ბოლო ამბები
ივნისი 19, 2024

ევროპელ ლიდერებს ვუთხარი,რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი

ივნ1,2023
გაზიარება

ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა, ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, მე ასე ვიტყოდი, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. ბუნებრივია, თქვენ გესმით ძალიან კარგად, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ არ იცის, როდის დასრულდება.

ეს არის მთავარი გამოწვევა. უკრაინის გარშემო და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომლებიც შექმნა ამ ომმა და რომელიც არის გადამდები, ასე ვთქვათ, მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის.

ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად არის უფრო საყურადღებო.

მე ასევე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა გაუკეთა ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა. აქაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები.

მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე.

მე კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება აი ამ ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას. ასევე მე მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ არავის არ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ.

ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ეს არის პრობლემა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში. ასევე მე მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ეტაპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და არჩევანი შემდეგ უკვე, ბოლო სიტყვა, სათქმელი იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი.

ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა.

ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან. მე ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი ეს იყო მთავარი საუბრები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა