ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც რაღაცას უბრძანებენ და თავდახრილები შეასრულებენ ამ ბრძანებას. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 21 სექტემბერს, ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას, როდესაც საუბრობდა კანდიდატის სტატუსის მონიჭების შანსებზე.
კახა კალაძის პროგნოზით, სტატუსის მონიჭება 50/50-ზეა.
“არ ვიცი, 50/50-ზე ვუყურებ სტატუსს, შეიძლება მოგვცენ, შეიძლება არ მოგვცენ, თუმცა, მაქსიმალურად გამოიყენებენ ამ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ყველაფრის აკუმულირება ხელისუფლების წინააღმდეგ მოახდინონ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ხელისუფლება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ, თავდახრილები შეასრულებენ ბრძანებას.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ინტერესს და აქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ვართ დამოუკიდებლები, ვიბრძვით თავისუფლებისთვის დღესაც, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, რომ შენ თუ იმას არ გააკეთებ – მე დაგსჯი, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ, მეგობრობაც კარგად ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც, არ გვეშლება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდი, გვახსოვს ბატონები – არ გვინდა! გვინდა თავისუფლება”- განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს