MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მე ვიცი, რომ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან ეს ქვეყნისთვის ცუდია”– განაცხადა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულა”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ მას ისიც ჰკითხა, თუ რატომ არ შეიწყალა მან მიხეილ სააკაშვილი, როდესაც პრეზიდენტი იყო, რაზეც მარგველაშვილმა უპასუხა:

“სააკაშვილთან მიმართებაში, მე მიმაჩნდა, რომ ის უნდა ყოფილიყო საქართველოში და პასუხი გაეცა ქართული საზოგადოების წინაშე. მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც კი არ უნდა შეიწყალო, არამედ გასცეს პასუხი, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს.

აქ კონტექსტსაც გააჩნია, თავიდან, არც კი მომივიდოდა აზრად ასეთი მომენტი, რომ არ გვაქვს მორალური უფლება კითხვები დავუსვათ სააკაშვილს, რადგან თავიდან, ბევრად უფრო თავდაჯერებულები ვიყავით იმ პოლიტიკური გუნდის წევრები,  რომლებმაც სააკაშვილს მოვუგეთ, მაგრამ, ნელნელა, ეს განცდა გაჩნდა, მითუმეტეს ამათ (იგულისხმება “ქართული ოცნება”)  იმ გუნდს, როცა იქ უკვე აღარავის არ ვიცნობდი, ყველა ის ადამიანი, რომლებიც 2012-ში ვიდექით, აღარავინ არ იყო  და ის განცდა, რომ ამათ არ აქვთ სააკაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება, ეს განცდა გამიჩნდა.

მე მაინც მიმაჩნია, რომ ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტობა, რომ შენ, უბრალოდ, ასე, თავზე ხელი არ უნდა გადაგისვან და არ უნდა შეგიწყალონ. შენ უნდა გქონდეს ძალა, რომ შენი ერის წინაშე იმართლო თავი და მიხეილ სააკაშვილს, ეს ძალა უკვე ეზრდება ყოველდღიურად”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გადაცემის კიდევ ერთმა წამყვანმა, ვახო სანაიამ კი ჰკითხა, ახლა თუ შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, რაზეც მან უპასუხა:

“რთული სათქმელია, მე ვიცი, რომ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან ეს ქვეყნისთვის ცუდია. სააკაშვილის ავტორიტეტი და მისდამი თანაგრძნობა, მხოლოდ გაიზრდება”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თქვენი კომენტარი?