MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სახალხო დამცველი როდესაც შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი, ვინაიდან, ვიცოდით რა, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას და იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ, პირდაპირ იყო ასოცირებული, აფილირებული ოპოზიციასთან, სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი შერჩევაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც ქალბატონი ლომჯარია აირჩიეს ომბუდსმენად, მე არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ვიცი, გუნდის წევრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა.

ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს.

ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას.

მე მინდა გავმიჯნო და საჯაროდ ვთქვა, რომ ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორობა, ურთიერთობა, ოფიციალურ სტრუქტურებთან, თქვენ ახსენეთ სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, სამდივნო, უამრავი სხვა ორგანიზაცია, რომელიც, რეალურად, სახელმწიფოს წარმოადგენს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროპის სტრუქტურები, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურები, ევროკომისია და ა.შ. თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, როდესაც საუბარი გვაქვს, საგარეო ფრონტიდან მიკერძოებულ განცხადებებზე.

ჩვენ, ბუნებრივია, ყურადღებით ვისმენთ და ვკითხულობთ, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ოფიციალური სტრუქტურების განცხადებებს და მათ გზავნილებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მარტივად ვანსხვავებთ, ასევ ვთქვათ – „მეგობართა კლუბს“, მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?