MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

“ამ დღეებში 98 წელი გავიდა ცნობილი „ლუდის პუტჩიდან“. 1923 წლის ნოემბერში ნაცისტებმა პირველად სცადეს გადატრიალების მოწყობა გერმანიაში. იმ დროს მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება: პუტჩი ჩავარდა და პარტიის ლიდერები სასამართლო დარბაზში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ ეპიზოდმა გამოავლინა, რომ ნაცისტებს ძალიან ბევრი ჩუმი მხარდამჭერი ჰყავდათ გერმანულ ელიტებში.

ამის გამო სასამართლო პროცესზე რეალურად ჰიტლერი იყო ბრალმდებელი, ხოლო ისინი, ვისაც იგი უნდა გაესამართლებინა, თავდახრილი უსმენდნენ მის პოლიტიკურ დემაგოგიას. ეს შებრუნებული სასამართლო საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა აისახა ვერდიქტშიც და დანაშაულისთვის, რომელიც კანონის მიხედვით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, მას მხოლოდ 5 წელი მიუსაჯეს. სხვათა შორის, ფაქტობრივად ჰიტლერს ეს სასჯელიც არ მოუხდია: 9 თვის შემდეგ მან საპატიმრო დატოვა, კვლავ ჩაუდგა სათავეში პარტიას და რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის სათავეშიც მოექცა.

რაც ამის შემდეგ მოხდა ყველამ კარგად ვიცით, თუმცა პასუხისმგებლობა იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც ნაცისტებმა მსოფლიოს და საკუთარ ხალხს მოუწყვეს მათაც ეკისრებათ, ვინც ნაცისტების მიმართ „ჰუმანურობას“ (სინამდვილეში – მათთვის ძალაუფლების გადაცემას) ითხოვდა და ფარისევლურად ქვითინებდა, როცა ჰიტლერი ომში მიღებულ ჭრილობებს აჩვენებდა სასამართლო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას. რატომ გამახსენდა ახლა ეს ისტორია არ ვიცი… მაგრამ თქვენ ხომ იცით?”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზვიად ავალიანი.

თქვენი კომენტარი?