ბოლო ამბები
აპრილი 17, 2024

თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა – ვახტანგ გომელაური შოვის სტიქიაზე

სექ22,2023
გაზიარება

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ საკითხს, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები.

აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა.

შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15 საათსა და 10 წუთზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში – 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე.

შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ.

მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე.

ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი  გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16 საათსა და 05 წუთზე მივიდნენ, შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა“,  – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სხვა ამბების წაკითხვა