სიმართლეა ისიც, რომ თითოეული ჩვენგანის წვლილიც არის ყველა ამ ტრაგედიაში – ანა ნოდია

395
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE
ჟურნალისტ ანა ნოდიას პოსტი სოციალურ ქსელში. 

“ტრაგედიის დროს ყველა ჩვენგანს შეგვიძლია რაიმე ჭეშმარიტი ვთქვათ – რომ ამ ქალაქში სიკვდილი დადის, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ არავის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, რომ პროფესიონალიზმის დეფიციტია, რომ ციდან აგურები ცვივა და რომ სხვის უბედურებაზე ვიღაცები კეთილდღეობას იწყობენ.

ეს ყველაფერი სიმართლეა.

და სიმართლეა ისიც, რომ თითოეული ჩვენგანის წვლილიც არის ყველა ამ ტრაგედიაში – არ ვისწავლით და თანამდებობა მოგვინდება, რადგან ბიძაშვილის ნათლია გახდება მინისტრი, სამსახურში ავიყვანთ თანამშრომელს და ყველაზე დაბალ ხელფასზე დათანხმებას ვეცდებით, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის სანაცვლოდ! გამონაბოლქვს და საცობს გავაკრიტიკებთ ამ ქალაქში და ორ-ორ მანქანას დავიყენებთ სახლში, 5 ლარიან მაისურს 100 ლარად გავყიდით და ფასდაკლებაზე 150 ლარად გადავაკეთებთ, რომ ისევ 100 ლარად გავყიდოთ, მუშას დავიქირავებთ და იაფად გავაკეთებინებთ საქმეს, ნაცნობს დავასაქმებთ და სხვას სამსახურიდან გავუშვებთ, ზებრაზე ისე გადავალთ, არ შევხედავთ, შუქნიშანი დგას თუ არა, რადგან გაგვიგია რომ ზებრა ქვეითისაა.

რიგში ისე ვდგებით, ვცდილობთ ერთ ადამიანს მაინც გავუსწროთ, საცობში აუცილებლად ვასიგნალებთ, მანქანას არასაპარკინგე ტერიტორიაზე ვაყენებთ, რომ 50 მეტრით მეტის გავლა არ მოგვიწიოს ფეხით, სიგარეტის ნამწვს ქუჩაში მოვისვრით, აბა დამლაგებლები რისთვის არსებობენ-საქმეს გავუჩენთ, ცოტა ნასვამებიც დავსხდებით საჭესთან, ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაშიც გავაკეთებთ საქმეს, “უფრო უკეთ გამოგვდის”.

დღეს გასაკეთებელ საქმეს ხვალისთვის გადავდებთ, რადგან ხვალაც მოესწრება… არსად გვეჩქარება, მაგრამ მანქანა გვყავს და ჩქარაც უნდა ვიაროთ… ქუჩაში მოხუც მათხოვარს ისე ჩავუვლით, მართლა ვერ შევამჩნევთ, სამაგიეროდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამბავზე, ეროვნულ ტრაგედიას შევქმნით, საჯაროდ დავგმობთ და გავაკრიტიკებთ იმას, რაც გუშინ თავად გავაკეთეთ და ასეთი ასობით, ათასობით დეტალი, თითქოს კრიმინალს არ ჩავდივართ, მაგრამ ასეა, ყველაფერი ეს დეტალებია, რომელიც მთლიანობაში ქმნის სახელმწიფოს.”– წერს ანა ნოდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE