შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ბატონო პრეზიდენტო,
უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.
მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ქ. ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.
ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
“მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება.
თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ.
უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია.
არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს