განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ყაზახეთში მუსიკალურ კონკურს “ვოისზე” საქართველოს სახელით მომღერალი თათია კობალაძე მონაწილეობს. ე.წ ბრმა კასტინგი უკვე ჩატარდა, სადაც მან შეასრულა ქართული სიმღერა სულიკოს და ცნობილი ამერიკული ჰიტის “Hallelujah”-ს სინთეზური ვერსია და ჟიურის სამი წევრი მოაბრუნა.

დეტალებზე Multimedia.ge-ს მომღერლის პროდიუსერი ნინო შალამბერიძე ესაუბრა.

“2021 წლის ივნისში ყაზახეთიდან დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, ამ პროექტის ხელმძღვანელი დინარა ადამსი და მითხრა, რომ სურდა საქართველოდან ყოფილიყო კონკურსანტი, რომელიც საქართველოს სახელით მიიღებდა მონაწილეობას. ძალიან ბევრი პოტენციური მონაწილის მონაცემები გავუგზავნე და საბოლოოდ სწორედ თათია შეირჩა ამ კონკურსისთვის.

ბრმა კასტინგზე მას სამი მენტორი შემოუტრიალდა, ესენი არიან ყაზახეთის დამსახურებული არტისტები. მინდა აღვნიშნო, რომ ჟიურის ერთ-ერთი მონაწილე ატირდა მის სიმღერაზე, ეს იყო “სულიკო”, რომლის შესავალიც შეასრულა და მისი მხრიდან ეს იყო ხაზგასმა და ინდეტიფიცირება საქართველოსთან.

როგორც უკვე გითხარით მას სამი მენტორი შემოუტრიალდა და ეს იყო პირველი ნაბიჯი გამარჯვებისკენ.

ახლა ვართ ყაზახეთში, გვაქვს შემდეგი ტურები. მომდევნო ეტაპი იმართება 21 სექტემბერს, სადაც თათია ყაზახ გოგონასთან ერთად იმღერებს, ეს იქნება ძველი, ყაზახური სიმღერა, ისევე როგორც საქართველოსთვის “სულიკო” .

რეპეტიცებზე რომ ვუსმენ, ისე კარგად ასრულებს თათია ამ ყაზახურ სიმღერას, შეიძლება ითქვას სულისშემძვრელად, რომ აქაურებსაც ძალიან უკვირთ, რადგან ზოგადად ყაზახური რთული ენაა, თუმცა მან ეს ძალიან კარგად აითვისა.

რაც ეხება თათია კობალაძეს: არაჩვეულებრივი მომღერალი, რომელიც წარმოშობით აჭარიდან გახლავთ, კერძოდ ბათუმიდან. მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ კონკურსში, მათ შორის ქართულ “X ფაქტორში” , თუმცა, სამწუხაროდ ქართველები, ქართულ ნიჭს შერჩევითობით აფასებენ. თათია ასევე არის უკრაინული “X ფაქტორი”-ს და თურქული “ვოისი”-ს ფინალისტი.

მღერის ბავშვობიდან და დგას სცენაზე, შემიძლია ვთქვა, რომ ის არის შემდგარი და კარგი მომღერალი, რომელსაც საზოგადოება დადებითად აფასებს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ თათიას უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ყაზახეთში, მისმა ნამღერმა უკვე ბევრი ადამიანის გული დაიპყრო.

საქართველოდან მხარი დაგვიჭირა ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრმა და კულტურის სამინისტრომ, რისთვისაც მადლობას ვუხდით,  ასევე, დიდი მადლობა სამშენებლო კომპანია “ელტ ბილდინგი”-ს ხელმძღვანელ ელგუჯა თურმანიძეს, რომელმაც ჩვენი გამგზავრების და ცხოვრების ხარჯები სრულად გაიღო და გვითხრა, რომ ყველანაირად დაგვიდგება გვერდში.

ვიბრძვით გამარჯვებისთვის, ეს არის ჩვენი მიზანი და იმედი გვაქვს ამ გამარჯვების”– ამბობს ნინო შალამბერიძე ჩვენთამ საუბრისას.

Multimedia.ge-ს ასევე ესაუბრა თათია კობალაძე, რომელიც ამბობს:

“ნამდვილად ვიბრძვით გამარჯვებისთვის, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო შალამბერიძეს. წლების წინ, როდესაც ყაზახეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა ბათუმელი ბიჭი, მაშინ დავუკავშირდი მას და ვთხოვე, რომ თუ რამე კონკურსი გამოჩნდებოდა ჩემთვისაც ეცნობებინა და დამხმარებოდა და ნინო როგორც ყოველთვის, მზად არის, რომ უანგაროდ დაეხმაროს ადამიანებს, მართლა ყველაზე მაგარი ადამიანია. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დედასავით მყავს გვერდით.

ფოტოზე: ნინო შალამბერიძე და თათია კობალაძე

ასევე, მეც მსურს მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია “ელტ-ბილდინგს”, რომლის ხელმძღვანელსაც წარბიც კი არ შეუხრია, ისე დაგვიდგა მხარში. ასევე, დიდი მადლობა ბათუმის კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრს. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ.”- ამბობს თათია კობალაძე Multimedia.ge-სთან საუბარში.

 იხილეთ თათია კობალაძის გამოსვლა ყაზახურ “ვოისში”. ე.წ ბრმა კასტინგზე.

თქვენი კომენტარი?