განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა.

„მოსახლეობას, შეიძლება, აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგრამ რადგან მკითხეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით.

ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა ამას რა შეიძლება უწოდო.

ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის. ამის მაგალითები უამრავია, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში.

ვფიქრობ, მან პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთა ცუდი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდი დაგვაზიანა, გუნდს უღალატა და სახელმწიფოს უღალატა, როცა კანონის აღსრულებაზე უარი თქვა და გადაეფარა ნიკა მელიას – ამ მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგი ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში. ვინ უნდა იყოს გახარია, შესაბამისად, ჩემთვის გახარია დამთავრებულია.

მით უმეტეს, იცის რა, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კახა კალაძე იმარჯვებს, კახას ალტერნატივა არ ჰყავს, მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ვინ უნდა იყოს გახარია ჩემთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?