შევისწავლეთ. პროგრამის ფარგლებში კორეის თვალით დანახული დოკდოს საკითხის, ისტორიული რეალობის, მსოფლიო რეპორტიორთა როლისა და ასევე სტატიის კეთილგონივრული მეთოდების შესახებ მოვისმინეთ ლექციები და გარდა ამისა, აღნიშნული საკითხები განვიხილეთ ცალ-ცალკე ჯგუფებში. ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამორჩეული სტატიის ავტორებს მრავალი დამატებითი პრიზი გადასცეს. პროგრამამ დღეს-დღეისობით, კოვიდ ვირუსის ამ არასახარბიელო პერიოდშიც კი უცხოელი სტუდენტებს კორეის კულტურის ღრმად შესწავლის და გამოცდილების მიღების შანსი მისცა. იმის გამო, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, დოკდოს პრობლემის მნიშვნელობის მიზეზი საკმაოდ ნათლად დავინახე და შევძელი მისი შეფასება-გაზიარება.

ამგვარად, პატარა მაგრამ უმშვენიერესი და მეტად ძვირფასი დოკდო უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს. ეს კუნძული ისევე, როგორც აკავშირებს კორეასა და საქართველოს, ისე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის შემაერთებელი შუამავალი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დოკდოსთან დაკავშირებული პრობლემით კორეისა და იაპონიის ურთიერთობა გართულდა, ამ საკითხს სხვა მხრიდან რომ მივუდგეთ, ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით მისი გადაჭრა მოხერხდება და ამ შემთხვევაშიც დოკდოს, როგორც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურის, დიდი როლის გამოყოფა შეგვიძლია. დოკდო კორეის რესპუბლიკისა და მისგან შორს მდებარე საქართველოს შემაერთებელი ხიდი აღმოჩნდა. ალბათ, ამ სტატიის მკითხველი საქართველოში ჩატარებული ფესტივალის სახელის მნიშვნელობას უფრო უკეთ მიხვდება. ეს ყველაფერი არ არის. ბოლო დროს, კოვიდ ვირუსის პერიოდისდა მიუხედავად, დოკდომ კორეაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტები ერთ ადგილას შეგვკრიბა და გაგვაერთიანა.

ეს ფენომენი რომ კიდევ განვაზოგადოთ, ფართო აზრით, დოკდოს შეიძლება „მსოფლიოს გამაერთიანებელი ხიდი“ ვუწოდოთ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინდა, მკითხველმა ღრმად გაიაზროს, თუ რას წარმოადგენს დოკდო და მას სხვა თვალით შეხედოს. რომ ის მხოლოდ აღმოსავლეთის ზღვაში მდებარე კლდოვანი კუნძული კი არა, ზომით პატარა, მაგრამ მარგალიტივით ძვირფასი, „მსოფლიოს დამაკავშირებელი ხიდია“, რომ კორეის რესპუბლიკის უმშვენიერეს კუნძულს ამდენად დიდი მნიშვნელობა და როლი აკისრია.

თქვენი კომენტარი?