MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის წერილი სოციალურ ქსელში:

“რას უნდა ვეწიოთ ჩვენ, ქართველები უპირველეს ყოვლისა და რა შეიძლება გადავდოთ სახვალიოდ? მე, მაგალითად, ასე ვხედავ ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების თანმიმდევრობას:

1. ხუთ-ნახევარ მილიონამდე როგორღაც მივაღწიეთ ამ ოცდათიოდე წლის წინ და ახლა სამ-ნახევარიღა დავრჩით მიზეზთა გამო. გაისმა მუქარა, რომ ექვსი-შვიდი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ ორ-ნახევარი დავრჩებით, და მერე რა იქნება, ღმერთმა იცის. რა ვქნათ, დავნებდეთ, თუ ვიღონოთ რამე? ვერ ვამბობ, გავმრავლდეთ-მეთქი – ჟღერადობა და ფასი დაკარგა ამ მოწოდებამ. გაჩენილს გაზრდა უნდაო, მეუბნებიან და ვიწყვეტ ენას. ამასობაში, ქართველებო, მოვა სხვა და აყვავდება ამ სასწაულ მიწაზე. გაიხედ-გამოიხედე – მოსულან უკვე! აბა, ცარიელი კი არ დარჩება აქაურობა. გვკიდია? გვეკიდოს!

2. ქართულ ენასა და კულტურას ზოგადსაკაცობრიო ფასი თუ აქვს, გამოდის, დასანანი ყოფილა მისავიწყებლად და გასაქრობად. შეკითხვა: ფული რაზე უნდა ვხარჯოთ უფრო მეტად – ამ ეროვნული განძის შენარჩუნებასა და სახელის მოხვეჭაზე, თუ იმაზე, რაზეც ახლა ვხარჯავთ? რომელს მივაწვეთ უფრო?
3. სწორია თუ არა, რომ ქართველებს პოლიტიკა უფრო გვიტაცებს, ვიდრე ბიზნეს-საქმიანობა? ეკონომიკა ბაზისია და გვარჩენს, პოლიტიკა – ზედნაშენი და უნდა ვარჩინოთ. ანუ ბიზნესს ფული მოაქვს და პოლიტიკას მიაქვს. რომლის კეთება უნდა გვიხაროდეს უფრო მეტად? რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

4. კეთილდღეობის სიმძლავრეები ადგილზე ვეძიოთ თუ გარე-გარე? ჩვენს საკუთარ მიწას, წყალს და ჰაერს გამოვადინოთ კარგი ცხოვრება თუ სხვის ნაბოძებზე გვქონდეს თვალი დაპრაწული? მე, პირადად, ადგილზე ხვნა-თესვა მირჩევნია და საკუთარი ნიჭის, დროისა და ენერგიის ხარჯზე კუდის მოქნევა.

5. ქართველის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელია თავის გამოჩენა, ცნობადობის მიღწევა და წარჩინების გასაჯაროება. სწორედ ამაზეა მიბმული ბედნიერების შეგრძნება ჩვენში. ჰოდა, რას უნდა მივცეთ მეტი გასაქანი – პირად ბედნიერებას როგორც ასეთს, თუ პირადი ბედნიერების სხვათა მიერ აღიარებას?

6. შუამდინარეთის კულტურის მსგავსად რომ გვიცნობდნენ და აფასებდნენ მსოფლიოში იმას, რაც ქართულია, უფრო მეტად გაგვიფრთხილდებოდა კაცობრიობა. აღარ გვატკენდნენ არაფერს. დავენანებოდით და იმიტომ. ჰოდა, რანაირად მოვდოთ ჩვენი ამბავი დუნიას? სურვილის და მონდომების გარდა, ფული სჭირდება ამ საქმეს. საიდან მოვიტანოთ? არ მოიტან და იქნები ისე, როგორც ხარ! ყოველთვის მოგვწამლავენ შეკითხვით – ეგ რომელი ჯორჯიაა, ამერიკაში რომაა?
სანამდე შეიძლება ამის თმენა? სანამ პრიორიტეტებს არ დავაწყობთ და დავალაგებთ სიგრძის, განისა და სიმაღლის მიხედვით, სულ ასე ვიქნებით მოფარებულში, უშნოდ გაყურსული და არაიდენტიფიცირებული. ასეა და, რა ვქნა! ხომ არ გვეკამათა თემაზე?”– წერს ნუგზარ რუხაძე.

თქვენი კომენტარი?